ფაგოთერაპია ანტიბიოტიკორეზისტენტობის ეპოქაში: ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის საუკუნოვანი გამოცდილება

გააზიარე

ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გლობალურ საფრთხედ არის აღიარებული. ანტიბიოტიკები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საყრდენს წარმოადგენდა, თერაპიულ ეფექტიანობას დღითიდღე კარგავენ. ბაქტერიული სამყაროს ევოლუცია ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ფარმაცევტული ინდუსტრია ახალი თაობის აგენტების სინთეზსა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვას ასწრებს. 

ამ გლობალური კრიზისის დაძლევის ალტერნატიულ სტრატეგიებს სიღრმისეულად შეეხო GIMPHA-ს კონგრესი, სადაც ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დეა ნიჟარაძემ, ანალიტიკური მოხსენება წარადგინა. მისმა გამოსვლამ მკაფიოდ აჩვენა, რომ შექმნილ საგანგაშო რეალობაში თბილისის, როგორც ფაგოთერაპიის ისტორიული ცენტრის პოზიცია, საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.

მაშინ, როდესაც დასავლური წამყვანი ცენტრები ახლა იწყებენ ფაგოთერაპიის ადრეული ფაზის კლინიკურ კვლევებს და გადიან რთულ მარეგულირებელ გზებს, თბილისში აღნიშნული თერაპიული პრაქტიკა უკვე ასწლოვან ისტორიას ითვლის. საუკუნის მანძილზე ელიავას ინსტიტუტში დაგროვილი უპრეცედენტო კლინიკური გამოცდილება – ათასობით განკურნებულ პაციენტზე, ორგანოთა მრავალ სისტემასა და ბაქტერიული პათოგენების ფართო სპექტრზე – მტკიცებულებათა უნიკალურ ბაზას წარმოადგენს. მასზე დაყრდნობით კი დღეს საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება ამ დარგის განვითარების გლობალურ სტანდარტებს ადგენს.

ელიავას ფაგოტერაპიის ცენტრის მიღწევები წამყვან გლობალურ ინსტიტუციებშიც ერთხმად აღიარებულია. დაწესებულების საქმიანობას მხარს თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) უჭერს, ხოლო მის წარმატებას სამედიცინო ტურიზმში არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო მოწმობს. ამ პროფესიულ ავტორიტეტს, ევროპულ დონეზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოების (ESCMID) პოზიციაც სრულად ამყარებს.

რა არის ფაგოთერაპია და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი

ფაგოთერაპია ბაქტერიების განადგურების ბიოლოგიურად განსხვავებულ მექანიზმს გვთავაზობს, რომელზეც ანტიბიოტიკორეზისტენტობა გავლენას ვერ ახდენს. ბაქტერიოფაგები, თავისი არსით, მიზანმიმართული ვირუსებია, რომლებიც ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ორგანიზმის ბუნებრივ მიკრობიომს არ აზიანებენ. თითოეული ფაგური შტამი განსაკუთრებული სპეციფიკურობით გამოირჩევა და მხოლოდ კონკრეტულ პათოგენს ან მის ცალკეულ ქვეშტამებს ანადგურებს. 

ეს მაღალი სელექციურობა თერაპიული თვალსაზრისით იდეალურ პირობებს ქმნის, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეებსაც წარმოშობს. კერძოდ, აღნიშნული მიდგომა გამომწვევის ზუსტ იდენტიფიცირებას, მასზე ეფექტური ფაგების ლაბორატორიულ ტიტრირებას და ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალურ, პაციენტზე მორგებული პერსონალური პროდუქტის დამზადებას მოითხოვს.

ზუსტად ამ გამოწვევის საპასუხოდ, ელიავას ინსტიტუტი წარმოების ორმხრივ მოდელს ავითარებს: იგი როგორც კომერციულად ხელმისაწვდომ მზა ფაგურ პროდუქტებს, ისე ექსკლუზიური, პერსონალიზებული ნაერთების დამზადების შესაძლებლობას იძლევა. ეს ინდივიდუალური ფორმულები სპეციალურად იმ პათოგენების წინააღმდეგ იქმნება, რომლებზეც სტანდარტული პრეპარატები აღარ მოქმედებს. 

კლინიკური მონაცემები

მოხსენებაში წარმოდგენილი სტატისტიკა ზუსტად ასახავს იმ მიმართულებებს, სადაც ფაგოთერაპია მაქსიმალურ თერაპიულ ეფექტს ავლენს და სადაც ჯერ კიდევ გარკვეული კლინიკური გამოწვევები რჩება. 

წარმატების ყველაზე მაღალი, 84%-იანი მაჩვენებელი სწორედ ქირურგიულ ინფექციებში ფიქსირდება, რაც ქრონიკული ოსტეომიელიტის, დიაბეტური ტერფისა და შეუხორცებელი ჭრილობების მართვისას ფაგების მიერ ბაქტერიული ბიოფილმების ეფექტური დარღვევის შედეგად მიიღწევა. თითქმის ანალოგიური შედეგია შინაგან მედიცინაშიც; ისეთი დისბიოზური მდგომარეობების მართვის დროს, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და SIBO.

ასევე საინტერესოა  კანის ჩირქოვანი ინფექციების, კერძოდ, ჰიდრადენიტებისა და დერმატიტების მკურნალობისას მიღწეული 72%-იანი კლინიკური შედეგიც.

შარდსასქესო სისტემის ჭრილში, მკურნალობის ეფექტურობამ 70%-ს მიაღწია. ამ დიაგნოზებში განსაკუთრებული გამოწვევა ბაქტერიული პროსტატიტია, რომლის მართვის გამოცდილებაც წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში (Frontiers და International Journal of Clinical Virology) გამოქვეყნდა. 

სასუნთქი სისტემის მიმართულებით მიღებული 67%-იანი მაჩვენებელი კი ბრონქოექტაზიისა და პნევმონიის მკურნალობას უკავშირდება. აქ ცენტრის მთავარ ფოკუსს ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდგომ პაციენტებში რეზისტენტული ინფექციების კლინიკური მართვა წარმოადგენს.

ამ ფონზე, შედარებით დაბალი, 53%-იანი შედეგი ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით ფიქსირდება. სინუსიტებისა და ოტიტების მართვისას მსგავსი შედეგი ზედა სასუნთქი გზების სპეციფიკურ ანატომიურ აგებულებასა და უშუალოდ ანთებად კერაში ფაგების მიწოდების ტექნიკურ ბარიერებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მულტირეზისტენტული ფორმების მქონე პაციენტებში, რომლებთანაც ტრადიციული ანტიბიოტიკოთერაპიის შესაძლებლობები სრულად იყო ამოწურული, მიღწეული ეფექტი სამედიცინო თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია. თუმცა, აშკარაა, რომ მართვის მეთოდოლოგია შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

იშვიათი და კომპლექსური დაავადებები

ორგანოთა ძირითადი სისტემების მიღმა, ცენტრი იმ იშვიათი ნოზოლოგიების მქონე პაციენტებსაც მკურნალობს, რომლებისთვისაც ტრადიციული თერაპიული არჩევანი უკიდურესად შეზღუდულია. ამ ჯგუფში განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა მუკოვისციდოზს (ცისტოზურ ფიბროზს) ენიჭება. აღნიშნული გენეტიკური პათოლოგია სასუნთქ სისტემაში ბლანტი სეკრეტის დაგროვებასა და ისეთი მულტირეზისტენტული პათოგენების პერსისტენტულ კოლონიზაციას იწვევს, როგორებიცაა Pseudomonas aeruginosa და Staphylococcus aureus. 

მსგავსი მყარი რესპირატორული გართულებებით ხასიათდება კართაგენერის სინდრომიც (ორგანოთა ტრანსპოზიცია მუკოცილიარული კლირენსის დეფექტთან ერთად), რომელიც კლინიკაში ასევე ხშირად გვხვდება. იშვიათ პათოლოგიებს შორის ცენტრი ნეტერტონის სინდრომის (იშვიათი გენეტიკური დაავადება რეციდიული ინფექციური გართულებებით) მქონე პაციენტებსაც მკურნალობს. ამ უკანასკნელი მიმართულებით დაგროვილი უნიკალური გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამაც გაიზიარა – 16 წლის პაციენტის ეფექტური თერაპიის კლინიკური შემთხვევა ჟურნალმა Frontiers-მა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაქვეყნა. 

ყველა ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალური ანტიბიოტიკორეზისტენტობის ეპოქაში, თბილისში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება მულტირეზისტენტულ ინფექციებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები