რა უნდა იცოდნენ მამაკაცებმა პროსტატის კიბოს შესახებ — რობოტული ქირურგის რჩევები

გააზიარე

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ჰოსპიტლის (UCLH) კონსულტანტი უროლოგი და რობოტული ქირურგი, პროფესორი პრაბჰაკარ რაჯანი პროსტატის კიბოსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებასა და იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს. გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად პროსტატის კიბოს 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება და ის სიცოცხლის განმავლობაში რვა მამაკაციდან ერთს უვითარდება.

პროფესორი რაჯანი ხაზს უსვამს PSA ტესტის მნიშვნელობას, რომელსაც სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის დადგენა შეუძლია. მისი თქმით, ნებისმიერ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს, სიმპტომების არქონის მიუხედავადაც, შეუძლია ამ ტესტის მოთხოვნა. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროსტატის კიბო ხშირად უსიმპტომოა მანამ, სანამ პროსტატის ფარგლებს არ გაცდება, რა დროსაც მისი მკურნალობა რთულდება“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

მძიმე ფორმის კიბოს საგანგაშო ნიშნებს შორის რაჯანი ასახელებს ტკივილს ზურგის, მენჯის ან ბარძაყის არეში, წონის აუხსნელ კლებას, სისხლს შარდში ან სპერმაში და ერექციის პრობლემებს. მიუხედავად ამისა, შარდვის გართულება ყოველთვის კიბოს არ ნიშნავს და ის ასაკთან ერთად ხშირია, თუმცა, შარდის სუსტი ნაკადი და ტუალეტში ხშირი, გადაუდებელი ვიზიტის მოთხოვნილება ექიმთან დროულ კონსულტაციას მოითხოვს.

პრევენციისთვის ექიმი ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასა და ხმელთაშუაზღვის დიეტას გვირჩევს, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით (განსაკუთრებით პომიდორი და ბროკოლი), ხილით, მარცვლეულითა და თევზით. რეკომენდებულია წითელი ხორცისა და რძის პროდუქტების, ასევე ალკოჰოლის შეზღუდვა და მოწევაზე უარის თქმა. მწვანე ჩაი, სოიოს პროდუქტები, კურკუმა და ბროწეული კი, ექიმის თქმით, პროსტატას პირდაპირ იცავს.

პროფესორი რაჯანი აღნიშნავს, რომ დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი არ არის. „როგორც ექიმები, ჩვენ ახლა ბევრად უფრო ყურადღებიანები ვართ მკურნალობის შემდგომი შედეგების მიმართ. ადრე ვფიქრობდით, რომ კიბო ცუდია, ამიტომ უნდა განგვეკურნა პაციენტი და შედეგებზე მერე გვეფიქრა. მაგრამ პაციენტებს ჩვენი მუშაობის შედეგებთან ცხოვრება უწევთ. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა საკმარისი არ არის, თუკი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს ახალი რეალობა ცხოვრებად არ ღირს“, — ამბობს იგი. უახლესი რობოტული ქირურგიის დამსახურებით, შარდის შეუკავებლობისა და იმპოტენციის, როგორც ოპერაციის თანმდევი გართულებების რისკი ახლა ბევრად დაბალია.

ქირურგიული ჩარევა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის. დღეს ხელმისაწვდომია ისეთი ალტერნატივები, როგორიცაა, მაგალითად, აქტიური დაკვირვება (ნელა მზარდი სიმსივნეებისთვის), ფოკალური თერაპია და სხივური თერაპია. მკურნალობის ტაქტიკა თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად, ასაკის, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და კიბოს აგრესიულობის გათვალისწინებით ირჩევა. ტექნოლოგიური პროგრესი, განსაკუთრებით MRI სკანირება, საშუალებას იძლევა, ქირურგიული ჩარევა მაქსიმალური სიზუსტით დაიგეგმოს და დელიკატური ნერვები შენარჩუნდეს.

პროფესორი რაჯანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ PSA ტესტირება არ არის საკმარისი და აუცილებელია სკრინინგის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება. „ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სკრინინგის სტრატეგია, რომელიც სანდოდ გამოავლენს აგრესიულ პროსტატის კიბოს ადრეულ, განკურნებად სტადიაზე“, — აცხადებს იგი. სანამ ახალი კლინიკური კვლევების (TRANSFORM და IMProVE) შედეგები გახდება ცნობილი, ექიმი მოუწოდებს კოლეგებს, უკეთ აღრიცხონ რისკ-ფაქტორები, მამაკაცებს კი ურჩევს, გააცნობიერონ საკუთარი ინდივიდუალური რისკი და ექიმთან ღიად ისაუბრონ ტესტირების საჭიროებაზე.

წყარო: Telegraph

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები