სისხლის წნევის (BP) ზუსტი გაზომვა არის ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვის ქვაკუთხედი. მიუხედავად ამისა, კვლევები ცხადყოფს, რომ კლინიკურ პირობებში ჩატარებული გაზომვები ხშირად არაზუსტია. ეს პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს მკურნალობას, რადგან იწვევს არასწორ დიაგნოზს, შეუსაბამო ფარმაკოლოგიურ თერაპიას, გვერდით ეფექტებსა და გაზრდილ სამედიცინო ხარჯებს. ამ არაზუსტი გაზომვის მიზეზების გააზრება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის მართვის კლინიკური შედეგების გასაუმჯობესებლად.
კლინიკური კონტექსტი: ახალი გაიდლაინებისა და სტატისტიკის გავლენა
ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC) 2025 წლის გაიდლაინების მიხედვით, ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყების ზღვრული მაჩვენებელი 130/80 მმ. ვწყ. სვ.-მდე შემცირდა. ეს ცვლილება მკვეთრად ზრდის სისხლის წნევის (BP) ზუსტი გაზომვის კრიტიკულ მნიშვნელობას.
სულ რაღაც 5 მმ. ვწყ. სვ. ცდომილებამ შესაძლოა მილიონობით პაციენტის არასწორი კლასიფიკაცია გამოიწვიოს, რაც უარყოფითად აისახება მათ თერაპიულ სტრატეგიასა და ცხოვრების ხარისხზე. მიუხედავად ამისა, კვლევები (მაგალითად, 2021 წლის ანალიზი AJPC-ში) ცხადყოფს, რომ წნევის ზუსტი გაზომვის სტანდარტები კვლავ არ არის დაცული, კარდიოლოგებს შორისაც კი. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ ჯანდაცვის პროვაიდერები ხშირად მცდარ მაჩვენებლებს ენდობიან და მათზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს.
არაზუსტი BP მაჩვენებლები ხშირად მცდარი ელევაციით (მომატებით) ხასიათდება, რომლის მიზეზიც წნევის არასწორი მეთოდით გაზომვა (ტექნიკური შეცდომა), ან პაციენტის სტრესულ კლინიკურ გარემოში ყოფნაა (White Coat Effect).
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის (AMA) ინფორმაციით, კლინიკაში წნევის გაზომვა 20%-დან 45%-მდე შეცდომით ხდება, რომელსაც პირდაპირ შეუძლია შეცვალოს პაციენტის მკურნალობის სქემა.
ოთხი ძირითადი შეცდომა წნევის გაზომვისას და მათი გამოსწორების გზები
- პაციენტთან დაკავშირებული ფაქტორები
წნევის მატება შეიძლება გამოიწვიოს ექიმთან ვიზიტამდე 30 წუთის განმავლობაში მიღებულმა საკვებმა, თამბაქომ ან ფიზიკურმა დატვირთვამ. აღსანიშნავია, რომ სავსე შარდის ბუშტს შეუძლია სისტოლური არტერიული წნევა 33 მმ. ვწყ. სვ.-მდე გაზარდოს. გარდა ამისა, “თეთრი ხალათის ეფექტი” – კლინიკურ სივრცეში განცდილი სტრესი – წნევას 26 მმ. ვწყ. სვ.-მდე ზრდის, რაც მცდარ მაღალ შედეგს იძლევა.
გამოსავალი: პაციენტებს უნდა მიეწოდოთ მკაფიო ინსტრუქციები: გაზომვამდე 30 წუთით ადრე თავი უნდა აარიდონ კოფეინის, ნიკოტინის, საკვების მიღებას და ფიზიკურ დატვირთვას. უშუალოდ გაზომვამდე კი მათ უნდა დაისვენონ მშვიდად მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში. წნევის გაზომვისას პაციენტები უნდა იყვნენ სწორ პოზიციაში, ფეხები მყარად ედოთ (გადაჯვარედინების გარეშე), ხოლო ხელი დაფიქსირებული უნდა იყოს გულის დონეზე.
- პროცედურული შეცდომები
წნევის გაზომვისას შეცდომები ხშირად არასწორი ტექნიკის შედეგია. მაგალითად, თუ პაციენტის ხელი გულის დონის ქვემოთაა, ამან შეიძლება მაჩვენებლები 23 მმ. ვწყ. სვ.-მდე გაზარდოს. ასევე, არაზუსტ შედეგს იძლევა ფეხების გადაჯვარედინება, გაზომვის დროს საუბარი ან მანჟეტის ძალიან სწრაფი დაფუშვა. ამასთან, სიზუსტე იკარგება, როდესაც ტარდება მხოლოდ ერთჯერადი გაზომვა განმეორების გარეშე.
გამოსავალი: კლინიკებმა უნდა დანერგონ სტანდარტიზებული პროტოკოლები: სისხლის წნევა უნდა გაიზომოს მშვიდ ოთახში, სწორი პოზის სრული დაცვით. აუცილებელია, ჩატარდეს მინიმუმ ორი გაზომვა 1-2 წუთის ინტერვალით, ხოლო დიაგნოსტიკისთვის მათი საშუალო მაჩვენებელი იქნას გამოყენებული. ამ წესების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პერსონალის რეგულარული ტრენინგი და რუტინული აუდიტის ჩატარება.
- აპარატურის ხარვეზები
მრავალი სამედიცინო დაწესებულება კვლავ იყენებს ანეროიდულ სფიგმომანომეტრებს (მექანიკურ საზომებს), რომლებსაც დროთა განმავლობაში ეკარგებათ კალიბრაციის სიზუსტე. ასევე, ბევრი ავტომატიზებული წნევის აპარატი არ არის ვალიდური საერთაშორისო სტანდარტებით, რაც არასანდო შედეგებს იწვევს. თუმცა, შეცდომის ყველაზე გავრცელებული მიზეზია არასწორი ზომის მანჟეტის გამოყენება: პატარა მანჟეტი ხელოვნურად ზრდის წნევას, ხოლო დიდი მანჟეტი კი ამცირებს მას.
გამოსავალი: აუცილებელია კლინიკურად ვალიდური ავტომატიზებული აპარატების გამოყენება, ხოლო ანეროიდული მოწყობილობებისთვის საჭიროა წლიური კალიბრაცია. სანდო მონიტორების იდენტიფიცირებაში გვეხმარება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა US VDL (აშშ-ის ვალიდირებული მოწყობილობების სია). გარდა ამისა, კლინიკები ვალდებულნი არიან, იქონიონ მანჟეტების შესაბამისი ზომების მარაგი, რომელიც თითოეული პაციენტის ხელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა.
4. ჯანდაცვის პროვაიდერების პრაქტიკა
დროის სიმწირისა და მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო, სამედიცინო პერსონალი ხშირად მიმართავს “პროცედურულ შემოკლებებს”. ეს გულისხმობს იმას, რომ ისინი უგულებელყოფენ მოთხოვნებს, როგორიცაა პაციენტისთვის გაზომვამდე საჭირო დასვენების დროის გამოყოფა, ან კმაყოფილდებიან მხოლოდ ერთი გაზომვით, ნაცვლად რეკომენდებული განმეორებითი გაზომვებისა.
გამოსავალი: კლინიკური პრაქტიკის ოპტიმიზაციისა და ჰიპერტენზიის კონტროლის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია უწყვეტი განათლება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ხარისხის კონტროლის პროგრამების დანერგვა (მაგ. AMA-ს MAP ინიციატივა). ამ პროცესში ვებ-დაფუძნებული ტრენინგის მოდულები გვთავაზობს ხარჯთეფექტურ და მასშტაბურ საგანმანათლებლო რესურსებს.
კლინიკური გარემო და სამუშაო პროცესის სირთულეები
კლინიკურ გარემოში არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ამცირებს ზუსტი გაზომვის ალბათობას. მრავალ დაწესებულებას არ აქვს სათანადო ინფრასტრუქტურა (მაგ. განცალკევებული, მშვიდი სივრცე) პაციენტების გაზომვამდე მოსვენებისთვის. პაციენტებს ხშირად უწევთ დიდი მანძილის ფეხით გავლა ან კიბეებზე ასვლა, ასევე ხდებიან გარე გამღიზიანებლების (ხმაური, დაძაბული გარემო, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა) ზემოქმედების ქვეშ ექიმთან ვიზიტამდე. გარდა ამისა, ოთახის ფიზიკური განლაგება და თავად სამუშაო პროცესი შესაძლოა ხელს უშლიდეს BP სწორ გაზომვას, როგორც პაციენტის გამოკვლევის ძირითად და კრიტიკულ ეტაპს.
სახლის პირობებში მონიტორინგი (HBPM)
ექსპერტები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას სახლის პირობებში წნევის მონიტორინგს (HBPM), რომელიც უზრუნველყოფს მრავალჯერად და თანმიმდევრულ გაზომვას. ეს მნიშვნელოვნად ასტაბილურებს კლინიკური გაზომვების ცვალებადობას და ამცირებს “თეთრი ხალათის ეფექტს”. HBPM ასევე აძლიერებს პაციენტის აქტიურ ჩართულობას მკურნალობის პროცესში.
ტექნოლოგიური პროგრესი, მათ შორის ვალიდური ავტომატიზებული მანჟეტები, ამბულატორიული მონიტორები და ჯანმრთელობის ჩანაწერების ინტეგრაცია, ხელს უწყობს კლინიკის გარეთ ზუსტი მონაცემების შეგროვებას. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტების განათლება, რათა მათ სახლის პირობებში გაზომვა სწორი ტექნიკით შეძლონ.
წნევის ადკავტურად გაზომვის უზრუნველყოფით, ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ ჰიპერტენზიის უკეთ დიაგნოსტირებასა და მართვას. ეს საბოლოოდ შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გლობალურ ტვირთს და გააუმჯობესებს მილიონობით პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
წყაროები: Barriers to Accurate Blood Pressure Measurement in the Medical Office – NIH
4 big ways BP measurement goes wrong, and how to tackle them – AMA
Aneroid Sphygmomanometer Calibration: A Looming Iceberg of Imprecision? – Annals of family medicine
Measure accurately – Target: BP
Are you sure you’re accurately measuring BP? Here’s how to know – AMA

