ნერწყვისა და შარდის დიაგნოსტიკური პოტენციალი რევმატოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში

გააზიარე

სისხლის ტესტები და ბიოფსია დიდი ხანია რევმატოლოგიური დიაგნოსტიკის ხერხემალია. თუმცა, კვლევის ორი ახალი მიმართულება იმ ვარაუდს აჩენს, რომ იმუნური დაავადებების შესახებ ზოგიერთი ყველაზე ღირებული მინიშნება, შესაძლოა, ტრადიციული სადიაგნოსტიკო არეალის მიღმა – ნერწყვსა და შარდში იმალებოდეს.

აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მონიტორინგი იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე უნდა იყოს. სისხლის ანალიზები ყოველთვის როდი ასახავს იმას, რაც დაზიანებული ორგანოების შიგნით რეალურად მიმდინარეობს. ბიოფსია – ოქროს სტანდარტი ქსოვილის დონეზე დაავადების შესასწავლად – ინვაზიური და არაკომფორტულია, ამიტომ დაავადების პროგრესირებაზე თვალყურის დევნების მიზნით, მის ხშირად ჩატარებას ექიმები ერიდებიან.

“სისხლის შრატი და ბიოფსია ყოველთვის არ უნდა წარმოადგენდეს იმ ერთადერთ ვალიდურ ბიოლოგიურ ნიმუშს, რომელსაც იმუნური მექანიზმებით გაშუალებული დაავადებების დიაგნოსტიკაში ვეყრდნობით“, – განაცხადა პროფესორმა ულფ მიულერ-ლადნერმა, გერმანიის კერკჰოფის კლინიკის რევმატოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა, რომელიც სიტყვით გამოდიოდა კონფერენციაზე „Rheumatology Update 2026”.

მან განმარტა, რომ მკვლევრებს სჭირდებათ ისეთი ბიომარკერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ან უფრო ადრეულ დიაგნოსტიკას, ან იძლევიან მნიშვნელოვან პროგნოზულ ინფორმაციას – იდეალურ შემთხვევაში, ისეთი ნიმუშებიდან, რომელთა აღებაც მარტივია და პაციენტს დამატებით დისკომფორტს არ უქმნის. დღეს ამ როლისთვის ორგანიზმის ორი ბიოლოგიური სითხე – ნერწყვი და შარდი განიხილება.

ნერწყვი და შოგრენის სინდრომი: ფარული ფენოტიპი

შოგრენის სინდრომი არის აუტოიმუნური პათოლოგია, რომელიც უპირატესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს უტევს. მისი ძირითადი კლინიკური ნიშნები თვალებისა და პირის სიმშრალეა. დიაგნოსტიკა, როგორც წესი, კლინიკურ და რადიოლოგიურ მიგნებებთან ერთად, სისხლში სპეციფიკური აუტოანტისხეულების აღმოჩენას ეყრდნობა.

თუმცა, 446 ინდივიდის მონაწილეობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ რაღაც მოულოდნელი გამოავლინა. კვლევაში ჩართული იყვნენ როგორც შოგრენის დადასტურებული სინდრომის მქონე პაციენტები, ისე პირები, რომლებსაც მსგავსი სიმშრალე აღენიშნებოდათ, მაგრამ სისხლის დამახასიათებელ მარკერებზე უარყოფითი პასუხი ჰქონდათ.

იმ 88 მონაწილეს შორის, რომლებიც კლასიფიცირებულნი იყვნენ როგორც სერონეგატიური არაშოგრენის სიმშრალის (sicca) სინდრომის მქონენი, 75-ს ნერწყვის შემოწმებისას anti-Ro60 ანტისხეულებზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ამ პირებს რეალური სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა სისხლის ტრადიციული ანალიზი მათ ვერ გამოავლენდა.

ნერწყვი და რევმატოიდული ართრიტი

ნერწყვის ბიომარკერების ანალიზი რევმატოიდული ართრიტის (RA) მიმართულებითაც გაგრძელდა. მეცნიერებმა შეისწავლეს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისა და ჯანმრთელი მოხალისეების ნერწყვი.

მკვლევრები რევმატოიდულ ართრიტთან ასოცირებულ სამი ტიპის აუტოანტისხეულს ეძებდნენ: ციტრულინირებული ცილების (ACPA), კარბამილირებული ცილებისა და აცეტილირებული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულებს. სამივე მათგანი აღმოჩნდა იმ RA-პაციენტების ნერწყვის ნიმუშებში, რომლებიც ACPA-დადებითები იყვნენ; ამასთან, ანტისხეულის ტიპის მიხედვით, გავრცელების მაჩვენებელი 9%-დან 40%-მდე მერყეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ნაწლავის ნიმუშებში არცერთი ეს აუტოანტისხეული დაფიქსირებულა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნერწყვში მათი გამოვლენა არა უბრალოდ სისტემური “გაჟონვის” შედეგია, არამედ, შესაძლოა, უშუალოდ ადგილობრივი ლორწოვანი გარსის სპეციფიკურ იმუნურ გარემოს ასახავდეს.

ჯერ კიდევ დასადგენია, დაეხმარება თუ არა ნერწყვში ამ ანტისხეულების აღმოჩენა ექიმებს რევმატოიდული ართრიტის უფრო ადრეულ დიაგნოსტიკაში – პათოლოგიის, რომლის დროსაც დროულად დაწყებული თერაპია გრძელვადიან გამოსავალს საგრძნობლად აუმჯობესებს. მიულერ-ლადნერმა ამ საკითხზე საუბრისას სათანადო სიფრთხილე გამოიჩინა: „ვალიდაციის კვლევები, რა თქმა უნდა, აუცილებელია“.

შარდი და ლუპუს-ნეფრიტი

სისტემური წითელი მგლურას დროს თირკმელების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა. ამჟამინდელი მონიტორინგი თირკმლის ფუნქციურ სისხლის ტესტებს, შარდში ცილის განსაზღვრასა და შარდის ნალექის მიკროსკოპულ გამოკვლევას ეყრდნობა. ლუპუს-ნეფრიტზე ეჭვის არსებობისას, დაზიანების ჰისტოპათოლოგიური ხასიათის დასადგენად, თირკმლის ბიოფსიის ჩატარება აუცილებელია.

პრობლემა ისაა, რომ შარდის ცილისა და ნალექის ანალიზი, თუმცა პრაქტიკული, მაინც საკმაოდ არასპეციფიკური ინსტრუმენტებია. მათ შეუძლიათ დაადასტურონ თირკმლის დაზიანების ფაქტი, მაგრამ ვერაფერს გვეუბნებიან იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ ან სად მიმდინარეობს ეს პროცესი.

იაპონელმა მკვლევრებმა ლუპუს-ნეფრიტით დაავადებული (ბიოფსიით დადასტურებული) პაციენტების შარდის შესასწავლად პროტეომიკული ანალიზი – ბიოლოგიურ ნიმუშში არსებული ცილების ყოვლისმომცველი კარტოგრაფირების მეთოდი – გამოიყენა. კლასტერული ანალიზისა და ქსოვილის სტრუქტურულ მიგნებებთან კორელაციის გზით, მათ ხუთი განსხვავებული ჰისტოპათოლოგიური ქვეჯგუფი გამოყვეს.

განსაკუთრებით ინფორმაციული შარდის სამი ცილა აღმოჩნდა: კალგრანულინი B (იგივე S100A9), მონოციტების ქემოატრაქტანტული ცილა 1 (MCP-1) და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის დამაკავშირებელი ცილა 5 (IGFBP-5). დადგინდა, რომ ეს მოლეკულები სპეციფიკურად წინასწარმეტყველებენ თირკმლის დაზიანების სამი განსხვავებული ტიპის არსებობასა და სიმძიმეს: აქტიური გლომერულური დაზიანებების (თირკმლის მფილტრავი ერთეულების პათოლოგია), ინტერსტიციული ანთებისა და ინტერსტიციული ფიბროზის (საყრდენი ქსოვილის ნაწიბუროვანი ცვლილება) ჩათვლით.

ეს არის დაზიანების თვისებრივად განსხვავებული ფორმები, რომელთა დიფერენცირებისთვისაც ამჟამად ბიოფსიაა საჭირო. თუ შარდის ცილოვანი პროფილის განსაზღვრით საიმედოდ გახდება შესაძლებელი იმის გამოვლენა, თუ რომელი ფორმა აქვს პაციენტს, ეს შეამცირებს ინვაზიური ბიოფსიის საჭიროებას და პოტენციურად, მკურნალობის ტაქტიკის უფრო ზუსტად შერჩევას უზრუნველყოფს.

რა არის საჭირო სამომავლოდ

კვლევის ორივე მიმართულება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. შოგრენის სინდრომისა და რევმატოიდული ართრიტის დროს ნერწყვის ანტისხეულების შესწავლით მიღებული მონაცემები ჯვარედინი შესწავლისა და ობსერვაციულ ხასიათს ატარებს. ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბიომარკერები ნერწყვში ნამდვილად არსებობენ, თუმცა ჯერ არ გვცემენ პასუხს კითხვაზე – აუმჯობესებს თუ არა მათზე დაყრდნობით მიღებული კლინიკური გადაწყვეტილებები პაციენტის გამოსავალს. რაც შეეხება ლუპუს-ნეფრიტის დროს შარდის პროტეომიკულ მიგნებებს, კლინიკურ პრაქტიკაში მათ დანერგვამდე აუცილებელია შედეგების ვალიდაცია უფრო დიდ, დამოუკიდებელ კოჰორტებში.

მიუხედავად ამისა, კვლევების ვექტორი ნათელია და მას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა ხშირად გვიანდება, მონიტორინგი არაზუსტად მიმდინარეობს, მკურნალობა კი ხშირად ისეთ მარკერებს ეფუძნება, რომლებიც ასახავს სისტემურ ანთებას და არა კონკრეტული ორგანოს დაზიანებას. იმის საიმედო და არაინვაზიური შეფასება, თუ რა ხდება უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლებში, სინოვიალურ გარსსა თუ თირკმელში, ამ პათოლოგიების გამოვლენისა და მართვის მიდგომებს ძირეულად შეცვლიდა.

წყარო: Medscape

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები