back to top

რატომ კლავს ქოლესტერინი ჩუმად და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ინტერვიუ დოქტორ პიტერ ლანსბერგთან

გააზიარე

ჰიპერქოლესტერინემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქოლესტერინის დონე სისხლში პათოლოგიურად მაღალია. ეს ერთ-ერთი მთავარი მოდიფიცირებადი რისკფაქტორია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამო ლეტალობის გლობალურად. მიუხედავად მკურნალობისა და პრევენციის პროგრესისა, ის კვლავ სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზად რჩება. 

მედსკრიპტუმმა  აიღო ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ ლანსბერგისაგან, რომელიც არის ლიპიდოლოგიის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტი, ჰოლანდიის ეროვნული ლიპიდური კლინიკების ქსელის დამფუძნებელი, ჰოლანდიური ლიპიდური კლინიკის კრიტერიუმების ავტორი ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (FH) დიაგნოსტირების და წარმატებული ეროვნული სკრინინგ პროგრამის შემქმნელი FH-ზე . დოქტორმა ლანსბერგმა გაგვიზიარა ხედვები ჰიპერქოლესტერინემიის მუდმივად დაუფასებელი რისკის შესახებ და ადრეული ჩარევის გადამწყვეტ როლზე. ის საუბრობს, თუ რატომ კლავს ქოლესტერინი ჩუმად, რატომ რჩება პრევენცია ხშირად უკანა ფონზე, რა მნიშვნელობა აქვს პაციენტის განათლებასა და ნდობას, და როგორ შეუძლია ადრეულ და მიზანმიმართულ ჩარევას, განსაკუთრებით ქოლესტერინის მართვაში, შეცვალოს პაციენტის ჯანმრთელობის მიმდინარეობა.

ბატონო პიტერ, თქვენი უკვე ათწლეულებია სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობით ხართ დაკავებული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობას, არამედ დაავადებების პრევენციას მაგალითად სკრინიგით.  როგორ ფიქრობთ, პრევენცია უფრო განათლებას მოითხოვს თუ მედიცინას?

თუ ნამდვილად გვინდა, რომ პრევენციაში არსებითი ცვლილება შევიტანოთ, ფართომასშტაბიანი განათლება აუცილებელია. პირველ რიგში, თავად ექიმებმა, განსაკუთრებით ოჯახის ექიმებმა უნდა გააცნობიერონ და ხაზი გაუსვან პრევენციის მნიშვნელობას. მეორე მხრივ, პაციენტებიც ხშირად ან უმნიშვნელოდ თვლიან, ან საერთოდ უგულებელყოფენ მის ღირებულებას. როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ფაქტორებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება, მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება, ეს ყველაფერი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალების პასუხისმგებლობა ვერ იქნება. აუცილებელია მხარდაჭერა უფრო მაღალი დონიდანაც, ჯანმრთელობის სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა. სისტემური, ძლიერი ყურადღება პრევენციაზე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

დღეს ჰიპერქოლესტერინემია მთელ მსოფლიოში კვლავაც მთავარი „ჩუმი მკვლელია“, რატომ რჩება ის ასე შეუმჩნეველი ?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ქოლესტერინის, როგორც მოდიფიცირებადი რისკფაქტორის, მუდმივი დაუფასებლობა. ჰიპერტენზიასა და დიაბეტთან ერთად, მაღალი LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ქოლესტერინი კვლავ სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება. განსხვავებით მაღალი წნევის ან დიაბეტისგან, სადაც მკურნალობა იწყება როგორც კი მაჩვენებელი დიაგნოსტიკურ ზღვარს სცილდება, ქოლესტერინის შემთხვევაში ჩარევა ხშირად მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მაჩვენებლები კრიტიკულად მაღალია.

გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ საერთო ქოლესტერინის 200 მგ/დლ დონე “ნორმალურია”. სინამდვილეში, ეს უბრალოდ პოპულაციის საშუალო მაჩვენებელია და არა ბიოლოგიურად უსაფრთხო დონე. ათეროსკლეროზი შეიძლება დაიწყოს გაცილებით დაბალი LDL დონიდან. ფაქტობრივად, LDL ქოლესტერინის ოპტიმალური დიაპაზონი შესაძლოა იყოს 50-70 მგ/დლ.

პაციენტები ხშირად ეწინააღმდეგებიან მკურნალობას, როცა მათი ქოლესტერინის დონე 200 მგ/დლ-ზე ნაკლებია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ნორმალურია“. თუმცა, „ნორმალური“ არ ნიშნავს „ჯანსაღს“. სწორედ ამ მცდარმა წარმოდგენამ შეიძლება მკურნალობის დაწყება გაახანგრძლივოს და შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ქოლესტერინის მართვის დაწყება ადრეულ ეტაპზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების გამოყენებით მანამ, სანამ დაავადება თავს იჩენს.

ქოლესტერინი არის ათეროსკლეროზის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, რაც თავის მხრივ ზრდის სხვა მდგომარეობების, როგორიცაა ჰიპერტენზია და დიაბეტი, განვითარების რისკს. პრევენცია უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში, ზუსტად ისე, როგორც კბილების წმენდა იწყება კარიესის დაწყებამდე. ლოდინი მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება, უკვე დაგვიანებულია. საჭიროა მიდგომის ცვლილება როგორც ექიმებში, ისე პაციენტებში, რათა ყურადღება გამახვილდეს ადრეულ ჩარევაზე.

საქართველოში ძალიან ხშირია თვითნებური მკურნალობა, დაურეგულირებელი დიეტები და მედიკამენტების შეწყვეტა. როგორ უნდა ავუხსნათ პაციენტს, რომ მაღალი ქოლესტერინი მკურნალობას საჭიროებს, მაშინაც კი როცა სიმპტომები ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს?

მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა. რამდენიმე ათწლეულის წინ პაციენტები უპირობოდ მისდევდნენ ექიმების რეკომენდაციებს. დღეს კი სოციალური მედიის გავლენით ვრცელდება დამაჯერებელი დეზინფორმაცია, რაც იწვევს დაბნეულობასა და ეჭვს. სწორედ ამიტომ არის პაციენტების განათლება ექიმების, ჯანდაცვის მუშაკებისა და სახელმწიფოს მხრიდან გადამწყვეტი. ნდობა ერთი საუბრის შედეგად არ ყალიბდება. ამას სჭირდება დრო, განმეორება, გულახდილობა და პაციენტთან პერსონალიზებული მიდგომა.

პაციენტები ხშირად ეთანხმებიან ექიმებს კლინიკაში, მაგრამ შემდეგ მათ რჩევებს უგულებელყოფენ. აუცილებელია ამის გაცნობიერება და კომუნიკაციის სტილის კორექტირება. მაგალითად, როცა სტატინებს ვნიშნავ, პაციენტს ყოველთვის ვეუბნები: „თუ მსუბუქი კუნთების ტკივილს იგრძნობთ, არ ინერვიულოთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მედიკამენტი მოქმედებს.“ ეს ეხმარება პაციენტებს თავი უფრო ინფორმირებულად იგრძნოს, ამცირებს მოულოდნელობას და ზრდის მკურნალობის გაგრძელების ალბათობას. ნდობის შექმნა ნიშნავს პაციენტების მომზადებას, მათ მოსმენას, სიზუსტითა და თანაგრძნობით გზამკვლევობას.

ხშირად გვესმის კითხვა, „რა ჯობია: დიეტა თუ მედიკამენტი?“  როგორია თქვენი პოზიცია? და როგორ უნდა მივუდგეთ პაციენტს, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ გზებს ენდობა?

თუ ვინმე მხოლოდ ბუნებრივ მეთოდებს ირჩევს, მან უნდა იცხოვროს სრულად ბუნებრივ სტილში. ბუნებაში, შეშაზე მომზადებული საკვები მიირთვას და ბევრი იაროს. ერთხელ წავიკითხე კაცის ამბავი, რომელმაც ეს გააკეთა: ჭარბწონიანი, მაღალი წნევით, ქოლესტერინითა და დიაბეტით დაავადებული, მთებში გადავიდა საცხოვრებლად. სამ თვეში ყოველდღიური სიარულისა და ჯანსაღიი საკვების მიღების შემდეგ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მაგრამ ეს არ არის რეალისტური უმეტესობისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამყაროში, სადაც გვაქვს ელექტროენერგია, ავტომობილები, გათბობა და კონდინცირება, რაც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს „ბუნებრივად“. ისე, როგორც ვიღებთ ამ კომფორტს, ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ინსტრუმენტებს, მაგალითად, მედიკამენტებს, რომლებიც გვეხმარება დავრჩეთ ჯანმრთელები ამ გარემოში. მაგალითად, ფტორი კბილის პასტაში გვიცავს კარიესისგან, რასაც ბუნებრივი მეთოდებით ვერ მოვახერხებდით ამდენად ეფექტურად. ეს იდეები ექიმებისთვის შეიძლება ბუნებრივად აღიქმებოდეს, მაგრამ პაციენტებისთვის ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ნდობა. როცა პაციენტები გვენდობიან, ისინი უფრო ღიად ენდობიან ჩვენს რჩევებს, მაშინაც კი, თუ ეს ეჭვქვეშ აყენებს მათ პირვანდელ წარმოდგენებს. ნდობა არის ცვლილებების საფუძველი.

სტატინებზე დისკუსია უკვე წლებია გრძელდება. როგორ უყურებთ სტატინების უსაფრთხოებას და რას ეტყოდით სკეპტიკურად განწყობილ პაციენტს?

სტატინები ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტებია. მსოფლიოში 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ისინი და უკვე თითქმის 40-წლიანი კლინიკური გამოცდილება გვაქვს. როგორც ყველა წამალს და, ზოგჯერ, ისეთ გავრცელებულ ნივთიერებებსაც კი, როგორიც არის არაქისი ან წყალი, სტატინებსაც შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა სერიოზული გართულებები უკიდურესად იშვიათია. ყველაზე ხშირი პრობლემა მსუბუქი კუნთების ტკივილია, რომელიც ჩვეულებრივ დროთა განმავლობაში უმჯობესდება. სტატინების გაგრძელება მსუბუქი გვერდითი მოვლენების პირობებში, როგორც წესი, ერთ წელიწადში იწვევს მათ სრულ გაქრობას. სტატინებთან დაკავშირებული შიში დიაბეტის პროვოცირებაში გადაჭარბებულია. მართალია, მათ შესაძლოა ოდნავ დააჩქარონ დიაბეტის გამოვლინება პაციენტებში, რომლებიც ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილნი არიან, მაგრამ ბევრი სხვა ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტიც მოქმედებს ანალოგიურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტატინები მნიშვნელოვნად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით დიაბეტის ან მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფერმენტების ცვლილება, როგორც წესი, დროებითია და არ მიუთითებს ნამდვილ ღვიძლის დაზიანებაზე. სტატინები ხშირად გამოიყენება უსაფრთხოდ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებშიც კი. სტატინებით გამოწვეული რეალური ღვიძლის დაზიანება უკიდურესად იშვიათია, დაახლოებით ერთ შემთხვევაზე მილიონში ერთი გამოვლინებაა. საერთო ჯამში, სტატინები ძალიან უსაფრთხო პრეპარატებია. ისინი ერთ-ერთი უსაფრთხო მედიკამენტია მთლიანად ფარმაცებტულ პრეპარატებს შორის და მათი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო ზიანს.

ახალი თაობის მედიკამენტები (PCSK9 ინჰიბიტორები, inclisiran და სხვ.) უკვე გამოიყენება მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. რას ცვლის ეს პრაქტიკაში და რა არის მათი რეალური კლინიკური სარგებელი?

ეს პრეპარატები ძალიან ეფექტურია, მაგრამ მათი მთავარი გამოწვევა ფასი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით უსაფრთხოების კარგი მონაცემები აქვთ, ჩვენ არ გაგვაჩნია ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილება და შედეგები, ისეთი, როგორიც სტატინებზე გვაქვს, რომლებიც ხელმისაწვდომია და ათწლეულების მანძილზე საფუძვლიანადაა შესწავლილი. ფარმაცევტული კომპანიები ზრდიან ცნობადობას ახალი მედიკამენტების და ხშირად თავად აფინანსებენ მათზე ჩატარებულ კვლევებსაც. ეს კი დამატებითი საფიქრელია ექიმებისთვის. თუ PCSK9 ინჰიბიტორებს ყველას გამოვუწერთ, ვისაც ეკუთვნის, ჯანდაცვის სისტემა ფინანსურად ვერ გაუძლებს ამ დატვირთვას. ამიტომ ეს ახალი თერაპიები უნდა დარჩეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ისინი რეალურად სჭირდებათ. ეს არიან ძალიან მაღალი ქოლესტერინის მქონე პირები ან ის პაციენტები, ვინც ვერ იტანს სტანდარტულ მკურნალობას. მათთვის ეს წამლები შეიძლება სიცოცხლის ტოლფასი აღმოჩნდეს.

რამდენად ეფექტურია ცხოვრების წესის შეცვლა ჰიპერლიპიდემიის მართვაში და ასეთ დროს ხშირად დგება თუ არა საჭიროება მედიკამენტოზური ჩარევის?

ცხოვრების წესს და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას გადამწყვეტი როლი აქვს ჰიპერლიპიდემიით გამოწვეულ გულ-სისხლძარღვთა პათლოგიების რისკების მართვაში. ცხოვრების ჯანსაღი წესი საფუძველია. ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება აუცილებელია გულ-სისხძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს არაჯანსაღი დიეტა აქვს (მაგალითად, მაღალი ცხოველური ცხიმებით ან სწრაფი კვებით მდიდარი), ცხოვრების წესის გაუმჯობესება ხშირად იწვევს ქოლესტერინისა და სხვა რისკფაქტორების მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, ბევრ პაციენტთან მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისი არ არის ლიპიდების დონის მართვისთვის. სწორედ აქ ჩნდება საჭიროება ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის. სტანდარტული თერაპიები, როგორიცაა სტატინები და ეზეტიმიბი, ეფექტური, უსაფრთხო, ფართოდ ხელმისაწვდომი და ძლიერი კლინიკური მტკიცებულებებით გამყარებულია.მაღალი რისკის პაციენტებისთვის, მათ შორის ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ან განმეორებითი გულ-სისხლძარღვოვანი პათლოგიების მქონეთათვის, შესაძლებელია ახალი თერაპიების გამოყენება, როგორიცაა PCSK9 ინჰიბიტორები ან ANGPTL3 ინჰიბიტორები. განსაკუთრებით PCSK9 ინჰიბიტორები შეიძლება გამოვიყენოთ ეპიზოდურად, მაგალითად, მწვავე კორონარული მოვლენების შემდეგ, LDL-ის აგრესიული შემცირებისა და დაუცველი ფოლაქების სტაბილიზაციის მიზნით. ეს მოკლევადიანი ინტენსიური მიდგომა შესაძლოა ფინანსურადაც ეფექტური აღმოჩნდეს, როცა მას მოსდევს შენარჩუნებითი თერაპია სტანდარტული მედიკამენტებით, რათა LDL დონე შენარჩუნდეს 70 მგ/დლ-ზე ქვემოთ , ან თუნდაც 50 მგ/დლ-სთან ახლოს, რაც უკვე შესაძლებელია თანამედროვე და ხელმისაწვდომი საშუალებებით.

თქვენ მუშაობთ ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიაზე, დაავადებაზე, რომელიც ხშირად გვიან დიაგნოსტირდება. როგორ უნდა ამოვიცნოთ ის ყოველდღიურ პრაქტიკაში? და რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ სკრინინგი?

ნიდერლანდებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (FH) გახდა მეხუთე ეროვნული სკრინინგ პროგრამა. გამოვიყენეთ გენეტიკური ტესტირება და ე.წ. “კასკადური სკრინინგი”, დავიწყეთ „ინდექსური“ პაციენტით, რომლის დიაგნოზიც დადასტურებული იყო DNA-ით, და შემდეგ ვამოწმებდით მის ახლო ნათესავებს. ვინაიდან FH მემკვიდრეობით გადადის (50%-იანი ალბათობით), ეს მიდგომა ერთდროულად ეფექტურიც არის და ხარჯეფექტიანი. ასევე არსებობს მაგალითები, როგორიცაა სლოვენია და გაერთიანებული სამეფოს ზოგი რეგიონი, სადაც ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამებში ქოლესტერინის დონეების შემოწმებაც შედის, რაც ხელს უწყობს FH-ის ადრეულ აღმოჩენას. თუ ბავშვს აქვს ძალიან მაღალი ქოლესტერინი, 90%-იანი ალბათობით მას აქვს FH. გენეტიკური ტესტირება ამას ადასტურებს, რის შემდეგაც ხდება ოჯახის სკრინინგი. FH-ის სწორად მართვისთვის აუცილებელია შემდეგი კომპონენტები: ინდექს პაციენტის კლინიკური და გენეტიკური დიაგნოზი, კასკადური სკრინინგი ოჯახის წევრებში, ეროვნული რეესტრი შემთხვევებისა და შედეგების მონიტორინგისთვის.

ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს მიდგომა ზედმეტად რთულია დაბალი რესურსის მქონე ქვეყნებისთვის, მაგრამ ლიპიდური პროფილის სპეციალიზებული კლინიკები უკვე მრავალი ქვეყნის მასშტაბით იქმნება. ეს ცენტრები უზრუნველყოფენ სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც შესაბამისი კანდიდატები არიან მედიკამენტებისთვის, როგორიცაა PCSK9 ინჰიბიტორები. მთავრობებს შესაძლოა არ ჰქონდეს რესურსი ძვირადღირებული მედიკამენტების ფართომასშტაბიანი დაფინანსებისთვის, თუმცა ისინი უფრო მეტად არიან მზად დაუშვან მკურნალობა სპეციალისტების დანიშნულებით. თითოეული დიაგნოზირებული FH პაციენტის შემთხვევაში, საშუალოდ 9 ოჯახის წევრს შესაძლოა იგივე გენეტიკური მდგომარეობა აღმოაჩნდეს. შესაბამისად, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთი ადამიანის მკურნალობას, ეს არის მთელი ოჯახის იდენტიფიცირება და დაცვა.

როგორია თქვენი რეკომენდაცია ქვეყნისთვის, სადაც გენეტიკური ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის? შეგვიძლია მაინც განვახორციელოთ ეფექტური სკრინინგი?

დიახ, სკრინინგი გენეტიკური ტესტირების გარეშეც შესაძლებელია, თუმცა გაცილებით რთულდება. სწორედ ამიტომ იყო ჩვენს პროგრამაში გენეტიკური დადასტურება ასეთი მნიშვნელოვანი. გენეტიკური ტესტირების გარეშე დიაგნოზი ხშირად ბუნდოვანია,  განსაკუთრებით მაშინ, როცა ქოლესტერინის დონე სასაზღვროა, მაგალითად, დაახლოებით 200 მგ/დლ. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ხშირად შფოთავენ მკაფიო პასუხის არცოდნის გამო. გენეტიკური ტესტირებით დიაგნოზი სიზუსტით ისმევა: ან გაქვს მუტაცია, ან არა. ეს მნიშვნელოვნად ეხმარება კასკადურ სკრინინგსაც, რადგან კონკრეტული მუტაცია, როგორც წესი, ოჯახის წევრებში მეორდება. ამგვარი სიზუსტე პროცედურას გაცილებით ეფექტურს ხდის როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის.

ჰოლანდიამ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ეროვნული FH სკრინინგი. როგორ ფიქრობთ, პატარა ქვეყნებმა როგორ უნდა შექმნან სტრატეგია, რომელიც მკურნალობაზე კი არა, პრევენციაზე ფოკუსირდება?

ერთ-ერთი ეფექტური გრძელვადიანი სტრატეგია გვხვდება იაპონიაში, სადაც ყველა დაწყებით სკოლას ჰყავს დიეტოლოგი, რომელიც ეხმარება მზარეულებს  ტრადიციული და ჯანსაღი საკვების მომზადებაში. ბავშვები თავადაც მონაწილეობენ საკვების მომზადების პროცესში და ადრეული ასაკიდან იღებენ განათლებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც ხელს უწყობს ისეთი ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნარჩუნდება. ასეთი მოდელი შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მაღალ ეკონომიკურ სარგებელის მომტანი იყოს.

სკრინინგის თვალსაზრისით, სლოვენიამ დანერგა უნივერსალური ქოლესტერინის ტესტირება 3–5 წლის ბავშვებისთვის რუტინული ვაქცინაციის დროს. თუ აღმოჩნდება მაღალი ქოლესტერინის დონე, მოწმდება ოჯახის წევრებიც — რაც წარმოადგენს პრაქტიკულ კასკადურ სკრინინგს ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (FH) დასადგენად. კიდევ ერთი ძლიერი მაგალითია ხორვატია, სადაც ექიმების ხელმძღვანელობით ხორციელდება -ქალაქგარე პროგრამა, პატარა სოფლებში მოსახლეობას უსინჯავენ არტერიულ წნევასა და ლიპიდურ პროფილს. ინიციატივაში ჩართული არიან მედიკოსი სტუდენტები და ტარდება ფართო საინფორმაციო კამპანიები. ეს დაბალბიუჯეტიანი მცდელობები მნიშვნელოვნად ზრდის ცნობიერებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ და აძლიერებს ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებს, რომლებიც შემდეგ თავადვე იმეორებენ მსგავს აქტივობებს.

რას ეტყოდით ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ხედავს მეტაბოლურ პრობლემებს, მაგრამ არ იცის, საიდან დაიწყოს მკურნალობა: დიეტით? თუ მედიკამენტოზურად?

პირველ რიგში, დააგროვეთ ცოდნა,  დაესწარით კონფერენციებს, წაიკითხეთ მიმოხილვები და თვალყური ადევნეთ სანდო წყაროებს, რომლებიც მუდმივად განახლებულ კლინიკურ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, რეგულარული საინფორმაციო ბიულეტენები ქოლესტერინისა და გულ-სისხლძარღვოვანი რისკების შესახებ დაგეხმარებათ, იყავით მუდმივად ინფორმირებული დიაბეტის, ჰიპერტენზიისა და ლიპიდური მართვის ძირითადი საკითხებზე.

შემდეგ, გააცნობიერეთ, რამდენად გავრცელებულია ეს ქრონიკული დაავადებები. ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის 50%-ზე მეტს აქვს დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი ან ამ დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. შეაფასეთ პაციენტების ძირითადი რისკფაქტორები და შემდეგ ფოკუსირდით პაციენტის განათლებაზე: აუხსენით ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მედიკამენტების ღირებულება. სტრუქტურირებული საგანმანათლებლო ჯგუფური პროგრამები, განსაკუთრებით მრავალპროფილური გუნდების მონაწილეობით, მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტთა ცოდნას, მოტივაციას და გრძელვადიან მკურნალობაზე ერთგულებას.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი „კარგი ექიმი“ 2025 წელს?

პირველ რიგში, ექიმს უნდა უყვარდეს თავისი საქმე და უნდა გამოხატავდეს ემპათია პაციენტების მიმართ. მეორე, ის მუდამ უნდა იყოს ინფორმირებული, რადგან მედიცინა სწრაფად ვითარდება და სწავლა არასოდეს წყდება. მესამე, ექიმმა უნდა იმუშაოს მეგობრულ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და სტაბილურ ურთიერთკავშირს პაციენტებთან. ნდობა არის ძირითადი  და ის დროთა განმავლობაში ყალიბდება. ზუსტად ისე, როგორც მეგობრობაში. მუდმივი და გულწრფელი კავშირი ის ნიშნებია, რაც ექიმს ნამდვილად სანდოს ხდის პაციენტის თვალში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები