ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კვლევის თანახმად, სტატინების გვერდითი ეფექტების უმრავლესობა რეალურად თავად მედიკამენტით არ არის გამოწვეული. მეცნიერებმა შეისწავლეს 19 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც 124,000 ადამიანი მონაწილეობდა, და დაასკვნეს, რომ წამლის ეტიკეტზე მითითებული 66 გვერდითი ეფექტიდან მხოლოდ რამდენიმეა მეცნიერულად დადასტურებული.
სტატინები წარმოადგენს მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ძირითადად სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონის დასაწევად გამოიყენება. ისინი ბლოკავენ ღვიძლში არსებულ სპეციფიკურ ფერმენტს, რომელიც ქოლესტერინის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი, რითაც ხელს უშლიან სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვებას.
ეს პრეპარატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის, რადგან ნიისი გულის შეტევის (ინფარქტის), ინსულტისა და სხვა ფატალური გართულებების რისკს მკვეთრად ამცირებენ.
რა დაადასტურა კვლევამ?
გარდა კუნთების ტკივილისა და დიაბეტის ცნობილი რისკებისა, მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ ოთხი გვერდითი მოვლენა:
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები;
- ღვიძლის მცირე დარღვევები;
- შარდის შემადგენლობის ცვლილება;
- ქსოვილების შეშუპება.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ამ მოვლენების განვითარების რისკიც კი ძალიან მცირეა.
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
კვლევამ აჩვენა, რომ სტატინებსა და ისეთ გავრცელებულ ჩივილებს შორის, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვა, დეპრესია, ძილის დარღვევა და ნერვული სისტემის დაზიანება, რეალური კავშირი არ არსებობს. მეცნიერების თქმით, ამ სიმპტომების სიხშირე სტატინების მომხმარებლებში ზუსტად ისეთივეა, როგორიც მათში, ვინც ამ წამალს საერთოდ არ იღებს. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს მკურნალობის პერიოდში შესაძლოა აღენიშნოთ მსგავსი პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზი სტატინები არ არის.
ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანი უარს ამბობდა სტატინების მიღებაზე არასწორი ინფორმაციისა და გვერდითი მოვლენების შიშის გამო. ბრიტანეთის გულის ფონდის (British Heart Foundation) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კვლევა არის გადამწყვეტი პასუხი დეზინფორმაციაზე, რაც ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებას. ექსპერტები მოითხოვენ წამლის ანოტაციების სასწრაფო გადახედვას, რათა პაციენტებმა და ექიმებმა უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
წყარო: The Guardian

