საქართველოს ჯანდაცვის სექტორზე დაკვირვებისას, შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ საავადმყოფოების დიდი არჩევანი გვაქვს. ქვეყანაში მრავლადაა სტაციონარული დაწესებულება, რომელთა უმეტესობა კერძო საკუთრებაშია და ხშირად ერთმანეთთან ახლოსაც კი მდებარეობს. ერთი შეხედვით, ეს დადებითია, რადგან მეტი საავადმყოფო პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და არჩევანის შესაძლებლობასს უნდა ნიშნავდეს. თუმცა, სინამდვილეში, ძალიან ბევრი მცირე, დაბალი დატვირთვის მქონე საავადმყოფოს არსებობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს ის დაწესებულებებია, რომლებიც დღეში ძალიან ცოტა პაციენტს ემსახურებიან. ასეთ საავადმყოფოებში ექიმები და ექთნები ნაკლებ სამედიცინო შემთხვევას ხედავენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკმარის პრაქტიკას ვერ იღებენ. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი უნარების დაქვეითება, ასეთ დროს სამედიცინო პერსონალი კარგავს კვალიფიკაციას განსაკუთრებით რთული პროცედურების შესრულებაში. ასე რომ, გაუმჯობესებული მომსახურების ნაცვლად, პაციენტებმა, შესაძლოა, საბოლოოდ დაბალი ხარისხის, ნაკლებად უსაფრთხო მკურნალობა მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი დიდი აქვთ.
წინამდებარე კვლევა ეხება საქართველოს საავადმყოფოების სისტემის აგებულებას და იმას, თუ რა გავლენას ახდენს ეს სტრუქტურა. კვლევის მიგნებები შემაშფოთებელია: საქართველოში არსებული საავადმყოფოების სისტემა ღრმად ფრაგმენტირებულია, რაც ნიშნავს, რომ ზედმეტად ბევრი საავადმყოფოა, რომელიც მხოლოდ პაციენტების მცირე რაოდენობას ემსახურება. ეს წყობა იწვევს კოორდინაციის გაუარესებას და მომსახურების დაბალ ხარისხს. გარდა ამისა, რესურსების ძალიან ბევრ დაწესებულებაზე გადანაწილების გამო, ადგილი აქვს რესურსების ფლანგვას, ყოველივე ეს სამთავრობო უწყებებს ურთულებს ჯანდაცვაზე ზედამხედველობისა და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობას.
რა არის პრობლემა?
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დომინირებს მცირე ზომის საავადმყოფოების დიდი რაოდენობა, რომელთა უმეტესობა დამოუკიდებლად იმართება. მათ უმრავლესობას მცირე რაოდენობის საწოლფონდი აქვს და ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებს ემსახურება; ბევრი მათგანის საშუალო მაჩვენებელი დღეში მხოლოდ 1–3 სტაციონარული გაწერაა. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების საავადმყოფოებთან შედარებით. და ამის მიუხედავად, ეს საავადმყოფოები მთელ ქვეყანაში არიან განაწილებული და ხშირად ერთმანეთისგან სულ რაღაც 5–10 წუთის მანძილზე მდებარეობენ, რის გამოც კონკურენცია უკიდურესად მაღალია.
რა მუშაობს არასწორად?
- რესურსების გაფლანგვა
როდესაც საავადმყოფოები ნახევრად ცარიელია, მათ მაინც უწევთ ელექტროენერგიის, პერსონალის, აღჭურვილობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების გადახდა. ეს არის უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი როგორც კლინიკებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ზოგიერთმა დაწესებულებამ ინვესტიცია ჩადო ძვირადღირებულ აპარატებში, რომლებიც უმეტესად გამოუყენებელია, და ბევრი მათგანი დიდ თანხებს ხარჯავს მარკეტინგზე პაციენტების მოსაზიდად.
- არასაჭირო მკურნალობის წახალისება
ვინაიდან საავადმყოფოები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან (სახელმწიფო დაფინანსებით) საკმარის შემოსავალს ვერ იღებენ, ზოგიერთი მათგანი არასაჭირო მკურნალობას ან დაწესებულებაში დაყოვნებას უწყობს ხელს, რათა ფინანსურად თავი გადაირჩინოს. ამ სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პაციენტებს დაუნიშნონ ისეთი პროცედურები, რაც მათ რეალურად არ სჭირდებათ ან მკურნალობის საფასური ბევრად მეტი დაუნაგარიშონ, ვიდრე მიიღო. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს როგორც თავად პაციენტებისთვის, ისე მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის.
- მომსახურების დაბალი ხარისხი
მცირე საავადმყოფოებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა დაიქირაონ საკმარისი კვალიფიციური პერსონალი და არსებული სათანადოდ გადამზადება. ბევრი ექიმი და ექთანი ერთდროულად რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობს, რათა ღირსეული ხელფასი გამოიმუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა, შეცდომები ან მომსახურების უწყვეტობის დარღვევა. მრავალ შემთხვევაში, საავადმყოფოები პერსონალის გადამზადებისთვის ფარმაცევტულ კომპანიებზე არიან დამოკიდებული, რაც ხარისხის შესახებ კითხვებს აჩენს.
როგორც აღინიშნა, პაციენტების მცირე რაოდენობის გამო, ამ დაწესებულებებში ექიმები შესაძლოა არ იღებდნენ საკმარის გამოცდილებას გარკვეული, განსაკუთრებით რთული პროცედურების ჩატარებისას. სხვა ქვეყნების კვლევები აჩვენებს, რომ უფრო დიდ საავადმყოფოებს ხშირად უკეთესი მომსახურება აქვთ პაციენტებისთვის.
- სუსტი ზედამხედველობა და რეგულირება
ამხელა რაოდენობის მცირე, გაფანტული საავადმყოფოების პირობებში, სახელმწიფოსთვის თითქმის შეუძლებელია იქ მიმდინარე პროცესების სათანადოდ მონიტორინგი. არ არის საკმარისი აუდიტი, ინსპექტირება ან შემდგომი კონტროლი იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაწესებულებები საბაზისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მუშაობის უფლებას თითქმის ყველა საავადმყოფო იღებს, განურჩევლად მომსახურების ხარისხისა. ეს ნიშნავს, რომ დაბალი შედეგების მქონე კლინიკები მაინც იღებენ სახელმწიფოსგან ფულს, ხოლო პაციენტებს თითქმის არ აქვთ იმის საშუალება, რომ გაარკვიონ, რომელი საავადმყოფო უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტიან მკურნალობას.
რატომ არ ასწორებს ბაზარი ამ პრობლემას?
ჩვეულებრივ, მოსალოდნელია, რომ ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე საავადმყოფოები დაიხურება, ხოლო ძლიერი კლინიკები გაფართოვდება. თუმცა, საქართველოში ასე არ ხდება. ფაქტობრივად, საავადმყოფოების რაოდენობა წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბალი ხარისხის საავადმყოფოებიც კი იღებენ დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ხოლო ზოგიერთი მათგანი გადარჩენისთვის საეჭვო პრაქტიკას ეყრდნობა.
შესაძლებელია თუ არა ამის გამოსწორება?
დიახ, მაგრამ ეს შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან ქმედებების გარეშე. არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მთავრობას შეუძლია. მათ უნდა წაახალისონ საავადმყოფოების შერწყმა ან ქსელებში გაერთიანება, რათა რესურსები და პერსონალი საერთო გახდეს. აუცილებელია დაწესდეს პაციენტების მინიმალური მოცულობის მოთხოვნა საავადმყოფოებისთვის, რათა მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარჩენის უფლება შეინარჩუნონ.
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ანაზღაურების ტარიფები, რათა კლინიკებს არ მოუწიოთ ხარისხის შემცირება ან არასაჭირო მომსახურების შეთავაზება. ასევე, უნდა დაწესდეს მკაფიო ხარისხის სტანდარტები და რეგულარულად მოხდეს საავადმყოფოების აუდიტი. და ბოლოს, აუცილებელია პაციენტების ინფორმირება მათი ჯანდაცვის უფლებების შესახებ და იმის შესახებ, რაში უნდა გადაიხადონ ან არ უნდა გადაიხადონ თანხა.
პოზიტიური მაგალითად შეიძლება გამოდგეს, თუ როგორ მოახდინა საქართველომ სამშობიარო მომსახურების სისტემის რეფორმირება. საავადმყოფოებისთვის გარკვეული სტანდარტებისა და მშობიარობის მინიმალური მოცულობის დაწესებით, სამშობიაროების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ხარისხზე მეტ ფოკუსირებას, თუმცა ამ მიმართულებით შედეგების გაუმჯობესების შესაფასებლად დამატებითი კვლევაა საჭირო.
დასკვნა
საქართველოს საავადმყოფოების სისტემა ზედაპირულად შესაძლოა ხელმისაწვდომად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ის პრობლემურია. გვაქვს ზედმეტად ბევრი მცირე საავადმყოფო, არ არის საკმარისი პაციენტები თითოეულ მათგანში და არასაკმარისი ზედამხედველობა. ეს მხოლოდ ფინანსური პრობლემა არ არის; აღნიშნული გავლენას ახდენს პაციენტის უსაფრთხოებაზე, მომსახურების ხარისხსა და საზოგადოების ნდობაზე.
ამ სიტუაციის გამოსწორება ადვილი არ იქნება. მაგრამ ცვლილებების გარეშე, სისტემა გააგრძელებს რესურსების გაფლანგვას და ვერ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რასაც კარგი ჯანდაცვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს. გამოსავალი არ არის მხოლოდ ნაკლები საავადმყოფო, არამედ უკეთესი საავადმყოფოები, რომლებიც სათანადოდ ფინანსდება, კარგად რეგულირდება და ორიენტირებულია პაციენტების მოვლაზე და არა მხოლოდ გადარჩენაზე.

ავტორები: თვალიაშვილი მარი, სულაბერიძე ლელა, გუდმენი ქეთრინ, ჰენსონი კარა და გოცაძე გიორგი.
წყარო: https://ideas.repec.org/a/eee/socmed/v362y2024ics0277953624008827.html

