ფასების სამთავრობო კომისიისა და ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ილონა კოკიაშვილი ვარაუდობს, რომ საუბარი მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეგულირებაში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება.
კოკიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქრონიკული პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების უმეტესობაზე ფასები უკვე რეგულირებადია. მისივე თქმით, მედიკამენტების გარკვეული „ლუფტი“ დარჩა, რომელიც, გეგმის მიხედვით, რეფერენტულ რეგულირებაში უნდა მოექცეს.
დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო რეგულირების პირობებში კომპანიებს ფასის მატების შესაძლებლობა არ აქვთ.
„როდესაც ფასი რეგულირებადია, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, მედიკამენტი ამ რეგულირებულ ფასზე ერთი თეთრითაც ძვირად გაიყიდოს“, – განმარტა ილონა კოკიაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რეგულაციების დაწესების“ მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, კოკიაშვილი წინასწარ პროგნოზებისგან თავს იკავებს, რადგან ფასი სპეციალური ფორმულის საფუძველზე დგინდება. „ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ, რა ფასი შეიძლება ამ მედიკამენტზე დაწესდეს, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენტული, სპეციალური ფორმულა, რომლითაც ფასი დგინდება“, – აღნიშნა მან.
წყარო: BMG

