რატომ ხდება მოზარდებში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური პრობლემა? ინტერვიუ ოლიკო ნაკაშიძესთან

გააზიარე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მოზარდებში ძალადობა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში, ხოლო ყოველი მესამე მოზარდი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხდება. სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ძალადობა თანამედროვე ახალგაზრდობისთვის სისტემურ პრობლემად იქცა გლობალურად. მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავეა იმ ქვეყნებში, რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას განიცდიან და სადაც საზოგადოების პოლარიზაცია განსაკუთრებით ღრმაა.

ფაქტია, მოზარდობის ასაკი პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რა დროსაც გარესამყაროსგან მიღებული ეთიკური ორიენტირები გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგრამ, რატომ ირჩევს მოზარდი ძალადობას კომუნიკაციის ენად და როგორ ზემოქმედებს მისი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესზე ოჯახი, საზოგადოება, ციფრული სივრცე? ამ თემებზე ფსიქოლოგი და გეშტალტთერაპევტი ოლიკო ნაკაშიძე გვესაუბრება. 

წინამდებარე ინტერვიუში ოლიკო ნაკაშიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ ყალიბდება ახალგაზრდების იდენტობა პოლარიზებულ საზოგადოებაში და რა მექანიზმებით ხდება მორალური ბარიერების რღვევა იმგვარად, რომ საბოლოოდ მოზარდი მძიმე ძალადობრივი ქმედებების ჩადენამდე მიდის.

რამდენად შესაძლებელია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა და საზოგადოებრივი პოლარიზაცია მოზარდის იდენტობის მოძალადედ ფორმირების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განვიხილოთ?

უნდა გვესმოდეს, რომ მოზარდობის ასაკი პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პროცესია.

წარმოიდგინეთ მოზარდი, რომელიც საკუთარი „მეს“ ძიების რთულ გზაზეა: ის აღარ არის ბავშვი, რომელსაც მშობლის ყოველი სიტყვა ჭეშმარიტება ჰგონია, მაგრამ ჯერ არც ჩამოყალიბებული ზრდასრულია, რომელსაც მყარი შინაგანი საყრდენი გააჩნია. სწორედ ამ მყიფე ეტაპზე, როდესაც ის გარესამყაროსგან ეთიკურ ორიენტირებს ელის, ხედავს ტელეეკრანებიდან თუ სოციალური მედიიდან მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვასა და აგრესიას. ასეთ ტოქსიკურ გარემოში პოლიტიკური ქაოსი უბრალოდ ფონი კი არა, იმ მძლავრ მექანიზმად იქცევა, რომელიც მოზარდის ფსიქიკას ძალადობისკენ უბიძგებს.

როდესაც საზოგადოებრივი ლიდერები და უფროსები კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად აგრესიასა და პიროვნულ შეურაცხყოფას ირჩევენ, მოზარდი ამას აღიქვამს როგორც გადარჩენის ერთადერთ მოდელს. შედეგად, ჩვენ ვიღებთ თაობას, რომლისთვისაც ძალადობა კომუნიკაციის ენად იქცევა, ხოლო თვითშეფასება – არა შინაგან სიმშვიდესა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაზე, არამედ სხვების დათრგუნვაზე დაფუძნებულ ილუზიად.

როდესაც საზოგადოება ორ დაპირისპირებულ ბანაკად იხლიჩება, მოზარდი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მყარი ღირებულებები, მარტოობის შიშს გაურბის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნებოდეს.

თუკი ირგვლივ ყველა გაჰყვირის, რომ “სხვა” მტერია, მისთვის აგრესიული ქცევა ერთგულების გამოცდად იქცევა. უნდა გვესმოდეს აგრესიის სათავე, ხშირად მოზარდი სხვას იმიტომ კი არ აყენებს ტკივილს, რომ ბოროტება სწყურია, არამედ იმიტომ, რომ თავისიანებს დაუმტკიცოს, რომ სანდოა და მათთან ყოფნის ღირსია.

ეს არის მიკუთვნებულობის შიშით მოტივირებული ძალადობა. მოზარდი, ან თუნდაც ზრდასრული, რომელიც ხედავს პოლარიზებულ გარემოს, გრძნობს, რომ თუ ის არ იქნება აგრესიული „სხვების“ მიმართ, მას საკუთარი ჯგუფი გარიყავს.

პოლიტიკური დაპირისპირება ხშირად ადამიანებისგან მხოლოდ “მტრის ხატს” ქმნის. როდესაც ბავშვი მუდმივად ისმენს, რომ ოპონენტები მხოლოდ “ბოროტების განსახიერება” არიან, მის გონებაში ისინი ადამიანობას კარგავენ. თუ მოწინააღმდეგეში ადამიანს ვეღარ ხედავ, მასზე თავდასხმაც ჩვეულებრივ ამბად იქცევა – ასეთ დროს ემპათიის განცდა უბრალოდ ითიშება.

ალბერტ ბენდურას თეორია პირდაპირ გვეუბნება: მოზარდები ავტორიტეტეტული ფიგურების ქცევას აკოპირებენ. თუკი ქვეყნის ლიდერები პრობლემებს მხოლოდ ყვირილითა და შეურაცხყოფით აგვარებენ, ბავშვიც ითვისებს უმარტივეს წესს – სიმართლე მის მხარეზეა, ვინც უფრო ძლიერია.

ბუნდოვანი ხვალინდელი დღე კი, შფოთვას ბადებს, რაც რაციონალურ აზროვნებას თრგუნავს. როცა ოჯახისა და სკოლის როლი სუსტდება, წარმოქმნილ სიცარიელეს ქუჩა ავსებს. აქ ძალადობა თვითდამკვიდრების ერთადერთ გზად იქცევა – განცდა, რომ ის ძლიერია და საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებს.

როგორ გადაიზრდება საზოგადოებაში არსებული სოციო-ეკონომიკური პრობლემები მოზარდის ინდივიდუალურ აგრესიად და არის თუ არა ასეთ დროს ეს თვითდამკვიდრების ერთგვარი მექანიზმი?

ფსიქოლოგიაში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი: როდესაც ადამიანს საბაზისო საჭიროებებზე წვდომა ეზღუდება, მასში ფრუსტრაცია იბადება. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ მატერიალურ დეფიციტს; ეს შეიძლება იყოს უსამართლობის მწვავე განცდა, რომ მისი სასტარტო პირობები სხვებზე გაცილებით უსამართლო ან რთულია. რადგან მოზარდი ვერ ებრძვის აბსტრაქტულ „ეკონომიკურ სისტემას“, მისი დაგროვილი ბრაზი ხელშესახებ ობიექტებზე — თანატოლებსა თუ მასწავლებლებზე გადადის.

ეკონომიკური პრობლემები მოზარდამდე, პირველ რიგში, ოჯახური ფილტრის გავლით აღწევს. მუდმივი ფინანსური სტრესის ქვეშ მყოფი მშობელი ხშირად ემოციურად იფიტება. ასეთ დროს აღზრდის სტილი ან ზედმეტად მკაცრი ხდება, ან პირიქით — გულგრილი. მოზარდი, რომელიც სახლში ვერ პოულობს საყრდენსა და ემოციურ მხარდაჭერას, იწყებს გარეთ აგრესიული გზით ყურადღების მოპოვებას.

არის თუ არა ეს თვითდამკვიდრების მექანიზმი? დიახ, თუმცა — დამახინჯებული. როდესაც მოზარდს არ აქვს „ეკონომიკური კაპიტალი“ – ხარისხიანი ტექნიკა, ტანსაცმელი თუ მოგზაურობის შესაძლებლობა, ის ამ დანაკლისის „ფიზიკური კაპიტალით“ კომპენსირებას ცდილობს. ძალადობა ხდება ინსტრუმენტი, რომლითაც ის სოციალურ წრეში გავლენასა და „პატივისცემას“ მოიპოვებს. ფინანსური არასტაბილურობა ადამიანს აგრძნობინებს, რომ მას საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვს, აგრესიული ქმედება კი აძლევს მომენტალურ, თუმცა მცდარ განცდას, რომ სიტუაციას თავად მართავს.

რა როლს ასრულებს ოჯახური გარემო მოზარდის მოძალადედ ჩამოყალიბებაში? როგორ გარდაიქმნება ოჯახში განცდილი ემოციური ტრავმა ან ძალადობა მოზარდის გარეგან აგრესიად და რამდენად ხდება სახლში დაგროვილი ბრაზი სხვებზე ძალადობის მთავარი მოტივატორი?

მოზარდები იშვიათად აკეთებენ იმას, რასაც სიტყვიერად ვასწავლით, მაგრამ ყოველთვის იმეორებენ იმას, რასაც ხედავენ. ოჯახი მათთვის პირველი სოციალური მოდელია, თუ სახლში კონფლიქტი მხოლოდ ყვირილით ან ფიზიკური დასჯით გვარდება, ბავშვი ამას კომუნიკაციის ერთადერთ სწორ ენად ითვისებს. ეს ერთგვარი თავდაცვაცაა – საკუთარ სახლში განცდილი უმწეობის დასაძლევად, ის ქვეცნობიერად ირჩევს აგრესორის როლს გარეთ – ჯობია მე ვატკინო სხვას, ვიდრე თავად ვიყო მსხვერპლი.

შინაგანი ტკივილი გარეგან აგრესიად „ემოციური გადატანის“ პრინციპით გარდაიქმნება. ოჯახში მიღებული დამცირება უზარმაზარ ფსიქოლოგიურ მუხტს აგროვებს. რადგან მოზარდი ბრაზს მშობელს ვერ უბრუნებს, ის ეძებს უსაფრთხო ობიექტს – თანატოლს ან უფრო სუსტს, რომელზეც ამ დაგროვილ ენერგიას დაცლის. ამავდროულად, სახლში უგულებელყოფილი ტკივილი იწვევს ემოციურ გაყინვას; მას უქვეითდება სხვისი თანაგრძნობის უნარი, რაც სხვის დაჩაგვრას დანაშაულის განცდის გარეშე ხდის შესაძლებელს.

როცა სახლი „ციხესიმაგრის“ ნაცვლად საფრთხის წყაროდ იქცევა, მოზარდის შინაგანი უსაფრთხოების სისტემა ირღვევა და ის მუდმივი „ბრძოლის რეჟიმში“ გადადის. მისთვის სამყარო დაუნდობელი ადგილი ხდება, სადაც უბრალო გამოხედვაშიც კი თავდასხმას ხედავს. სწორედ აქ იბადება პრევენციული აგრესია – ის პირველი იწყებს ძალადობას, რათა დაასწროს სხვას და კიდევ ერთხელ არ იგრძნოს ის დამამცირებელი უმწეობა, რასაც საკუთარ კედლებში განიცდის. ოჯახში დალექილი წყენა და გაბრაზება მისთვის ამოუწურავ ენერგიად იქცევა, რომელიც ყოველდღიურ ძალადობას მუდმივად ასაზრდოებს.

რა როლი შესაძლოა ჰქონდეს ციფრულ სივრცეში არსებულ ძალადობრივ ნარატივს მოზარდის ფსიქიკურ ტრანსფორმაციაში?

ციფრული სივრცე მოზარდისთვის ერთგვარი პარალელური სამყაროა, სადაც ძალადობრივი ნარატივი მის ფსიქიკას ნელ-ნელა გარდაქმნის. როდესაც ბავშვი მუდმივად უყურებს აგრესიულ კადრებს ან კითხულობს სიძულვილით სავსე პოსტებს, ხდება ემოციური შეჩვევა. ის, რაც ადრე შოკისმომგვრელი იყო, ახლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რეალურ ცხოვრებაში სხვისი ტკივილი მასში თანაგრძნობას აღარ იწვევს, რადგან ვირტუალური სისასტიკის სიმრავლემ მისი ემპათიის უნარი უბრალოდ გადაწვა.

სოციალური მედიის ალგორითმები კი ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებენ. ერთი აგრესიული პოსტით დაინტერესებაც საკმარისია, რომ პლატფორმამ მოზარდს მსგავსი კონტენტი უწყვეტად მიაწოდოს. მას ექმნება ილუზია, რომ მთელი სამყარო ასე ფიქრობს. ის პოულობს ვირტუალურ თანამოაზრეებს, რომლებიც მის აგრესიას ამართლებენ და აქებენ, რაც ძალადობრივი იდენტობის ჩამოყალიბებას ასევე უწყობს ხელს.

ამასთანავე, ეკრანი მოზარდს დაუსჯელობისა და ანონიმურობის განცდას აძლევს. ციფრული სივრცე ხსნის იმ მორალურ მუხრუჭებს, რომლებიც მას რეალურ ცხოვრებაში აკავებდა. ვირტუალური სასტიკი პერსონაჟი ნელ-ნელა რეალურ ადამიანს ანაცვლებს — მოზარდი ინტერნეტსივრცეში მოპოვებული აგრესიული იმიჯის ტყვე ხდება. ის ცდილობს, ეკრანს მიღმა ნაპოვნი ეს ძალაუფლების განცდა სკოლის დერეფნებსა თუ ქუჩაშიც გადმოიტანოს და ვირტუალური ავტორიტეტი რეალურ ძალადობად აქციოს.

ციფრულმა სამყარომ ძალადობა უწყვეტ პროცესად აქცია. თუ ადრე ბავშვი ჩაგვრას სახლში გამოექცეოდა, ახლა ბულინგი მას ჯიბეში, ტელეფონის საშუალებით თან დაჰყვება. ხშირად, ისინი, ვინც თავად ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლნი, თავდაცვის მიზნით თავადვე გარდაიქმნებიან აგრესორებად, რათა დაკარგული კონტროლის განცდა როგორმე დაიბრუნონ.

რადიკალური იდეოლოგიებისა და ჯგუფების გავლენა რამდენად ნიშანდობლივია ამ დროს?

მოზარდობისას გაურკვევლობა ყველაზე დიდი ტვირთია. რადიკალური იდეოლოგიები კი ბავშვს „იდეალურ“ შაბლონს სთავაზობენ: სამყაროს მკაცრად ყოფენ შავად და თეთრად, კეთილებად და ბოროტებად. ეს მოზარდს ფიქრისა და ძიების საჭიროებას უხსნის — ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია, რაც მას სიმშვიდის ილუზიას აძლევს.

ამ დროს იქმნება „მტრის ხატიც“: იდეოლოგია მოზარდის პირად ტკივილს თუ წარუმატებლობას რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს გადააბრალებს. „შენ კი არ ხარ სუსტი, ისინი გიშლიან ხელს“ — ეს ნარატივი მას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და ბრაზს მიზანს სძენს.

ძალადობრვი ჯგუფები მოზარდს იმას აძლევენ, რასაც ის ყველაზე მეტად ეძებს – აღიარებას. ის ხდება რაღაც „დიდი იდეის“ ნაწილი, „მებრძოლი“ ან „გადამრჩენელი“. ეს ილუზია მკვეთრად უზრდის თვითშეფასებას იმ ბავშვს, რომელიც რეალობაში თავს უმნიშვნელოდ გრძნობდა. ხშირად ეს ჯგუფები ახალ ოჯახად იქცევიან, სადაც ერთგულების მთავარი საზომი აგრესიულობაა.

აქ აგრესია კარგავს თავის პირველად სახეს და „გმირულ აქტად“ გარდაიქმნება. მოზარდისთვის სიმბოლოები და ჯგუფური რიტუალები იმგვარ გარემოს ქმნის, სადაც ძალადობა ლეგიტიმური და პრესტიჟული ხდება. ის წყვეტს კავშირს გარე სამყაროსთან, კეტავს ყველა კარს განსხვავებული აზრისთვის და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ჩაიდინოს ნებისმიერი სისასტიკე, რადგან სჯერა, რომ ამით „დიდ საქმეს“ ემსახურება.

კონკრეტულად რა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციების შედეგად ხდება მოზარდის ცნობიერებაში მორალური ბარიერების რღვევა, რაც მას მძიმე ძალადობრივი აქტის ჩადენისკენ უბიძგებს?

მორალური ბარიერების რღვევა არ ხდება უცებ, ეს არის ფსიქიკის ნაბიჯ-ნაბიჯ „გადაპროგრამება“, რათა მოზარდმა სისასტიკე დანაშაულის განცდის გარეშე ჩაიდინოს. პირველი ეტაპი მორალური გამართლებაა: ბავშვი თავის გონებაში ძალადობას აკეთილშობილებს. ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ სხვას კი არ აზიანებს, არამედ „სამართლიანობას აღადგენს“ ან „ღირსებას იცავს“. ასე აგრესია მის თვალში წმინდა მოვალეობად გარდაიქმნება.

როდესაც მოზარდი ჯგუფის წევრია, ერთვება პასუხისმგებლობის გადანაწილება. ის ფიქრობს: „ეს მე კი არა, ჩვენ გავაკეთეთ“. ინდივიდუალური „მე“ იკარგება, პასუხისმგებლობა კი თითქოს ჰაერში იფანტება. ეს მას უფლებას აძლევს, ჩაიდინოს ის, რასაც მარტო ყოფნისას სინდისი არ ჩაადენინებდა.

ამას მოჰყვება ყველაზე საშიში ნაბიჯი — მსხვერპლის დეჰუმანიზაცია. იმისთვის, რომ ბარიერი საბოლოოდ დაინგრეს, მოძალადემ მსხვერპლში ადამიანი ვეღარ უნდა დაინახოს. ის მას იარლიყებს აწებებს, რითაც ემპათიის ბუნებრივ მექანიზმს თიშავს. თუ ობიექტი აღარ არის ადამიანი, მასზე მორალური კანონებიც აღარ ვრცელდება.

ბოლოს კი, ხდება შედეგების დამახინჯება. მოზარდი ქვეცნობიერად ბლოკავს სხვის ტკივილს და მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე დაჰყავს: „არაფერი ისეთი არ მომხდარა“ ან „თვითონ დაიწყო“. რეალობის ასეთი ფრაგმენტაცია საშუალებას აძლევს მას, ჩაიდინოს სისასტიკე და მაინც შეინარჩუნოს საკუთარი თავის პატივისცემა, თითქოს ისევ კარგი ბიჭი იყოს.

რა ფსიქიკური მექანიზმებით ახერხებს მოზარდი მსხვერპლის იმგვარ დეჰუმანიზაციას, რომ მის მიერ განხორციელებული სისასტიკე ყოველგვარ შინაგან ეთიკურ-მორალურ წინააღმდეგობას კარგავს და ნორმალიზებულ ქმედებად გარდაიქმნება?

მსხვერპლის დეჰუმანიზაცია, ფაქტობრივად, ფსიქიკის თვითმოტყუების სისტემაა. იმისთვის, რომ მოზარდმა სისასტიკე ჩაიდინოს და სინდისის ქენჯნისგან არ დაიტანჯოს, მისი ტვინი რთავს სპეციფიკურ მექანიზმებს, რომლებიც მსხვერპლს ადამიანურ სახეს ართმევს.

ეს პროცესი ვერბალური იარლიყების მიწებებით იწყება. მოზარდი მსხვერპლს სახელით აღარ მოიხსენიებს და მას დამამცირებელ ტერმინებს არქმევს. როდესაც ობიექტს სახელი არ აქვს, ის გონებაში აღარ აღიქმება ადამიანად, რომელსაც ჰყავს ოჯახი ან სტკივა. ასე ხდება ემპათიური რეზონანსის ბლოკირება — ტვინში სარკისებრი ნეირონები ითიშება. მოზარდი ხედავს ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ მისთვის ეს მხოლოდ ტექნიკური მონაცემია და არა სხვისი ტანჯვა.

კიდევ ერთი მძლავრი ფარი „სამართლიანი სამყაროს“ ჰიპოთეზაა. მოზარდი იჯერებს, რომ სამყაროში ყველას ის მოსდის, რასაც იმსახურებს. შედეგად, მსხვერპლი თავად ხდება დამნაშავე საკუთარ ტანჯვაში – ის ისეთი სუსტია, რომ იმსახურებს ამას. ეს ქვეცნობიერი მექანიზმი მას მორალური პასუხისმგებლობისგან სრულად ათავისუფლებს.

ბოლო ნაბიჯი კი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. მოზარდი საკუთარ თავს აღიქვამს არა მოქმედების ავტორად, არამედ გარემოების ან „ბრძანების“ შემსრულებლად. ფრაზები — „ასე იყო საჭირო“ ან „ჩვენიანებმა ასე გადაწყვიტეს“ — შინაგან ეთიკურ კონტროლს გარე ავტორიტეტზე გადაიტანს. ეს მას უფლებას აძლევს, იყოს სასტიკი ყოველგვარი დანაშაულის განცდის გარეშე, რადგან საკუთარ თავს მხოლოდ იარაღად მიიჩნევს სხვის ხელში.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი მოზარდებს შორის ძალადობის პრევენციის პროცესში?

სახელმწიფო არ უნდა იყოს მხოლოდ „დამსჯელი“; მისი მისია უსაფრთხოების ეკოსისტემის შექმნაა, სადაც სკოლა, სოციალური სამსახური და სამართალდამცავები ერთიან ქსელში მოქმედებენ.

  1. ემოციური ინტელექტის გაძლიერება: სოციალურ-ემოციური სწავლება გადარჩენის უნარია. აქ მოზარდები სწავლობენ ბრაზის მართვას და ემპათიას — სიტყვების გამოყენებას მუშტების ნაცვლად. სკოლის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიზანი ბავშვის იზოლაცია კი არა, მისი ქცევის მიღმა არსებული ტკივილის ამოცნობა და ოჯახთან ერთად გამოსავლის ძიებაა.
  2. ციფრული ჰიგიენა: სკოლამ უნდა ასწავლოს „ციფრული ჰიგიენა“ — უნარი, ამოიცნონ მანიპულაცია, კიბერბულინგი და არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლნი თუ ავტორები.
  3. ენერგიის ტრანსფორმაცია: მოზარდის მუხტს გამოსავალი სჭირდება. ინვესტიცია სპორტში, ტექნოლოგიებსა და ხელოვნებაში — ეს ინვესტიციაა უსაფრთხოებაში. როცა მოზარდი პოულობს საქმეს, სადაც კომპეტენტურია, ძალადობით ავტორიტეტის მოპოვების საჭიროება ქრება.
  4. აღდგენითი მართლმსაჯულება საქართველოში: ტრადიციული რეპრესია მოზარდს ხშირად აბოროტებს. ჩვენ გვჭირდება მედიაციის გაძლიერება, სადაც მოძალადე ხვდება მსხვერპლს. ეს აიძულებს მას, „მტრის ხატის“ მიღმა დაინახოს ცოცხალი ადამიანი, რომელსაც სტკივა. ეს არის ემპათიის აღდგენის უმოკლესი გზა.

ნამდვილი პრევენცია არა მკაცრ კონტროლში, არამედ იმ განცდაშია, რომ თითოეული ახალგაზრდა ფასეულია. როდესაც მოზარდს ვუსმენთ და ვთავაზობთ რეალურ მომავალს, ძალადობა უბრალოდ აზრს კარგავს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები