კრიტიკულ მედიცინაში მძიმე მეტაბოლური აციდემია ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ის ხშირად აჩქარებს მულტიორგანული უკმარისობის პროგრესირებას. სისხლის მჟავიანობის მკვეთრი მატება აქვეითებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ვაზოპრესორებისადმი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები) რეზისტენტობას და ამწვავებს თირკმლის დისფუნქციას. ეს კი თავის მხრივ ქმნის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (KRT) საჭიროებას. ამ კლინიკურ კონტექსტში, ნატრიუმის ბიკარბონატის, როგორც ბუფერული თერაპიის, როლი ათწლეულების განმავლობაში ინტენსიური დავის საგანს წარმოადგენდა – იყო ეს მხოლოდ დროებითი კორექცია თუ რეალური კლინიკური სარგებლის მომტანი ინტერვენცია.
ამ გაურკვევლობის ფონზე, ჩატარდა მასშტაბური, მულტიცენტრული რანდომიზებული კვლევა, BICAR-ICU-2, რომელშიც მონაწილეობდა 640 პაციენტი მძიმე მეტაბოლური აციდემიით (pH≈7.15) და თირკმლის მწვავე უკმარისობით (AKI, KDIGO 2-3 სტადია). მეცნიერებს სურდათ დაედგინათ, რამდენად შეძლებდა ინტრავენური 4.2%-იანი ნატრიუმის ბიკარბონატი 90-დღიანი გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებას და დიალიზის საჭიროების შემცირებას სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით.
გასათვალისწინებელია, რომ მძიმე აციდემია ხშირად ხდება დიალიზის ნაადრევად დაწყების მიზეზი, რადგან რეანიმატოლოგთა შორის ის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (KRT) მეორე ყველაზე გავრცელებულ ინდიკატორად მიიჩნევა სითხით გადატვირთვის შემდეგ. აქამდე არსებული საერთაშორისო გაიდლაინები, ბიკარბონატის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილ და სუსტ მითითებებს იძლეოდა, რაც მყარი სამეცნიერო მტკიცებულებების დეფიციტით იყო განპირობებული.
კვლევა საფრანგეთის 43 რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა კრიტიკულად მძიმე, მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა მიიღეს. სუბიექტების უმრავლესობას სეპტიური შოკი აღენიშნებოდა, რაც საჭიროებდა როგორც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას, ისე ვაზოპრესორულ მხარდაჭერას ჰემოდინამიკის შესანარჩუნებლად.
კვლევის პირველადმა გამოსავალმა (90-დღიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური გამოასავალი) აჩვენა, რომ ნატრიუმის ბიკარბონატის გამოყენება პაციენტთა გადარჩენის თვალსაზრისით საკმაოდ “ნეიტრალურია”, რადგან ჯგუფებს შორის სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობა არ დაფიქსირდა (62.1% ბიკარბონატის ჯგუფში vs 61.7% საკონტროლოში).
ამის საპირისპიროდ, თერაპიულმა ინტერვენციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა KRT-ის საჭიროების სიხშირეზე: ბიკარბონატის ინფუზიამ დიალიზის აუცილებლობა 50%-დან 35%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია დროითი ფაქტორიც, რადგან ბიკარბონატის ჯგუფში კლინიცისტებმა KRT-ის დაწყება თითქმის ორჯერ გაახანგრძლივეს – საშუალოდ 31 საათით, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16 საათს შეადგენდა. მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ ბიკარბონატი ეფექტურ თერაპიულ „ბუფერს“ წარმოადგენს, რომელიც პაციენტს ნაადრევი ინვაზიური ინტერვენციისგან იცავს.
კვლევის შეზღუდვები:
მიუხედავად კვლევის მეთოდოლოგიური სიზუსტისა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც შედეგების ინტერპრეტაციას გარკვეულწილად ზღუდავს. კრიტიკის მთავარი საგანი კვლევის სტატისტიკური სიმძლავრეა, რომელიც სიკვდილიანობის 10%-იან აბსოლუტურ შემცირებაზე იყო გათვლილი; ასეთი მაღალი მაჩვენებელი კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად არარეალისტურია და შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ის, რომ კვლევამ ვერ დააფიქსირა შედარებით მცირე, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ეფექტები.
გარდა ამისა, კვლევის „ღია დიზაინმა“ (Open label) შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინა კლინიცისტების გადაწყვეტილებაზე თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ინიცირებასთან დაკავშირებით, რადგან მათთვის ცნობილი იყო, თუ რომელი პაციენტი იღებდა ბიკარბონატს. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მიღებული მონაცემები, საჭიროებს ფრთხილ ანალიზს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიალიზის საჭიროების შემცირებას ეხება.
დღეისათვის არსებული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ნატრიუმის ბიკარბონატი მივიჩნიოთ უსაფრთხო თერაპიულ საშუალებად, რომელიც ეფექტურად ამცირებს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (KRT) საჭიროებას აციდოზისა და თირკმლის მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებში.
წყარო: JAMA

