Cochrane-ის განახლებული მასშტაბური მიმოხილვის თანახმად, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტები (ე.წ. ვეიპი) ადამიანებს თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებაში ბევრად უფრო ეფექტურად ეხმარება, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ნიკოტინის პლასტირები, საღეჭი რეზინები თუ ქცევითი თერაპია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მოწევა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, რომელსაც ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი (მათ შორის 1.6 მილიონი პასიური მწეველი) ეწირება. 80 რანდომიზებული კლინიკური კვლევისა და 30 000-მდე მონაწილის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიკოტინის ჩანაცვლების ტრადიციულ თერაპიასთან (NRT) შედარებით, ელექტრონული სიგარეტი თამბაქოსთვის თავის დანებების პროცესში უფრო ეფექტურია — ყოველ 100 ადამიანზე, ვეიპის გამოყენების შემთხვევაში, მოწევას საშუალოდ 4 ადამიანით მეტი ანებებს თავს. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინიანი ვეიპები უნიკოტინო ალტერნატივებზე უფრო ეფექტურია — ყოველ 100 ადამიანზე, ნიკოტინიანი ვეიპის გამოყენების შემთხვევაში, მოწევას საშუალოდ 2 ადამიანით მეტი ანებებს თავს.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერის, დოქტორ ჯეიმი ჰარტმან-ბოისის განცხადებით, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რეგულირებული ელექტრონული სიგარეტები ტრადიციულ მოწევაზე ნაკლებად მავნებელია და რეალურ, ქმედით ალტერნატივას წარმოადგენს. თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ეხება მხოლოდ ოფიციალურად რეგულირებულ პროდუქტებს. არალიცენზირებული ელექტრონული სიგარეტები, რომლებიც ბაზარზე მრავლადაა, ხშირად შეიცავს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და კვლევის მთავარი ავტორი, დოქტორი ნიკოლა ლინდსონი განმარტავს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ურთულესი პროცესია და ბევრი ადამიანი არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ნებდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი 100%-ით უსაფრთხო არ არის და მასაც ახლავს ჯანმრთელობის რისკები, ის ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე სიგარეტი.
მეცნიერები ელექტრონულ სიგარეტს განიხილავენ არა როგორც საბოლოო მიზანს, არამედ როგორც „გარდამავალ ეტაპს“ ტრადიციული სიგარეტისგან გასათავისუფლებლად, რათა მომავალში ადამიანმა ნიკოტინის მოხმარებაზე სრულად თქვას უარი.
წყარო: MedicalXpress

