6 დეკემბერს, თოდუას კლინიკის, საქართველოს ონკოლოგიის სკოლის (GSO) და საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველი საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია თემაზე „იშვიათი სიმსივნეები და პერსონალიზებული მედიცინა“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თანამედროვე მიდგომები, სიახლეები ინოვაციურ დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებსა და გენომურ მედიცინაზე, იშვიათი სიმსივნეების მართვისას.
ექსპერტები მოწვეულნი იყვნენ ისეთი წამყვანი ონკოლოგიური ცენტრებიდან, როგორებიცაა: The Christie NHS Foundation Trust (დიდი ბრიტანეთი), The Royal Marsden NHS Foundation Trust (დიდი ბრიტანეთი), Imperial College London (დიდი ბრიტანეთი), Fondazione IRCCS Istituto Nazionale dei Tumori (იტალია), Cambridge University Hospitals NHS Foundation Trust (დიდი ბრიტანეთ), Sorbonne University / Pitié-Salpêtrière Hospital (საფრანგეთი), Queen Mary University of London (დიდი ბრიტანეთი).
კონფერენცია სამი სესიისგან შედგებოდა და მისი მთავარი აქცენტი თანამედროვე კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო. პირველი სესია მელანომის ნაკლებად გავრცელებულ ფორმას, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის მელანომას მიეძღვნა. ასევე განხილული იყო კაპოშის სარკომის მკურნალობის მეთოდები და უჯრედული თერაპიის როლი ონკოლოგიაში. უვეას მელანომის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გენეტიკური და მოლეკულური ბიომარკერების როლს მეტასტაზების რისკის შეფასებაში. აღინიშნა, რომ ამ იშვიათი სიმსივნის დიაგნოსტიკის პროცესში რადიოლოგიური კვლევები ხშირად ვერ ასახავს პაციენტის რეალურ პროგნოზს და საჭიროებს შემდგომ გენეტიკურ ტესტირებას.
შემდგომი გამოსვლა ლოკალურად გავრცელებული კანის მელანომას (Locally advanced cutaneous melanoma) ეხებოდა . ექიმმა ალის ინდინიმ აღნიშნა, რომ ამ ტიპის სიმსივნეს თავის ტვინში მეტასტაზები ხშირად ახასიათებს და ონკოლოგთან მოსული პაციენტების უმეტესობას უკვე მეტასტაზირებული ფორმა აქვს. ეს დაავადების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოვლინებაა და მისი მართვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ლონდონის იმპერიალ კოლეჯიდან მოწვეულმა სპიკერმა კლაუდია ფულგენზიმ, ყურადღება ვირუსულ ინფექციებთან ასოცირებულ სიმსივნეზე — კაპოშის სარკომაზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა, რომ ეს დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს აივ ვირუსისა(HIV) და თანმხლები პერპესვირუსის (HPV8) ინფექციის მქონე პაციენტებში. ამ დაავადების მკურნალობა დღესდღეობით პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მიმდინარეობს იმუნოთერაპიული კვლევები, რომლებიც იმედისმომცემია.
სესიის ფარგლებში ინოვაციურ თერაპიებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო CAR-T უჯრედულმა თერაპიამ. მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონათან ლიმ დეტალურად განმარტა T-უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციის პრინციპი, რომლის მთავარი მიზანიც სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ მათი მიზანმიმართული „პროგრამირებაა“. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი იმუნოთერაპიის სფეროში ახალ სიტყვას წარმოადგენს, კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენება ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით კვლევებს როგორც უსაფრთხოების, ასევე გრძელვადიანი ეფექტიანობის თვალსაზრისით.
„იშვიათი სიმსივნეების თემაზე ასეთი მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა თოდუას კლინიკის ინიციატივით. ჩვენ ვუმასპინძლეთ ექსპერტებს ევროპის წამყვანი ონკოლოგიური ცენტრებიდან… რეზიდენტებმა წარვადგინეთ კლინიკური შემთხვევები რეალურ პაციენტებზე, რასაც მოჰყვა ინტენსიური დისკუსია და პრაქტიკული რეკომენდაციები უცხოელი ექსპერტებისგან. ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა ქართული გუნდის პროფესიულ განვითარებას”— ელენე კეკელია, თოდუას კლინიკის ონკოლოგიის რეზიდენტი.
მეორე სესიაზე განხილული იყო დნმ, რნმ და პეპტიდური ტიპის კიბოს საწინააღმდეგო ინოვაციური ვაქცინები, მათი როლი თანამედროვე მედიცინაში და ამ სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები. პერსონალიზებულ ვაქცინებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ისინი მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევიან, თუმცა მათი შექმნა საჭიროებს 6–8 კვირას და მოითხოვს საკმარისი რაოდენობის დაუზიანებელ სიმსივნურ ქსოვილს. სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ კიბოს ვაქცინების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ანტიგენების შერჩევისა და ალგორითმის ზუსტ მისადაგებაზე. აგრეთვე ისაუბრა ვაქცინის ინტეგრაციაზე კომბინირებულ თერაპიულ რეჟიმებში. დღესდღეობით ყველაზე პერსპექტიულად mRNA ვაქცინას მიიჩნევენ, რომელიც ჯერ კვლავ კვლევების პროცესშია.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ღვიძლზე მიმართული თერაპიების მნიშვნელობაზე. ასევე მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას ბიომარკერების როლზე, თუმცა ამ მიმართულებითაც აუცილებელია კვლევების გაგრძლება. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ დაბალი ხარისხის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეებში იმუნოთერაპია (anti–CTLA-4 და anti–PD-1/11) შედეგს, როგორც წესი, არ იძლევა და ამ მხრივ დამატებითი კვლევებია საჭირო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უცნობი წარმოშობის კიბოს (CUP). წარმოდგენილმა ახალმა კვლევებმა ცხადყო, ლოკალურად სპეციფიკური თერაპია (კიბოს გავრცელების არეალზე) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების პროგნოზს. თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები, როგორიცაა გენის ექსპრესიის დეტალური პროფილირება და თხევადი ბიოფსია, ახალ შესაძლებლობას ქმნის როგორც დიაგნოსტიკის, ისე თერაპიული პასუხისა და სამკურნალო სტრატეგიის შეფასების მიმართულებით.
მესამე სესია დაეთმო ძუძუს კიბოს, გენეტიკურ ტესტებსა და მათ მნიშვნელობას ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში, ასევე თავის ტვინის სიმსივნეების პერსონალიზებული მართვის სტრატეგიებს.
„ ჩემთვის დიდი პატივი იყო ერთ-ერთ ორგანიზატორად ყოფნა, რადგან მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოლოგიის განვითარების პროცესში. საქართველოში აქამდე ძირითადად კონფერენციები ძუძუსა და ფილტვის კიბოს მიმართულებით ტარდებოდა– რაც, ბუნებრივია, აუცილებელია, თუმცა ჩვენ გვსურდა ინოვატორები ვყოფილიყავით და ყურადღება მიგვექცია იმ მიმართულებებისთვის, რომლებიც ნაკლებად შუქდება. კონფერენციის თემა და იდეა თოდუას კლინიკის გენერალურ მენეჯერს, გიორგი დიასამიძეს ეკუთვნის.იშვიათი სიმსივნეები რთული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამო განსაკუთრებით საჭიროებს გამოცდილების გაზიარებას“ — ელენე კეკელია, თოდუას კლინიკის ონკოლოგიის რეზიდენტი.
”არსებობს გავრცელებული მცდარი წარმოდგენა, რომ „იშვიათი“ ნიშნავს „უმნიშვნელოს“. თუმცა, სინამდვილეში იშვიათი სიმსივნეები ჯამურად კიბოს დიაგნოზს შორის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. ეს ხშირად ბიოლოგიურად ყველაზე რთული შემთხვევებია, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით. იშვიათი სიმსივნეები ხასიათდება უნიკალური მოლეკულური მამოძრავებელი ფაქტორებით, რაც მათ დიაგნოსტიკასა და სტანდარტული პროტოკოლებით მკურნალობას ართულებს. სწორედ ამიტომ არის ეს კონფერნეცია ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან წამყვანი ონკოლოგიური ექსპერტების პირდაპირ აქ, თბილისში ჩამოყვანით, ჩვენ არა მხოლოდ ცოდნას ვცვლით, არამედ ეფექტურად ვქმნით ხიდს ქართულ ონკოლოგიასა და დასავლურ სამედიცინო სტანდარტების უმაღლეს დონეს შორის. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კლინიკური პრაქტიკა შეესაბამებოდეს უახლეს ევროპულ პროტოკოლებს. თოდუას კლინიკისთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ონკო პაციენტების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და ასეთი ტიპის კონფერენციები ხელშესახები, სიცოცხლის გადამრჩენელი საშუალებაა ონკოლოგიური მიმართულების პროგრესისთვის . ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ არცერთ ქართველ პაციენტს არ დასჭირდეს საზღვარგარეთ გამგზავრება მსოფლიო დონის, პერსონალიზებულად, ანუ ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებული კიბოს მკურნალობის მისაღებად. ჩვენ ვტოვებთ „ერთი ზომის ყველასთვის“ მედიცინის ეპოქას. ეს ღონისძიება უბრალოდ ლექციის სესიებზე მეტია. ეს ახალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საუბრის დასაწყისი და სტრატეგიული საერთაშორისო ალიანსების ჩამოყალიბებაა. ჩვენ ერთად ვქმნით ჩარჩოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ, გავაფართოვოთ საზღვრები და მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ“ — განაცხადა თოდუას კლინიკის რეზიდენტმა, დავით კვარაცხელიამ, მედსკრიპტუმთან საუბრისას.
კონფერენცია ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა. თოდუას კლინიკის ონკოლოგიის რეზიდენტები წარადგენდნენ კომპლექსურ კლინიკურ შემთხვევებს, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს. მსმენელმა მოისმინა როგორც ქართველი ონკოლოგების, ისე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები თერაპიული მიდგომების შესახებ. ეს ფორმატი წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ინფორმაციის გაცვლისთვის და საინტერესო გამოცდილებას მოწვეული სტუმრებისთვის, რათა შეჰქმნოდათ წარმოდგენა თუ როგორ მსჯელობენ ქართველი ონკოლოგები და როგორ მართავენ პაციენტებს პრაქტიკაში.

