პერორალურმა სემაგლუტიდმა ალკოჰოლის მოხმარების დარღვევის (AUD) მქონე პაციენტებში ალკოჰოლისადმი ლტოლვა მნიშვნელოვნად შეამცირა

გააზიარე

ალკოჰოლის მოხმარების დარღვევა (Alcohol Use Disorder, AUD) მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 7%-ს აღენიშნება და კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებას ყოველწლიურად დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილიუკავშირდება, რაც გლობალური სიკვდილიანობის დაახლოებით 4.7%-ს შეადგენს. ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მოიცავს არა მხოლოდ ალკოჰოლის უშუალო მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ დაავადებებსა და მდგომარეობებს, არამედ მის წვლილს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, ტრავმებისა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე შედეგების განვითარებაში.

ალკოჰოლის მოხმარების დარღვევა (AUD) მილიონობით ადამიანს აზიანებს, თუმცა მისი ფარმაკოლოგიური მართვის შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია. ამჟამად დამტკიცებული მედიკამენტები სრულად ვერ აკმაყოფილებს კლინიკურ საჭიროებებს, ხოლო აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) ალკოჰოლდამოკიდებულების სამკურნალოდ ახალი პრეპარატი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში არ დაუმტკიცებია.

ახალი თერაპიული მიდგომების საჭიროების პირობებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კოლორადოს უნივერსიტეტის Anschutz-ის სამედიცინო კამპუსის მკვლევართა მიერ ჩატარებული რანდომიზებული კლინიკური კვლევა, რომლის შედეგებიც ჟურნალ The American Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ პერორალური სემაგლუტიდი, რომელიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ალკოჰოლის მოხმარების დარღვევის მქონე პაციენტებშიც.

კვლევა რვა კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩატარდა ორმაგად ბრმა, რანდომიზებული მეთოდით, პლაცებოს საკონტროლო ჯგუფის გამოყენებით. ასეთი დიზაინი უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტის უფრო ობიექტურ შეფასებას, რადგან ამცირებს როგორც მონაწილეთა, ისე მკვლევართა მოლოდინების გავლენას მიღებულ შედეგებზე. კვლევაში მონაწილეობდა AUD-ის დიაგნოზის მქონე 50 პაციენტი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სემაგლუტიდის მიმღებ პაციენტებში მნიშვნელოვნად შემცირდა მძიმე ალკოჰოლის მოხმარების დღეების რაოდენობა, თითოეული მოხმარების ეპიზოდის დროს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა და ალკოჰოლის მიმართ ყოველდღიური ლტოლვის ინტენსივობა. ასევე აღინიშნა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება, სასმელის მოხმარების საერთო რისკის დონის გაუმჯობესება და კანაფის გამოყენების დღეების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულად კონტროლირებად პირობებში შეფასებული ყველა მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას არ აჩვენებდა, რეალურ ცხოვრებაში შეგროვებული მონაცემები თანმიმდევრულად მიუთითებდა მავნე ალკოჰოლის მოხმარების შემცირების ტენდენციაზე.

კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ სემაგლუტიდის ეფექტი დაფიქსირდა იმ პაციენტებშიც, რომელთა მკურნალობის მიზანს ალკოჰოლის მოხმარების სრულად შეწყვეტა არ წარმოადგენდა. ეს მიდგომა შეესაბამება დამოკიდებულებების მედიცინაში დამკვიდრებულ თანამედროვე კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ზიანის შემცირება (harm reduction) ხშირად წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვან და რეალისტურ თერაპიულ მიზანს. მძიმე ალკოჰოლის მოხმარების შემცირებამ შესაძლოა შეამციროს ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებების განვითარების რისკი, ასევე ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური ფუნქციონირებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

უსაფრთხოების შეფასებამ აჩვენა, რომ პერორალური სემაგლუტიდი უმეტეს შემთხვევაში კარგად გადაიტანებოდა. დაფიქსირებული არასასურველი მოვლენები ძირითადად მსუბუქი იყო, ხოლო მონაწილეთა მაღალი ჩართულობისა და მკურნალობის დასრულების მაჩვენებლები მიუთითებს, რომ პრეპარატის გამოყენება პრაქტიკულ კლინიკურ პირობებშიც პერსპექტიული შეიძლება იყოს.

მიუხედავად მიღებული შედეგებისა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს პილოტური კვლევაა და მისი მასშტაბი შეზღუდულია. საბოლოო დასკვნების გამოსატანად აუცილებელია უფრო ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კლინიკური კვლევების ჩატარება, რომლებიც განსაზღვრავს პრეპარატის ოპტიმალურ დოზირებას, მკურნალობის ხანგრძლივობასა და გრძელვადიან ეფექტურობას. თუ მიღებული შედეგები შემდგომ კვლევებშიც დადასტურდება, პერორალურ სემაგლუტიდს შესაძლოა ჰქონდეს პოტენციალი, გახდეს ალკოჰოლის მოხმარების დარღვევის მკურნალობის ახალი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული ვარიანტი.

წყარო: www.technologynetworks.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები