მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ მწეველებს მხედველობის დაკარგვის ოთხჯერ მაღალი რისკი აქვთ, თუმცა აქამდე უცნობი იყო, ზუსტად როგორ აზიანებს კვამლი თვალს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ თამბაქო თვალის უჯრედებში ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იწვევს, რაც მხედველობის ორგანოს გარემო სტრესთან ბრძოლის უნარს ართმევს.
კვლევის მიხედვით, კვამლი პირველ რიგში აზიანებს ბადურის იმ უჯრედებს, რომლებიც ჩვენს მხედველობაზე არიან პასუხისმგებელნი. თამბაქოს ზემოქმედებით ამ უჯრედების სტრუქტურა ისე იცვლება, რომ მათ აღარ შეუძლიათ საჭირო გენების გააქტიურება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს საინტერესო განსხვავება ასაკობრივ ჯგუფებს შორის: ახალგაზრდა უჯრედები მაინც ახერხებენ დამცავი „დაბერების საწინააღმდეგო“ გენების გააქტიურებას და გადარჩენას. თუმცა, ასაკოვანი უჯრედები ამ ბრძოლაში მარცხდებიან. მათ აღარ აქვთ ძალა, გააქტიურონ თვითგადარჩენის მექანიზმი, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილს იწვევს.
მეცნიერების ეს აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას იმაზე, როგორ აზიანებს თამბაქო ორგანიზმს. თუ აქამდე გვეგონა, რომ მოწევა მხოლოდ აჩქარებდა უჯრედების დაბერებას, ახლა ნათელია, რომ ის პირდაპირ თიშავს იმ სასიცოცხლო ფუნქციებს, რომლებიც უჯრედს გარემო სტრესისგან იცავს. ეს პროცესი ძალიან ჰგავს იმას, რაც მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების დროს (AMD) ხდება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კონკრეტული გენეტიკური ცვლილებების შესწავლა ახალ გზებს გაუხსნის მედიცინას. მათი მიზანია მკურნალობაის მეთოდი შემუშავდეს, რომელიც შეაჩერებს მწეველებში მხედველობის დაკარგვის პროცესს და დაიცავს თვალის უჯრედებს კვდომისგან.
წყარო: PNAS

