back to top

ორსული დედის ნაწლავის ბაქტერიები შესაძლოა ბავშვის ტვინის ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობდნენ

გააზიარე

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ბავშვის ტვინის ჩამოყალიბებას ძირითადად გენეტიკა და კვება განსაზღვრავდა. მაგრამ ახალი კვლევა სრულიად ახალ სურათს ხატავს: ორსული დედის ნაწლავში მცხოვრები მიკრობები  ძლიერ გავლენას ახდენენ ნაყოფის ტვინის განვითარებაზე.

ეს აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას როგორც ორსულობაზე, ისე ბავშვის განვითარების პირველ ეტაპებზე. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, დედის ნაწლავის ჯანმრთელობა შეიძლება მხოლოდ საჭმლის მონელებაზე კი არ ახდენდეს  გავლენას, ის შესაძლოა მომავალ თაობის ფსიქო-ემოციური და სოციალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც იყოს.

ჟურნალ Hormones and Behavior-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედის ნაწლავის ბაქტერიები გავლენას ახდენენ ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებაზე ჯერ კიდევ დაბადებამდე.

ზემოქმედების ძირითადი უბანი: პარავენტრიკულური ბირთვია (PVN) .  ტვინის ეს მცირე,  მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა აკონტროლებს ჰორმონებს, მათ შორის: ოქსიტოცინს, ვაზოპრესინს: წყლის ბალანსისა და სოციალური ქცევის რეგულატორს და CRH-ს, სტრესზე რეაგირების მთავარ ფაქტორს.

ნაწლავის ბაქტერიები მილიარდობით პატარა მიკროორგანიზმია, რომლებიც ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრობენ. ისინი თვალით უხილავები არიან, მაგრამ უდიდეს როლს ასრულებენ: ამუშავებენ საკვებს, აწარმოებენ ვიტამინებს, წვრთნიან იმუნურ სისტემას და აგზავნიან ქიმიურ სიგნალებს ტვინში.

ამ კავშირის გამო მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეწ. „ნაწლავ–ტვინის ღერძზე“. მჭიდრო ურთიერთობაზე, რომელიც მიკრობებსა და ნერვულ სისტემას შორის არსებობს.

რას აღმოაჩინეს მეცნიერებმა

მკვლევრებმა თაგვებზე დაკვირვებისას ორი ჯგუფი შეადარეს: ჩვეულებრივი და ისე გაზრდილი, რომ ნაწლავში ბაქტერიები საერთოდ არ ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ პარავენტრიკულურ ბირთვში სტერილურ თაგვებს ბევრად ნაკლები ნეირონები ჰქონდათ, ვიდრე ნორმალურებს. განსხვავება კი იწყებოდა ჯერ კიდევ ორსულობისას. საინტერესოა ისიც, რომ დაბადების შემდეგ ბაქტერიების დამატება ტვინის უჯრედების დანაკლისს ვეღარ ასწორებდა. ეს მიუთითებს, რომ დედის მიკრობები ნაყოფის ტვინს უკვე საშვილოსნოში აყალიბებენ.

მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრა კასტილიო-რუისი: „მიკრობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვინის იმ უბნის ჩამოყალიბებაში, რომელიც სხეულის ფუნქციებისა და სოციალური ქცევისთვის კრიტიკულია. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ეს გავლენა იწყება ჯერ კიდევ საშვილოსნოში.“

აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ორსული დედის მიკრობიომი  შესაძლოა შვილის ფსიქო-სოციალურ ქცევაზეც ახდენდეს გავლენას.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორი ხორხე ლოპეს-ტელო: „თუ დედას ორსულობისას ‘კარგ ბაქტერიებს’ მივაწვდით, ამან  შეიძლება ბავშვის ტვინის განვითარებას შეუწყოს ხელი.“

კემბრიჯის უნივერისტეტის პროფესორი ამანდა სფერუცი-პერი კი უფრო შორს მიდის და ორსულთა თერაპიის ახალ შესაძლობლობებზე საუბრობს: „აქამდე ყურადღებას ძირითადად სისხლის ნაკადს ვაქცევდით. ჩვენი შედეგები გვიჩვენებს, რომ შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს დედის ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.“

ეს კვლევა მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ სამომავლოდ დიდ შესაძლებლობებს ხსნის: საინტერესოა რა შედეგს აჩვენებს პრობიოტიკების დამატება ორსულობისას. შეძლებს თუ არა “კარგი ბაქტერიების” დამატება ნაყოფის ტვინის განვითარებას?

კვლევაზე დაყრდნობით შესაძლოა მიკრობიომის ტესტირება გახდეს ისეთივე რუტინული, როგორც ანალიზები ორსულობისას. და ბოლოს გაიზრდება კვების როლი: ბოჭკოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული შესაძლოა ბაქტერიებს დაეხმაროს და ტვინის განვითარებას შეუწყოს ხელი.

მიკრობები აღარ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც საჭმლის მომნელებელი პროცესის დამხმარეები. მათი გავლენა შეიძლება ვრცელდებოდეს ემოციებზე, მეხსიერებაზე და თუნდაც პიროვნულ თვისებებზე. ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ყველაზე პატარა ორგანიზმებსაც შეუძლიათ ყველაზე დიდი როლი შეასრულონ ადამიანის ცხოვრებაში.

 

წყარო: Geeks around globe

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები