სილიციუმის ველის (Silicon Valley) ახალგაზრდა რადიკალები ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართ საკუთარ უსაზღვრო ნდობას უცნაური და სახიფათო ფორმით გამოხატავენ — მათ სიგარეტის მოწევა დაიწყეს. სანამ ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებაზე კამათობენ, ტექ-ინდუსტრიის ნაწილში ახალი, რადიკალური ტრენდი — ე.წ. „Cig Tech“ მკვიდრდება.
რამდენად დიდი რისკია საკუთარი ჯანმრთელობის ფსონად ჩამოსვლა იმის იმედად, რომ მომავლის ტექნოლოგია ყველა დაავადებას დაამარცხებს?
Palantir-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის (CTO), შიამ სანკარის განცხადებით, ზოგიერთი მკვლევარი იმდენად არის დარწმუნებული, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (AGI) კიბოს განკურნავს, რომ მათ ახალი მავნე ჩვევა, მოწევა, შეიძინეს. CBS-ის გადაცემა „Face the Nation“-ში საუბრისას სანკარმა აღნიშნა, რომ ეს სილიციუმის ველის ნაწილში გამეფებული „მასობრივი ფსიქოზისა“ და „სოციალური დელუზიის“ ნიშანია.
„ბევრმა მკვლევარმა მოწევა დაიწყო იმის სადემონსტრაციოდ და სხვა მკვლევრებისთვის იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სწამთ მათ ხელოვნური ინტელექტის. ისინი ამბობენ: ‘ნახეთ, ვა-ბანკზე მივდივარ’“, — აცხადებს სანკარი.
ეს ტენდენცია სილიციუმის ველის კულტურის რადიკალური ცვლილებაა. აქამდე ტექ-დამფუძნებლები ე.წ. “healthmaxxing”-ით (ჯანსაღი ცხოვრების წესის ექსტრემალური, მაქსიმალისტური მიდგომებითა და ბიოჰაკინგით) იყვნენ ცნობილნი. თუმცა, როგორც Business Insider გასულ თვეში იუწყებოდა, ზოგიერთმა სტარტაპერმა ეს მიდგომა უარყო და მოწევა დაიწყო (ნაწილობრივ ნეთვორქინგის გამარტივების მიზნითაც).
ამ რადიკალური რწმენის ყველაზე ნათელი მაგალითია AI-სტარტაპ Friend-ის აღმასრულებელი დირექტორის, ავი შიფმანის პოზიცია: „სანამ თქვენ ფილტვის კიბო დაგემართებათ, წესით, ჩვენს AI რობოტებს ის უკვე განკურნებული უნდა ჰქონდეთ“.
ოფისებში ნიკოტინის პროდუქტებიც ბრუნდება. მაგალითად, თავად კომპანია Palantir-ს ვაშინგტონის ოფისში 21 წელს მიღწეული თანამშრომლებისთვის უფასო ნიკოტინის ბალიშების აპარატები აქვს დადგმული.
სანკარის შეფასებით, სიგარეტის მოწევის ტენდენცია იმის ნიშანია, რომ ტექ-ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი ლამის რელიგიურ კულტად იქცა. მე-17 საუკუნის ფრანგი მოაზროვნის, ბლეზ პასკალის იდეაზე დაყრდნობით, სანკარი აღნიშნავს, რომ სილიციუმის ველის ახალგაზრდა რადიკალებმა ადამიანში არსებული სულიერი, ღვთიური სიცარიელე AGI-ის „მანქანური ღმერთით“ ჩაანაცვლეს.
სანკარი ასევე აკრიტიკებს AI-ის უსაფრთხოების დამცველებსა და ე.წ. „ეფექტური ალტრუიზმის“ მიმდევრებს — სილიციუმის ველზე გავრცელებულ ფილოსოფიურ მოძრაობას, რომელიც მიიჩნევს, რომ კაცობრიობის გადასარჩენად ხელოვნური ინტელექტის მკაცრი შეზღუდვაა საჭირო. „ეს უკვე რელიგიას ჰგავს — ისინი 2000-იანი წლებიდან მოყოლებული სამყაროს დასასრულის სცენარებზე ფიქრობენ“.
და სანამ სილიციუმის ველის ახალგაზრდა რადიკალები საკუთარ ჯანმრთელობას თამამად ანდობენ ჯერ კიდევ არარსებულ სუპერგონიერ AI-ს სამედიცინო შესაძლებლობებს, საზოგადოება გაცილებით სკეპტიკურადაა განწყობილი: Politico-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 63%-ს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განადგურების ზომიერ ან მაღალ რისკს შეიცავს.
წყარო: Fortune

