ფსიქიკურ აშლილობებს საერთო გენეტიკური საწყისები აქვთ – გარდამტეხი აღმოჩენა

გააზიარე

მსოფლიოში ყოველ მერვე ადამიანს ფსიქიკური დარღვევა აქვს. ხშირად, ამ მდგომარეობების სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა და ერთდროულადაც ვლინდება. ეს, რასაკვირველია, ართულებს მათ ეფექტურ მართვას. 

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რვა ძირითად ფსიქიკურ აშლილობას საერთო გენეტიკური საწყისები აქვს. ეს აღმოჩენა საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის და სრულად გარდაქმნის ფსიქიატრიულ სფეროს.

რვა ფსიქიკური დარღვევა: აუტისტური სპექტრის აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD), შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, ძირითადი დეპრესიული აშლილობა, ტურეტის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) და ნერვული ანორექსია,  გლობალური პრობლემაა. მეცნიერების აზრით,  ტვინის მუშაობაზე ასეთი მასშტაბური გავლენა ამ გენების მიერ კოდირებული ცილებით არის განპირობებული, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ფსიქიკური დარღვევის განვითარებას.

როგორ ჩატარდა კვლევა?

ადრინდელმა კვლევამ ფსიქიკური აშლილობებისთვის საერთო 109 გენი გამოავლინა. ამჟამინდელმა კი, ამ გენების 18,000 ვარიაცია შეისწავლა. ეს გენეტიკური ვარიანტები, სპეციალური მეთოდების გამოყენებით, ნერვულ უჯრედებში შეიყვანეს. ასე დააკვირდნენ მათ გავლენას ადამიანის ტვინის განვითარებაზე.

ამ ვარიანტებიდან, 683-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გენის რეგულაციაზე. აღსანიშნავია, რომ „პლეიოტროპული“ ვარიანტები (ისინი, რომლებიც რამდენიმე ფსიქიკურ დარღვევაში გვხვდება) უფრო აქტიურები იყვნენ და ტვინის უჯრედების უფრო ფართო სპექტრზე მოქმედებდნენ, განსხვავებით აშლილობა-სპეციფიკური ვარიანტებისგან.

„ტრადიციულად, პლეიოტროპია სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის ფსიქიკური აშლილობების კლასიფიკაციას ართულებდა. თუმცა, თუ გავიგებთ პლეიოტროპიის გენეტიკურ საფუძველს, შეგვეძლება შევიმუშაოთ მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ამ საერთო გენეტიკურ ფაქტორებზე იქნება მიმართული. ამით სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის საერთო თერაპიით მკურნალობა გახდება  შესაძლებელი, “ – განაცხადა პროფესორმა ვონმა.

ამ კვლევის მთავარი მიღწევა სწორედ ისაა, რომ მან ნათელი მოჰფინა ფსიქიკური აშლილობების სიმპტომების ხშირ თანხვედრას. ეს აღმოჩენა კარგი საფუძველია ახალი, ინოვაციური თერაპიების შესაქმნელად, რაც მილიარდობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.

 

წყარო: Cell

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები