მედიცინა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში სრულიად ახალ სტრატეგიაზე გადადის. მეცნიერებმა დაიწყეს ახალი თაობის ვაქცინების კლინიკური კვლევები, რომელთა მთავარი მიზანია, იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება მანამ ასწავლონ, სანამ დაავადება ორგანიზმში სრულად ჩამოყალიბდება.
დღესდღეობით უკვე არსებობს ვაქცინები, რომლებიც გარკვეული ტიპის კიბოსგან გვიცავს (მაგალითად, პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრები), თუმცა ისინი უშუალოდ გამომწვევ ვირუსებს ებრძვიან. რეალურად კი სიმსივნეების უმეტესობა ვირუსული წარმოშობის არ არის. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის ვაქცინები იმ არავირუსულ, გენეტიკური თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეულ კიბოზეა ორიენტირებული, რომელთა პრევენციაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა.
როგორ მუშაობს ტექნოლოგია და ვინ არიან პირველი პაციენტები?
პირველ ეტაპზე ვაქცინას მაღალი გენეტიკური რისკის მქონე, ჯანმრთელ მოხალისეებზე ცდიან. კვლევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლინჩის სინდრომის მქონე პირები არიან. ეს მემკვიდრული მდგომარეობა დნმ-ის აღდგენის მექანიზმის დარღვევითაა გამოწვეული და სიცოცხლის განმავლობაში სიმსივნის განვითარების 70%-იან რისკს ქმნის. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს მუდმივი სტრესის ფონზე ცხოვრება და რეგულარული, ხშირად არასასიამოვნო ინვაზიური სკრინინგების ჩატარება უწევთ.
ტეხასის MD Anderson-ის კიბოს ცენტრის მკვლევარი, ედუარდო ვილარ-სანჩესი უახლოეს მომავალში ახალი ვაქცინის გამოცდას ლინჩის სინდრომის მქონე 45 მოხალისეზე დაიწყებს. პრეპარატი 209 ე.წ. „ნეოანტიგენს“ შეიცავს — ცილებს, რომლებიც მხოლოდ სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე გვხვდება. ეს მიდგომა იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევს, მხოლოდ პათოლოგიურ უჯრედებს შეუტიოს და ჯანსაღი ქსოვილები ხელუხლებელი დატოვოს.
ბრძოლა მკერდისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ
ლინჩის სინდრომის პარალელურად, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს ვაქცინებზე მკერდის, საკვერცხისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ. მაგალითად:
-
კლინიკურ ცდებს გადის ვაქცინა მკერდის კიბოს პრევენციისთვის იმ ქალებში, რომლებსაც BRCA1 ან BRCA2 გენის მუტაცია უფიქსირდებათ.
-
განიხილება სპეციალური ვაქცინა ძუძუს კიბოს ყველაზე აგრესიული — სამმაგად უარყოფითი (Triple negative) ფორმის პრევენციისთვის.
-
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები იწყებენ პრეპარატის ტესტირებას, რომელიც პანკრეასის კიბოს მთავარ გამომწვევ მიზეზს, KRAS გენის მუტაციას ებრძვის.
უნივერსალური ვაქცინა — სამომავლო პერსპექტივა
კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამომავლოდ მეცნიერებს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვთ. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს შექმნილი mRNA ტექნოლოგიის ეფექტიანობამ აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტებს უბიძგა, ეფიქრათ ე.წ. „პან-სიმსივნურ“ (უნივერსალურ) ვაქცინაზე. მიზანია, შეიქმნას mRNA ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს გამომწვევი 50 ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მუტაციის ამოცნობასა და განადგურებას ერთდროულად ასწავლის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფართო სპექტრის ვაქცინის ტესტირება (რომელიც 8 გავრცელებული კიბოს 31 ანტიგენს შეიცავს) ამჟამად უკვე მიმდინარეობს 400 ძაღლზე.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთი უნივერსალური ვაქცინის შექმნამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, თუმცა, თუ მიმდინარე ექსპერიმენტებმა გაამართლა, მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის ეს მედიცინაში ნამდვილი ტრიუმფი იქნება. ეს ნიშნავს ნაკლებ დამღლელ სკრინინგს, ოპერაციების თავიდან არიდებასა და სრულფასოვანი, მშვიდი ცხოვრების დაბრუნებას.
წყარო: Science

