პირველად ავსტრალიაში MRI-კონტროლირებადი კრიოაბლაციის მეთოდი დაინერგა — უსაფრთხო და უპრეცედენტოდ ზუსტი ალტერნატივა სიმსივნეების მკურნალობისთვის

გააზიარე

პირველად ავსტრალიაში, სიდნეის ლივერპულის ჰოსპიტალში (Liverpool Hospital, Sydney) დაინერგა MRI-კონტროლირებადი კრიოაბლაციის სისტემა, რომელიც წამყვან ინოვაციას წარმოადგენს თანამედროვე ონკოლოგიაში. აღნიშნული ტექნოლოგია აერთიანებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასა (MRI) და ინტერვენციულ რადიოლოგიას, რაც სიმსივნური წარმონაქმნების ბევრად უფრო ზუსტ, უსაფრთხო და ნაკლებად ინვაზიურ მკურნალობას უზრუნველყოფს. ახალი მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია იმ შემთხვევებში, როდესაც სამიზნე კერა რთულად მისადგომ ან ანატომიურად მგრძნობიარე ზონებში, მაგალითად, ხერხემალსა და სხვა რბილ ქსოვილებში მდებარეობს.

კრიოაბლაცია არის მინიმალურად ინვაზიური სიმსივნის სამკურნალო მეთოდი, რომლის დროსაც პათოლოგიურ ქსოვილში სპეციალური გაზით მოქმედი ნემსის — კრიოზონდის (cryoprobe) შეყვანითა და ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის (მაგ., თხევადი აზოტის) გამოყენებით ხდება სიმსივნური უჯრედების განადგურება. მისი მეშვეობით იქმნება კონტროლირებადი „ყინულის სფერო“, რომელიც უკიდურესად დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით იწვევს კიბოს უჯრედების კვდომას. ტრადიციულ ღია ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, ეს მეთოდი დაკავშირებულია ნაკლებ ტრავმასთან, უფრო სწრაფ რეაბილიტაციასთან და პოსტოპერაციული გართულებების შემცირებულ რისკთან.

ლივერპულის ჰოსპიტალში კრიოაბლაცია აქამდეც გამოიყენებოდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT) და ულტრაბგერითი კვლევის მეთვალყურეობით, თუმცა MRI-ის ინტეგრაციამ პროცედურის ეფექტურობა და სიზუსტე ახალ საფეხურზე აიყვანა. რეალურ დროში მიღებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულება სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მკაფიოდ მონიშნონ სიმსივნის საზღვრები, მართონ კრიოზონდების პოზიცია და თავიდან აიცილონ მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილების დაზიანება. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული სიმსივნური კერები ულტრაბგერითი ან CT კვლევისას პრაქტიკულად უხილავია, მაშინ როდესაც MRI-ზე ისინი მკაფიოდ ჩანს, რაც ამ ახალი მეთოდის რადიკალურ უპირატესობას განაპირობებს.

MRI-კონტროლირებადი კრიოაბლაციის კიდევ ერთი არსებითი უპირატესობა იონიზებადი რადიაციის არარსებობაა. ეს ფაქტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდა პაციენტების მკურნალობისას და იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განმეორებითი ვიზუალიზაცია. გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა ნემსი ნებისმიერი კუთხით შევიდეს ქსოვილში, ხოლო გამოსახულება მრავალგანზომილებიან სიბრტყეში მივიღოთ, რაც რთული ლოკალიზაციის სიმსივნეების მკურნალობას საგრძნობლად ამარტივებს.

კლინიკური გამოცდილება მიუთითებს, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას რეალურად შეუძლია პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითად, ხერხემლის მცირე ზომის სიმსივნის მქონე პაციენტში პროცედურის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ დღეში ტკივილი სრულიად გაქრა. MRI-კონტროლირებადი კრიოაბლაციის წარმატებული დანერგვა ადასტურებს, რომ ინტერვენციული ონკოლოგიის განვითარება სულ უფრო მეტად ორიენტირებულია ზუსტ, პერსონალიზებულ და ნაკლებად ინვაზიურ მიდგომებზე, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, მრავალი სიმსივნური დაავადების მართვის ოქროს სტანდარტად იქცეს.
წყარო: asmirt.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები