MIT-ის მეცნიერებმა მინიატურული ულტრაბგერითი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას რადიკალურად ცვლის. ახალი მოწყობილობა იმდენად მცირე ზომისაა, რომ მისი გამოყენება როგორც ექიმის კაბინეტში, ისე სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ეს ტექნოლოგიური უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის.
ძუძუს კიბოს შემთხვევების 20%-დან 30%-მდე ე.წ. „ინტერვალური კიბოა“ ანუ სიმსივნეები, რომლებიც გეგმიურ მამოგრაფიებს შორის პერიოდში ვითარდება. ასეთი სიმსივნეები ხშირად უფრო აგრესიულია. ადრეულ ეტაპზე მათი დიაგნოსტირებისას პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის 100%-ია, მაგრამ გვიან სტადიებზე ეს მაჩვენებელი 25%-მდე ეცემა.
დღეს არსებული ულტრაბგერითი აპარატები მოცულობით დიდია, ამასთან ძვირადღირებულია და მათ სამართავად მაღალკვალიფიციური ტექნიკოსებია საჭირო. MIT-ის ახალი სისტემა კი ამ ბარიერებს ხსნის.
როგორ მუშაობს სისტემა?
ახალი სისტემა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან პირველი მცირე ზომის ულტრაბგერითი ზონდია. ტრადიციული ექოსკოპიის აპარატები იყენებენ ერთ ხაზზე განლაგებულ სენსორებს, რომლებიც ქსოვილის მხოლოდ ბრტყელ, ორგანზომილებიან „ჭრილებს“ აფიქსირებენ, რაც ხშირად საჭიროებს ხელსაწყოს ხელით მოძრაობას და ტოვებს მცირე დეტალების გამოტოვების რისკს.
ამის საპირისპიროდ, MIT-ის მიერ შექმნილ მოწყობილობაში სენსორები კვადრატულად (Sparse Array) არის განლაგებული, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, ქსოვილზე დაწოლის ან მისი დეფორმირების გარეშე, ერთდროულად რამდენიმე კუთხიდან სიღრმე აღიქვას და პირდაპირ სრულფასოვანი, მოცულობითი 3D გამოსახულება შექმნას, სადაც არცერთი წერტილი მხედველობის მიღმა არ რჩება.
მეორე უმნიშვნელოვანესი ნაწილი მონაცემთა დამმუშავებელი დედაპლატაა (Motherboard), რომელიც ზომით სმარტფონს ოდნავ აღემატება. მისი დამზადება სულ რაღაც 300 დოლარი ჯდება, ენერგიის მცირე რაოდენობას მოიხმარს და სტანდარტული ლეპტოპის მეშვეობით უზრუნველყოფს გამოსახულების რეალურ დროში ჩვენებას, რაც, საბოლოო ჯამში, მთელ სისტემას სრულად პორტატულს ხდის.
სისტემა უერთდება ლეპტოპს და რეალურ დროში აჩვენებს 3D გამოსახულებას. ტრადიციული აპარატებისგან განსხვავებით, ეს ზონდი არ საჭიროებს ქსოვილზე ძლიერ დაწოლას. ეს მექანიზმი ამცირებს გამოსახულების დეფორმაციას და საშუალებას იძლევა, დავინახოთ კისტები თუ წარმონაქმნები მათ ბუნებრივ მდგომარეობაში.
სამომავლო პერსპექტივა
მეცნიერები სისტემის კიდევ უფრო მცირე ვერსიაზე მუშაობენ, რომელიც ფრჩხილის ზომის იქნება და სმარტფონს დაუკავშირდება. ასევე იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმის დახმარებით პაციენტს მიუთითებს, თუ სად უნდა მიიდოს ზონდი საუკეთესო გამოსახულების მისაღებად.
ამჟამად ტექნოლოგია კლინიკურ კვლევებს გადის MIT-ისა და მასაჩუსეტსის საერთო ჰოსპიტალში (MGH). საბოლოო ჯამში, მეცნიერთა მიზანია, ულტრაბგერითი კვლევები ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონ.
წყარო: Wiley Advanced

