ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრები 15-წლის განმავლობაში ცდილობდნენ ისეთი ბიოლოგიური ქსოვილის შექმნას, რომელიც ჭრილობის ზედაპირის უბრალო დაფარვის ნაცვლად, პაციენტის ორგანიზმის ორგანულ ნაწილად იქცეოდა. ამ ხანგრძლივი ძიების შედეგი denovoSkin-ია: ბიოინჟინერიული, ცოცხალი ტრანსპლანტატი, რომელიც პაციენტისავე უჯრედებისგან მიიღება. ეს ტექნოლოგია სრულფასოვან რეაბილიტაციას სთავაზობს მათ, ვისთვისაც მძიმე დამწვრობა გადაულახავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცა.
მკურნალობის ტრადიციული მეთოდი, აუტოტრანსპლანტაცია (პაციენტის ჯანსაღი უბნებიდან აღებული კანის გადანერგვა), კრიტიკულ შემთხვევებში სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. თუმცა ამ მეთოდს მნიშვნელოვანი კლინიკური სირთულეებიც ახლავს თან. მთავარ გამოწვევას დონორი ქსოვილის დეფიციტი და შეხორცების შემდგომი ფიბროზული ცვლილებები წარმოადგენს. მიღებული უხეში ნაწიბურები ზღუდავს კიდურების მობილობას. ამასთანავე ხშირია ბავშვებში პათოლოგიური დაჭიმულობაც, რადგან ტრადიციული ტრანსპლანტატი ორგანიზმის ზრდასთან ერთად ელასტიურობას ვერ ინარჩუნებს.
არსებული მიდგომებისგან განსხვავებით, denovoSkin ნაწიბურების განვითარების მინიმალური რისკით ქმნის ელასტიურ ქსოვილს. პერსონალიზებული ტრანსპლანტატი რადიკალურად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, რადგან აღდგენილი კანი ფუნქციურად და ესთეტიურად ბუნებრივს მაქსიმალურად უახლოვდება.
როგორ იქმნება denovoSkin?
ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკებში მკურნალობის პროცესი მკაცრად გაწერილი სამედიცინო სტანდარტებით მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურდება და დაზიანებული უბნები მკვდარი ქსოვილებისგან სუფთავდება, იწყება ყველაზე რთული, კანის აღდგენის ეტაპი. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში denovoSkin-ის ტექნოლოგია ავლენს თავის უპირატესობას.
მეცნიერებმა სპეციალურ ჰიდროგელში გაზრდილი უჯრედებისგან შექმნეს ორშრიანი ბიოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ზედა დამცავი ფენისა და ქვედა ელასტიკური საყრდენისგან შედგება.
კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ეს ინოვაციური კონსტრუქცია სრულყოფილად ერწყმის ორგანიზმს და პაციენტის სხეულში ბუნებრივად ინტეგრირდება. მისი უმთავრესი უპირატესობა კი ისაა, რომ, ტრადიციული ტრანსპლანტატებისგან განსხვავებით, ეს ცოცხალი ქსოვილი პატარა პაციენტების ანატომიური ზრდის პარალელურად ფართოვდება.
ლაბორატორიული კვლევებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე გზა ხანგრძლივი და თანმიმდევრული იყო. 2000-იან წლებში დაწყებული ფუნდამენტური ძიება 2014 წელს პირველ მნიშვნელოვან წარმატებად იქცა, როდესაც ბიოინჟინერიული კანი ათ ბავშვს გადაენერგა.
ამ წარმატებულმა პრეცედენტმა განაპირობა კომპანია Cutiss AG-ის დაარსება. შედეგად, სამეცნიერო ინიციატივა მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ პლატფორმად გარდაიქმნა.
დღეს denovoSkin კლინიკური გამოცდის გადამწყვეტ ეტაპზეა. 2025 წლის გაზაფხულიდან ევროპის 20 წამყვან სამედიცინო ცენტრში დაიწყო კვლევის მესამე ფაზა, სადაც ტექნოლოგიას უკვე ზრდასრულ პაციენტებშიც ტესტავენ.
სულ რაღაც საფოსტო მარკის ხელა ჯანსაღი კანის ნიმუშიდან, ოთხ კვირაში, ლაბორატორიულ პირობებში რამდენიმე, დიდი ზომის ტრანსპლანტატი იზრდება.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამ მეთოდის უმთავრესი უპირატესობა პერსონალიზაციაა. ვინაიდან ქსოვილი პაციენტის საკუთარი უჯრედებისგან იქმნება, ორგანიზმი მას ორგანულად იღებს და აუტოიმუნური რეაქციის ან გადანერგილი ქსოვილის მოცილების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.
წარმოების ტემპის გასაზრდელად ინერგება ავტომატიზებული სისტემებიც, რომლებიც შრომატევად ხელით მუშაობას რობოტული პროცესებით ჩაანაცვლებს. პარალელურად, მეცნიერები უკვე მუშაობენ მომავალი თაობის გრაფტების შექმნაზე, რომლებსაც საკუთარი სისხლძარღვები და პიგმენტური უჯრედები ექნება. ეს ტრანსპლანტატს კიდევ უფრო ფუნქციურს და ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულს გახდის.
წყარო: University Zurich

