ნიდერლანდების ნეირომეცნიერების ინსტიტუტის (Netherlands Institute for Neuroscience, NIN) კვლევამ საბოლოოდ დაადასტურა და დეტალურად აღწერა, როგორ იყენებს ტვინი ენერგიის წყაროდ ლიპიდებს(ცხიმებს). რევოლუციური აღმოჩენა სრულად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ტვინის მეტაბოლიზმზე და გვთავაზობს ახალ ხედვას ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში.
წლების განმავლობაში მედიცინასა და ნეირომეცნიერებაში მყარად იყო დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ადამიანის ტვინის ენერგიის წყარო უპირველესად და თითქმის ექსკლუზიურად გლუკოზაა. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებდა ტვინის „მეტაბოლურ მოქნილობაზე“ – მის უნარზე, გამოიყენოს სხვა ენერგიის წყარო გლუკოზის დეფიციტის ან გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში.
ახალი ხედვა ტვინის მეტაბოლიზმზე
კვლევამ დაადასტურა, რომ ასტროციტები, ტვინის დამხმარე უჯრედები, ინახავენ და შლიან ლიპიდურ წვეთებს (lipid droplets), რომლებიც, ბეტა-ოქსიდაციის გზით, გარდაიქმნებიან ადენოზინტრიფოსფატად (ენერგიის მოლეკულა – ATP) და კეტონურ სხეულებად. მთავარი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ასტროციტები ნეირონებს ენერგიის მიწოდებაში ეხმარებიან, ეფუძნება მათ მჭიდრო მეტაბოლურ და სინაფსურ კავშირს. გლუკოზის შეზღუდვის პირობებში, ასტროციტების მიერ ბეტა-ოქსიდაციის მეშვეობით მიღებული კეტონური სხეულები ნეირონებისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროა. ასტროციტები, ფაქტობრივად, ნეირონებს ენერგეტიკულად ხელმისაწვდომი ნივთიერებებით ამარაგებენ, რაც მათ სიცოცხლისუნარიანობას კრიტიკულ მომენტებში აკონტროლებს. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ტვინი გაცილებით მოქნილია და მისიის ენერგიის წყარო მხოლოდ გლუკოზა არაა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს Dr. Timothy A. Ryan-ის, კვლევის წამყვანი ავტორის , შეფასება: “ტვინის სინაფსებში მიმდინარე ელექტრული აქტივობა კონტროლდება სწორედ ლიპიდური წვეთების (ტრიგლიცერიდების) გამომუშავებით, რაც შემდეგ ნეირონებს აწვდის საჭირო ენერგიას”. ეს ნათლად წარმოაჩენს ცხიმების კრიტიკულ როლს არა მხოლოდ ენერგიის გამომუშავებაში, არამედ ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ აქტიურ პროცესებში.
რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?
ამ უპრეცედენტო აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიცინისა და ჯანდაცვისთვის. ის ცვლის ჩვენს შეხედულებებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობაზე. ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა მსგავსი დაავადებების დროს ხშირად ზიანდება ტვინის უნარი, ეფექტურად გამოიყენოს გლუკოზა. ცხიმის, როგორც ალტერნატიული საკვების, აღმოჩენა ხსნის სრულიად ახალ თერაპიულ გზებს. შესაძლოა, დიეტური ცვლილებები ან კონკრეტული ლიპიდების მიწოდება დაეხმაროს ტვინს ენერგეტიკული დეფიციტის დაძლევაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ დაავადებების მართვასა და პროგრესის შენელებაზე.
ეს კვლევა ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმი – განსაკუთრებით ტვინი – ჯერ კიდევ ბევრ უცნობ საიდუმლოს ინახავს და ამ ცოდნის გამოყენება, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს მედიცინისთვის.
კვლევა დეტალები იხილეთ ბმულის დახმარებით:
Kumar, M., Wu, Y., Knapp, J., Pontius, C. L., Park, D., Witte, R. E., McAllister, R., Gupta, K., Rajagopalan, K. N., De Camilli, P., & Ryan, T. A. (2025). Triglycerides are an important fuel reserve for synapse function in the brain. Nature Metabolism.
Medscape. (2025, July 24). Disproving Dogma: How the Brain Uses Fat as Fuel.
Neuroscience News. (2025, July 24). New Study Disproves Dogma About Brain Metabolism: Brain Uses Fat as Fuel.

