აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) ახალი დირექტორი ჰყავს – სენატმა დოქტორ ერიკა შვარცის კანდიდატურა დაამტკიცა

გააზიარე

აშშ-ის სენატმა 51 ხმით 44-ის წინააღმდეგ დოქტორ ერიკა შვარცის კანდიდატურა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (Centers for Disease Control and Prevention, CDC) დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა. დოქტორი შვარცი შეცვლის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტის (NIH) დირექტორს, დოქტორ ჯეი ბჰატაჩარიას, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან CDC-ის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებდა.

კანდიდატურის განხილვისას სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების (HELP) კომიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაქცინაციის პოლიტიკასა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხებს. მოსმენის ფარგლებში სენატორებმა დოქტორ შვარცს ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა CDC-ის ვებგვერდიდან ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირის შესახებ ინფორმაციის წაშლას.

შვარცმა განაცხადა, რომ იზიარებს არსებულ „მტკიცე სამეცნიერო მტკიცებულებებს“, რომლებიც მიუთითებს, რომ ვაქცინები აუტიზმს არ იწვევს. ამასთან, მან თავი შეიკავა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ნაბიჯებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხების განხილვის შემთხვევაში პროფესიულ დიალოგს გამართავს ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების მდივანთან, რობერტ ფ. კენედი უმცროსთან.

დოქტორ შვარცის კანდიდატურის განხილვისას ერთ-ერთ ძირითად საკითხად CDC-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა განიხილებოდა. სენატორების ნაწილმა შეშფოთება გამოხატა, შეძლებდა თუ არა სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკისა და რეკომენდაციების შემუშავებას მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებით და პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლად. საკითხის აქტუალობა უკავშირდებოდა CDC-ის ყოფილი დირექტორის, დოქტორ სიუზან მონარესის შემთხვევას, რომელიც 2025 წლის ივლისში, თანამდებობაზე დამტკიცებიდან მალევე, გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება დაკავშირებული იყო ვაქცინაციის პოლიტიკასა და სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან არსებულ უთანხმოებებთან, რამაც CDC-ის მმართველობისა და ინსტიტუციური ავტონომიის შესახებ ფართო პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია.

სენატის HELP კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბილ კესიდიმ, საბოლოო კენჭისყრამდე განაცხადა, რომ დოქტორი შვარცი გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია მეცნიერულ მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. ამასთან, CDC-ის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის, დოქტორ რიჩარდ ბესერის შეფასებით, სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ ხელმძღვანელობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სანდო და დროული ინფორმაციის მიწოდებას ვაქცინაციის, ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ.

დოქტორ შვარცის დანიშვნა ემთხვევა პერიოდს, როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა ერთდროულად წითელასა და ციკლოსპოროზის ეპიდაფეთქებებს ებრძვის. არსებულ კრიზისულ ვითარებაში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სააგენტოს ინსტიტუციური ავტორიტეტისა და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების და ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერების კუთხით. 

წყარო: abcnews.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები