ვინ წარმოიდგენდა, რომ ბევრისთვის დილით რიტუალად ქცეული ფინჯანი ყავა, ამავდროულად, უჯრედულ დონეზე დაბერებასაც ანელებს? ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, კოფეინი, ჩვენი უჯრედებისთვის “ახალგაზრდობის ელექსირს” წარმოადგენს. მეცნიერებმა გამოავლინეს, როგორ მოქმედებს კოფეინი უჯრედების შიგნით მიტოქონდრიებზე, რომლებსაც უჯრედის “ელექტროსადგურებს” ეძახიან. კოფეინი ეხმარება მათ ენერგიის უფრო ეფექტურად გამომუშავებაში. გარდა ამისა, კოფეინი აწესრიგებს მეტაბოლიზმს და ეხმარება უჯრედს “გადარჩენაში” სტრესის დროს.
მეტი ვიდრე “გამოსაფხიზლებელი”- კოფეინის უჯრედული საიდუმლო
კოფეინის სასარგებლო ეფექტებს წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა მისი მოქმედების უჯრედული მექანიზმები დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Microbial Cell-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა გამოიყენეს საფუარი სოკო (რადგან უჯრედულ დონეზე ის ადამიანის მსგავსია), რომ დაედგინათ, როგორ მოქმედებს კოფეინი TOR გზაზე. ეს გზა კი უჯრედის ზრდასა და სტრესზე რეაგირების მთავარი რეგულატორია.
TORC1-AMPK ღერძი:
TOR გზა, რომელიც უჯრედის ზრდისა და ბალანსის მთავარ მარეგულირებლად ითვლება, უჯრედებს ხელსაყრელ გარემო პირობებში ზრდის სიგნალს აძლევს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი TORC1-ის აქტივობას ამცირებს.
ეს პროცესი აძლიერებს უჯრედების სტრესის მიმართ მდგრადობას, ხელს უწყობს მათ გაყოფას და ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია, რომ Ssp1, Ssp2 და Amk2 ცილების გარეშე, კოფეინის ეს ეფექტები არ ვლინდება. საფუარის მუტანტური ვარიანტები, რომლებსაც ეს პროტეინები აკლიათ, კოფეინისგან მსგავს სარგებელს ვერ იღებენ.
საინტერესოა, რომ კოფეინი აძლიერებს დნმ-ის დაზიანების მიმართ მგრძნობელობას და, ამავდროულად, ხელს უწყობს მის აღდგენას რეგულატორების (Rad3, Rhp6, Cut8) მეშვეობით. ეს რთული ურთიერთქმედება იმაზე მიუთითებს, რომ კოფეინი უჯრედებს დაყოფისკენ უბიძგებს და, პარალელურად, გავლენას ახდენს მათ უნარზე, გაუმკლავდნენ დნმ-ის დაზიანებას. მსგავსი დადებითი ეფექტი ვლინდება მიტოქონდრიებზეც, რომელიც უჯრედებს საჭირო ენერგიით ამარაგებს.
საფუარიდან ადამიანებამდე:
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საფუარზე ჩატარდა, ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვისაც, რადგან საფუარში აღწერილი ეს გზები ადამიანებშიც მსგავსად მუშაობს. კოფეინს, სავარაუდოდ, შეუძლია ადამიანის უჯრედების დაბერება შეანელოს და სტრესზე მათი რეაქცია გააუმჯობესოს.
კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯონ-პატრიკ ალაო, აღნიშნავს: „ჩვენი აღმოჩენები გვეხმარება გავიგოთ, რატომ არის კოფეინი სასარგებლო ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის. ეს საინტერესო შესაძლებლობებსაც ქმნის, რომ კოფეინის მსგავს ეფექტებს მივაღწიოთ დიეტის, ცხოვრების წესის ან ახალი მედიკამენტების საშუალებით.“
ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ კოფეინი უჯრედულ დონეზე დაბერების პროცესს ანელებს, რაც მას ახალგაზრდობის შენარჩუნების მოულოდნელ საიდუმლოდ აქცევს. ეს აღმოჩენა, მომავალში სათავეს დაუდებს რევოლუციურ ანტი-დაბერების სტრატეგიებს.
წყარო: Microbial Cell

