ქართველი მეცნიერის, ეკატერინე ბერიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ბიო-ხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის განკურნების შესაძლებლობას აჩენს

გააზიარე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის, VANGUARD-ის ფარგლებში, რომელსაც ქართველი ექიმი და მეცნიერი, შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი ხელმძღვანელობს, ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ რევოლუციური მოწყობილობა — ბიო-ხელოვნური პანკრეასი შეიქმნა. ახალი იმპლანტი პაციენტებს სისხლში შაქრის დარეგულირების უნარს უბრუნებს.

მხოლოდ ევროპაში ტიპი 1 დიაბეტით 2.2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დაავადების სრული განკურნება ამ დრომდე შეუძლებელი იყო და პაციენტები მთლიანად დამოკიდებულნი არიან სისხლში შაქრის მუდმივ მონიტორინგსა და ინსულინის ინექციებზე.

მართალია, არსებობს პანკრეასის უჯრედების ტრანსპლანტაციის პრაქტიკა, თუმცა, როგორც ეკატერინე ბერიშვილი განმარტავს: „ეს მეთოდი მკაცრად შეზღუდულია ადამიანის დონორების სიმცირისა და პაციენტის მიერ იმუნოსუპრესორების (იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების) მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღების აუცილებლობის გამო.“

სწორედ ამ ბარიერების გადასალახად, 5-წლიანი კვლევის შედეგად შეიქმნა Amniogel — ამნიონური გარსისგან მიღებული სპეციალური ჰიდროგელი. ის აერთიანებს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს დამცავ ბიომასალაში, რაც ორგანიზმში უცხო სხეულის უარყოფას გამორიცხავს. ამნიოგელი იცავს გადანერგილ უჯრედებს პაციენტის იმუნური სისტემის თავდასხმისგან, რაც გამორიცხავს იმუნოსუპრესორების მუდმივად მიღების აუცილებლობას. პროდუქტი ევროკომისიის „ინოვაციების რადარის“ მიერ უკვე აღიარებულია, როგორც მაღალი კომერციული პოტენციალის მქონე, ბაზრისთვის მზადმყოფი ტექნოლოგია.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ტრანსპლანტაციისთვის ღორის უჯრედების წარმატებული გამოყენებაა. მეცნიერებმა შექმნეს ინსულინის მწარმოებელი და სისხლძარღვების წარმომქმნელი 3D ორგანულ-უჯრედოვანი კლასტერები (ორგანოიდები).

„უჯრედული თერაპიის მასშტაბირებისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი დონორების სიმცირეა, მაგრამ ღორის უჯრედები პოტენციურად შეუზღუდავ, განახლებად წყაროს გვთავაზობს. ქსენოტრანსპლანტაცია (ცხოველის ორგანოს/ქსოვილის ადამიანში გადანერგვა), რომელიც ოდესღაც შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა, ახლა სერიოზული და სწრაფად განვითარებადი სფეროა,“ – აღნიშნავს ქართველი მეცნიერი.

პროექტის ფარგლებში შექმნილმა ბიო-ხელოვნურმა პანკრეასმა პრეკლინიკურ კვლევებში სრული ვალიდაცია წარმატებით გაიარა. ამჟამად მკვლევართა ჯგუფი მოწყობილობის იმუნო-დაცვითი სტრატეგიების დახვეწასა და უშუალოდ ადამიანებზე პირველი კლინიკური ტესტირებების დაწყებაზე მუშაობს.

როგორც ეკატერინე ბერიშვილი ამბობს: „ტიპი 1 დიაბეტის ფუნქციური განკურნების გზა, რომელიც არ არის დამოკიდებული დონორების სიმცირესა თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმუნოსუპრესორების მიღებაზე, ახლა ისეთი მიღწევადი რეალობაა, როგორც არასდროს.“

წყარო: Cordis.europa.eu

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები