ყოველ ახალ წელს მილიონობით ადამიანი უბრუნდება ისეთ ნაცნობ ფილმებს, როგორიცაა, მაგალითად, „მარტო სახლში“, ეს მშვენიერი შობა“ ან „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტები ადამიანებმა ხშირად ზეპირად იციან, ინტერესი არ ნელდება. ასევე, წელს მხოლოდ „Hallmark“-მა 24 ახალი საშობაო ფილმი გამოუშვა, რასაც Netflix-ისა და Hulu-ს პროექტებიც ემატება, მაგრამ მაყურებლები მაინც კარგად ნაცნობ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას.
ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის (Virginia Tech) ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. მათი თქმით, ამ ჟანრების პოპულარობის უკან რამდენიმე ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზი დგას.
ადამიანური განვითარების მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, როუზ ვეში, აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო რომანტიკული კომედიები ადამიანების იდეალისტურ ფანტაზიებს პასუხობს. 2022 წლის კვლევის თანახმად, მაყურებელს სამი ძირითადი ფაქტორი იზიდავს:
- დღესასწაულის აღნიშვნა: სადღესასწაულო განწყობის გაძლიერება.
- გაქცევა რეალობიდან: ყოველდღიური პრობლემებისა და გადატვირთული გრაფიკისგან დასვენება.
- პოზიტიური დასასრული: „კეთილი“ ისტორიების ნახვა, სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება.
სოციოლოგიის პროფესორი სარა ოვინკი განმარტავს, რომ სადღესასწაულო პერიოდში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ „ბედნიერი დასასრულის“ დოზა. მისი თქმით, ეს ფილმები წარმოადგენს იდეალურ სამყაროს, სადაც ყველა პრობლემა 90 წუთში გვარდება.
გარდა ამისა, ასეთი ფილმები ოჯახის წევრების გაერთიანების საშუალებაცაა. „ოჯახის წევრები შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ პოლიტიკაზე ან იმაზე, თუ რომელი ნამცხვარია უკეთესი, მაგრამ ისინი ერთიანდებიან ტელევიზორის გარშემო მსუბუქი და მხიარული საშობაო ისტორიის საყურებლად,“ – აღნიშნავს ოვინკი.
მეცნიერების აზრით, ეს ჟანრი ადამიანებს სტრესთან და მარტოობასთან გამკლავებაშიც ეხმარება. სიუჟეტები ხშირად აბსურდული და რეალობისგან დაშორებულია (მაგალითად, შოტლანდიურ ციხესიმაგრეში ჩარჩენილი მწერალი ან გაცოცხლებული თოვლის კაცი), რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს დროებით დაივიწყოს წინასადღესასწაულო ქაოსი და ალტერნატიულ, უსაფრთხო რეალობაში გადაეშვას.
წყარო: Medicalxpress

