ქართული რადიოლოგიის ევროპული აღიარება: ინტერვიუ პროფესორ გრიგოლ ნემსაძესთან ვენის კონგრესიდან

გააზიარე

ვენა, მედიცინისა და ინოვაციების ეპიცენტრი, წელს კვლავ მასპინძლობს ევროპის რადიოლოგიის კონგრესს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რადიოლოგიური კონფერენცა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 20 000–30 000 სპეციალისტი მონაწილეობს და ათასობით სამეცნიერო ნაშრომი და მიგნებაა წარმოდგენილი. ფორუმი, რომელიც თავისი მასშტაბებითა და შინაარსით უპრეცედენტოა, წელს განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის. კონგრესის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე ვენიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო და ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკების ექიმი-რადიოლოგი, ბატონი გრიგოლ ნემსაძე გვესაუბრება.

კონგრესის მნიშვნელობა და საქართველოს როლი

ინტერვიუს დასაწყისში ბატონმა გრიგოლმა შეაფასა ფორუმის ზოგადი განწყობა და ის სარგებელი, რაც ამ მასშტაბის ღონისძიებას მოაქვს ქართული სამედიცინო სფეროსთვის.

რას ფიქრობთ ამ კონგრესზე, რა მნიშვნელობის მატარებელია იგი და ზოგადად, რისი მომტანია საქართველოსთვის?

ფორუმი ნამდვილად წარმოსადეგი და ინფორმატიულია. დღეს კონგრესის მესამე დღეა და საკმაოდ საინტერესო მოხსენებებს დავესწარით. ნამდვილად ბევრი ახალიც გავიგეთ და უამრავ უახლეს და საინტერესო ტექნოლოგიას გავეცანით, რომელიც როგორც რიგითი რადიოლოგის, ისე პაციენტის ცხოვრებასაც გაამარტივებდა. დღეს საქართველო მოწინავე ქვეყნად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების შეძენა-ათვისების თვალსაზრისით და შესაბამისად, ამგვარი ვორქშოფები და გამოფენები ჩვენი ჯანდაცვის სფეროსთვის ორმაგად საინტერესოა. ტექნოლოგიები, რასაც დღეს ვნახულობთ, აუცილებლად იქნება ხვალ თბილისში წარმოდგენილი. ამიტომ აუცილებელია მათი დროული გაცნობა, დათვალიერება და გამოცდა, რათა გვქონდეს შესაბამისი ცოდნა სამომავლოდ მათთან ურთიერთობისათვის. ამასთანავე, მოგეხსენებათ, უამრავ ჩვენს ქართველ კოლეგას ჰქონდა აქ მოხსენება წარმოდგენილი. ჯერ მხოლოდ ჩვენს გუნდს ჰქონდა 8 პრეზენტაცია გაკეთებული. ჩვენს გარდა, თოდუას კლინიკის მუშაკები არიან მრავლად, „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ არის ასევე უამრავი რადიოლოგი ჩამოსული, რომელთაც თავისთავად თავიანთი მოხსენებები აქვთ წარმოდგენილი და ეს ქართული მხარისთვის ძალიან პოზიტიური ამბავია — გამოცდილების შესაძენად, საინტერესო ქართული ქეისების გასაზიარებლად და  რაც მთავარია, ჩვენი ქართველი კოლეგების მიღწევების უფრო დეტალურად გასაცნობად, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

ტექნოლოგიური გარღვევა: ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურამდე

კონგრესზე წარმოდგენილი იყო ასობით ინოვაცია, თუმცა პროფესიონალის თვალი ყოველთვის გამორჩეულს ეძებს.

 ახალი ტექნოლოგიები ახსენეთ, ბატონო გრიგოლ. თავად სათვალავი ამერია იმდენ უახლეს მიგნებასა და აპარატთან გაცნობის შესაძლებლობა მომეცა და პირადად თქვენ რომელმა დაგამახსოვრათ თავი განსაკუთრებულად?

ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ალბათ ქენონის (Canon) ვერტიკალური ტომოგრაფიაა და ის შეგვიძლია ამ ჭრილში განვიხილოთ. უამრავი ახალია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც ბევრად უფრო აიოლებს და ასწრაფებს რადიოლოგის თუნდაც ძველ აპარატზე ოპერირების პროცესს, მაგრამ ტექნოლოგიურად უახლესი და თვალში საცემი ჩემთვის ალბათ მაინც ეს იყო. თითქოს ორიენტაცია შეიცვალა და ძირეულად ახალ ეტაპზე გადავიდა კვლევის ეს მეთოდი. იყო ჰორიზონტალური, გახდა ვერტიკალური, სხვანაირია თავისი მრავალი დადებითი პლუსით. დრო გვაჩვენებს მაინც და პრაქტიკაში ვნახოთ, რა გამოვა, მე დიდი ინტერესით დავაკვირდები.

ხელოვნური ინტელექტი და რადიოლოგიის მომავალი

გამოცდილ რადიოლოგებთან საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც დღეს მედიცინის განუყოფელი ნაწილი ხდება.

 თქვენ საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბრძანდებით. ხელოვნური ინტელექტის საკითხს როგორ უყურებთ, როგორ ანაცვლებს ის რადიოლოგის საქმეს? ვინაიდან ის პერიოდიც კარგად გახსოვთ, როდესაც AI ფიზიკურად არ არსებობდა.

 დიახ, რა გასაკვირია, ჩემი მოღვაწეობის მანძილზე ალბათ ყველაფერი მაქვს ნანახი. ჩემს დარგში აქტიურად ოპერირების ეტაპი „გიჟური ტომოგრაფიდან“ დაიწყო და დღეს უკვე 640-განაკვეთიანი ტომოგრაფით ვოპერირებთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. იცით, საკმაოდ გვეხმარება, ჯერ ერთი, იმაშია საოცრად გამოსადეგი, რომ გამოსხივების მინიმალური დოზით მაქსიმალურად ზუსტი გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი. რომ ვთქვა, დიაგნოზის დასმაში მას აქვს ინიციატივა აღებული და მასზე დაყრდნობით ვწერთ-თქო, ეს ესე არაა და არც იქნება ჩემი აზრით. უბრალოდ ინფორმაციას უფრო სწრაფად გვამუშავებინებს, უფრო სწრაფად ვიძიებთ, ვიდრე ადრე, ანუ დროს გვიზოგავს ძლიერ. მრავალი ჩვენი კოლეგა ქირურგიის სფეროში ჩვენს სურათებს იყენებს ხოლმე და იქ შეიძლება ჰქონდეს კონსულტაციური როლი უცბად მცირედი წარმოდგენის შესაქმნელად, მაგრამ დიაგნოსტიკაში ვერ არის ისეთი სიზუსტე და, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია ჩვენია თავიდან ბოლომდე.

ახალი ტექნოლოგიების და ცოდნის ათვსების კონტექსტშიც რომ ვახსენო, თუ ჩვენ, რადიოლოგებმა, ვიცით კითხვა სწორად როგორ დავსვათ, პასუხებსაც უფრო მალე და ოპერატიულად მივიღებთ. ჩემთვის კონტრასტი ცალსახაა: ადრე პასუხი გუგლში უნდა გვეძია, ან კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ახალგაზრდობის პერიოდში ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი და იქ წაგეკითხა, სადაც ბევრს ვერაფერს ნახავდი თუნდაც კომპიუტერული ტომოგრაფიის შესახებ. ახლა კი ეს ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს უზარმაზარ სამსახურს უწევს.

ჩაანაცვლებს თქვენი აზრით ხელოვნური ინტელექტი რადიოლოგიურ სფეროს?

 ცალსახად არა. მაშინ ჩვენ აქ ტყუილად გვივლია. გამოდის, რომ ჩვენს ახალგაზრდა თაობას და იმ უამრავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული, ბევრს შრომობს უნივერსიტეტში და შემდგომ რეზიდენტურის პროგრამებში, უნდა ვუთხრათ, რომ ამ შრომას აზრი არ აქვს. ეს ესე არაა. კომპიუტერი ადამიანის ფაქტორს ვერანაირად ვერ მოხსნის, გამორიცხულია. მარტივია ახლა იმის თქმა, რომ არავინ არ იცის მომავალში რა იქნება, მაგრამ ასეთივე წარმატებით შეიძლება იურისპრუდენცია ჩაანაცვლოს და თავად ასამართლოს ადამიანები. თუმცა, შეცდომაზე პასუხისმგებელი პირი თუ არ დატოვე, ისე სფეროს მომავალი არ აქვს, ამ დროს პასუხს აიტი სპეციალისტს და ინჟინერს ხომ ვერ მოსთხოვ. ჯერ ვიტყოდი, რომ კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხანი მოგვეხმარება და შრომას შეგვიმსუბუქებს, უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის და რუტინიდან, შეიძლება, გამოგვიყვანოს. ეგაა და ეგ.

ქართული რადიოლოგია მსოფლიო რუკაზე

ქართული რადიოლოგიისა და ევროპული რადიოლოგიის სფეროები რომ შევადაროთ, სად ვართ ახლა? რეგიონში, მსოფლიოს მასშტაბებით და საერთოდ, გვაქვს თუ არა წინსვლა?

 რეგიონში ვიტყოდი, რომ მოწინავე ადგილზე ვართ. ძალიან წინ ვართ ჩვენს მეზობლებთან შედარებით და ამ სხვაობის დაფარვა არ იქნება მათთვის მარტივი საქმე. ხოლო ევროპას რაც შეეხება, არც აქ გვაქვს ცუდი შედეგები. პირიქით, ასევე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვკავებთ. მარტივად რომ ავხსნა, თუნდაც ამ კონფერენციის მონაცემებიც საკმარისია: ჩვენი დეპარტამენტიდან 8 პრეზენტაცია, დაახლოებით იგივე ოდენობა სხვა კლინიკებისგანაც, ასე რომ, ტოლფასად ვართ. მაშინ, როდესაც გაგზავნილი 12 პრეზენტაციიდან 8-ს ასეთი გავლენიანი და უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია იღებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია. ხალხი გვენდობა და ჩვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები განსაზღვრავს დიაგნოსტიკის სტრატეგიებს. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველომ ევროპულ მედიცინაში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა. ათეულში ნამდვილად ვართ. ქართველები აქ საკმაოდ წონიან და გავლენიან სპეციალისტებად ითვლებიან, ამიტომაცაა, რომ წარმოდგენილი დელეგატების რაოდენობითაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა ვართ.

 

 

ჩემი, როგორც კორესპონდენტის თავლით დანახული ეს კონგრესი რაღაცნაირად სხვანაირი იყო. ძალიან რთულია ათასობით უცნობ სახეში შორიდანვე ვერ შენიშნო ქართველ დელეგატთა ჯგუფი. უფრო განსხვავებულები უფრო ლაღები და თანაც უფრო ორგანიზებულები, ადამიანები რომლებმაც ზუსტად იციან თუ რისთვის არიან ამ მაშტაბის ღონისძიებაზე და ტოლს არავის უდებენ ცოდნის გაზიარებისა და მიღების წყურვილში. ქართველ დელეგატთა პრეზენტაციებს ERC– ეტაპობრივად გამოაქვეყნებს თავის გვერდზე სადაც მათი უფრო დეტალურად გაცნობის შესაძლებლობა გვექნება, მაქამდე კი უბრალოდ ისღა დაგვრჩენია ვიამაყოთ ადამიანებით, რომლებიც თავიანთი ენთუზიაზმისა და მწირი რესურსების ხარჯზე მაინც ახერხებენ ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გაიტანონ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები