პანდემიის დასაწყისში რეგულაციების ფონზე მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მიმართვიანობა განახევრდა, თუმცა 2022 წლისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და მაჩვენებელმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა — ნათქვამია The Pennsylvania State University (Penn State)-ის მედიცინის კოლეჯის ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ JAACAP Open-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ამერიკის 72 ჯანდაცვის სისტემიდან 13 მილიონი ბავშვისა და მოზარდის ანამნეზი გაანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მიმართვიანობის ზრდა ძირითადად ახალი პაციენტების ნაკადმა განაპირობა და არა უკვე არსებული პაციენტების უფრო ინტენსიურმა თერაპიამ. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, პირველადი ფსიქიატრიული დიაგნოზების რაოდენობა 24%-ით, ხოლო ფსიქოთერაპიის კურსები 26%-ით გაიზარდა.
ყველაზე დრამატული მატება გოგონებში გამოვლინდა. კერძოდ, ანტიდეპრესანტების რეცეპტების გამოწერის რაოდენობა 6-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებში 137%-ით გაიზარდა, ხოლო 13-დან 18 წლამდე მოზარდებში — 65%-ით. მკვლევართა შეფასებით, პანდემიის დასრულების შემდეგ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა დამატებით დაახლოებით 40 000-მა გოგონამ დაიწყო.
სპეციალისტების განმარტებით, მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიამდეც უარესდებოდა, თუმცა კოვიდკრიზისმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი) სამკურნალო სტიმულატორების გამოწერა 147%-ით გაიზარდა. ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ 6 წლამდე ასაკში მედიკამენტების ნაცვლად ქცევითი თერაპიაა რეკომენდებული, პანდემიის დროს შეზღუდვებმა მშობლებს ალტერნატივა არ დაუტოვა.
კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობა პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდა. სპეციალისტების განცხადებით, ტელემედიცინისა და ონლაინ კონსულტაციების განვითარებამ ვერ აღმოფხვრა სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც ხშირად ინტერნეტის ხარისხზე, ოჯახის ფინანსურ რესურსებსა და კულტურულ ბარიერებზეა დამოკიდებული.
წყარო: JAACP

