ინოვაცია ონკოლოგიაში: სტენფორდში პირველი ულტრაკომპაქტური პროტონული თერაპიის ცენტრი გაიხსნა

გააზიარე

მიმდინარე წლის 7 აპრილს სტენფორდის მედიცინის კიბოს ცენტრში გაიხსნა ახალი განყოფილება, სადაც მსოფლიოში პირველად პედიატრიულ და ზრდასრულ ონკოლოგიურ პაციენტებს ულტრაკომპაქტური პროტონული თერაპიის მიღება შეეძლებათ. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი შესაძლებელს ხდის გამოსხივება მაქსიმალური სიზუსტით მიიმართოს უშუალოდ სიმსივნური წარმონაქმნისკენ, ჯანსაღი ქსოვილების მინიმალური დაზიანებით. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის აღნიშნული მიდგომა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში შემუშავდა, ტრადიციული პროტონული თერაპიის აპარატის მასშტაბური ზომა და პროცედურის მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზღუდავდა მისი ფართოდ დანერგვის შესაძლებლობას.

პროტონული თერაპიის გამოყენების პრიორიტეტულობა იზრდება ისეთი კლინიკური სურათის დროს, როდესაც ნეოპლაზმა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ანატომიურ სტრუქტურებთან ახლოსაა განლაგებული — როგორიცაა ტვინი, გული, ზურგის ტვინი ან მეტყველებასა და ყლაპვაში მონაწილე ნერვები. ამ შემთხვევებში პროტონებს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია ტრადიციულ რადიოთერაპიასთან  (რენტგენის სხივებით (ფოტონებით)  მკურნალობასთან) შედარებით, ვინაიდან კოლატერალური (თანმდევი) დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

როგორ მუშაობს პროტონული თერაპია

პროტონები ატომის ბირთვში განლაგებული უმცირესი დადებითად დამუხტული ნაწილაკებია, რომელთა ფიზიკური თვისებები (მუხტი და მასა) საშუალებას იძლევა ზუსტად გაკონტროლდეს მათი მოძრაობა. ენერგიის რეგულირებით შესაძლებელია პროტონების ისეთი პრეციზიული დამიზნება, რომ ისინი სიმსივნის შიგნით გაჩერდნენ, შედეგად კი გამოსასვლელი დოზა (exit dose) პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.

ამის საპირისპიროდ, კონვენციური რადიოთერაპიის ფოტონები სიმსივნეში გასვლის შემდეგ მოძრაობას განაგრძობენ, რაც სიმსივნის უკან მდებარე ჯანსაღი ქსოვილების დასხივებას იწვევს. მკაცრად მიმართული პროტონები კი პაციენტებს ეხმარება, თავი აარიდონ არამიზნობრივი გამოსხივებით გამოწვეულ გართულებებს, კერძოდ ნერვების დაზიანებას, აგრეთვე ანთებითი პროცესებისა და ნაწიბურების შედეგად განვითარებულ ორგანოთა დისფუნქციას. სწორედ ჯანსაღი ქსოვილების მინიმალური დაზიანების უნარი განაპირობებს პროტონული თერაპიის პრიორიტეტულობას თავის ტვინის, ხერხემლის, თავ-კისრის არეს, ფილტვების, ღვიძლისა და პროსტატის სიმსივნეების სამკურნალოდ.

გვერდითი მოვლენების მინიმიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. „ვინაიდან ბავშვები იზრდებიან და ვითარდებიან, მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილი უფრო მგრძნობიარეა რადიაციის დაბალი დოზების მიმართაც კი,“ — აღნიშნა სიუზან ჰინიკერმა, სტენფორდის რადიაციული ონკოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ პროტონული თერაპია ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნისთვის არ წარმოადგენს უნივერსალურ არჩევანს. სიმსივნის მდებარეობისა და მახასიათებლების მიხედვით, სხვა რადიოთერაპიული მეთოდები შესაძლოა კვლავ ოპტიმალური დარჩეს, თუმცა პროტონული თერაპია მნიშვნელოვან დამატებით ინსტრუმენტს წარმოადგენს ინდივიდუალიზებული, შემთხვევაზე დაფუძნებული მკურნალობის დაგეგმვისას.

მომავლის პერსპექტივები

სტენფორდის მედიცინის რადიაციული ონკოლოგიის გუნდი პირველი პაციენტების მიღების მზადების პარალელურად ტექნოლოგიის შემდგომ სრულყოფასა და მისი ხელმისაწვდომობის მაქსიმალურ გაფართოებაზეც მუშაობს. 

მეცნიერები გეგმავენ შეისწავლონ ვერტიკალურ მდგომარეობაში დასხივების უპირატესობები ჰორიზონტალურთან შედარებით. არსებული მონაცემებით, გარკვეული ონკოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორიცაა ფილტვის კიბო, ჯდომითი პოზიცია ორგანოს უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს უსაფრთხო დასხივებისთვის — ფილტვი უფრო მეტად გაშლილია ვერტიკალურ მდგომარეობაში, რაც ჯანსაღი ქსოვილების დაზიანების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, პაციენტის ვერტიკალური პოზიცია უფრო მეტ მოქნილობას იძლევა რადიაციის სხვადასხვა კუთხით მისაწოდებლად.

ამჟამად, სტენფორდის მედიცინის კიბოს ცენტრი მსოფლიოში ერთადერთია, სადაც პროტონული თერაპიის უახლესი აპარატურაა განთასებული. თუმცა მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში იგეგმება აღნიშნული ტექნოლოგიის სხვა სამედიციცინო დაწესებულებებსა და ცენტრებში დანერგვაც, რაც საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ხელმისაწვდომს გახდის მკურნალობას.

აშშ-ში რადიოთერაპია ონკოლოგიური პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს სჭირდება. „ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯი რადიოთერაპიის გასაუმჯობესებლად, უდიდესი შენაძენია კიბოს თერაპიისთვის,“ — განაცხადეს მეცნიერებმა.

წყარო: Med.stanford.edu 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები