საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10 საიუბილეო კონგრესზე, ორგანიზაციის დაარსებიდან 35 წლისთავიც აღინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ექიმებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის დაჯილდოვდა წარმოშობით ქართველი, თურქეთში მოღვაწე კარდიოლოგი, პროფესორი ისმეთ დინდარი, რომელსაც გულნარა ჩაფიძის სახელობის მედალი გადაეცა ნომინაციაში — „ინოვაციისთვის კარდიოლოგიაში“.
მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი სტენტირების ჩატარება. ბატონი ისმეთი განვლილი წლების განმავლობაში კარდიოლოგიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გვესაუბრა.
ბატონო ისმეთ, დაახლოებით 28 წლის წინ თქვენ ჩაატარეთ პირველი სტენტირება საქართველოში. თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ, როგორ დაიწყო ეს პროცესი და როგორ აფასებთ იმ ცვლილებებს, რაც ამ დროის განმავლობაში დარგში განხორციელდა?
ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველი სტენტირება გავაკეთეთ. აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კორონაროგრაფია უკვე კეთდებოდა, თუმცა მე და ბატონმა ალეკო ალადაშვილმა ერთმანეთს მოტივაცია მივეცით და დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში 10 პაციენტს ჩავუტარეთ სტენტირება. სწორედ ამის შემდეგ აქტიურად გაგრძელდა საქართველოში აღნიშნული პროცედურები.
მას შემდეგ დაახლოებით 28 წელიწადი გავიდა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში კარდიოლოგთა საქმიანობა ასე წინ წავიდა. განვითარდა კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, მაღალტექნოლოგიური მეთოდები.
სტამბოლში ხშირად ვხედავ, რომ სხვადასხვა დარგში სამკურნალოდ ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის, თუმცა კარდიოლოგიური დაავადების გამო საქართველოდან არავინ მოდის. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემს ლამაზ სამშობლოში ეს პროცედურები ასე განვითარდა. მიხარია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში პაციენტებს არსად წასვლა არ დასჭირდებათ — ყველა მკურნალობა ადგილზე იქნება.
როგორ შეაფასებდით დღევანდელ კონგრესს, მის მნიშვნელობასა და იმ დაფასებას, რაც დარგის პიონერებმა მიიღეს?
ძალიან დასაფასებელია, რომ ღონისძიებაზე ეს ადამიანები დაჯილდოვდნენ. როდესაც მე ჩამოვედი, ისინი მაშინაც ამ დარგის პიონერები იყვნენ. ასეთი აღიარება ძალიან კარგი მოტივაციაა მომავალი ექიმებისთვის, თუ ისინი კარგად იმუშავებენ და განვითარდებიან, 30 წლის შემდეგ ამ სცენაზე სწორედ ისინი იდგებიან.

