1920-იან წლებში ინჟინერმა თომას მიჯლიმ ბენზინის ანტიდეტონაციური დანამატი, ტეტრაეთილტყვია შექმნა. ნივთიერება ძრავის ხმაურს ეფექტურად აქრობდა, თუმცა გარემოსთვის მომაკვდინებელი ტოქსიკურობით ხასიათდებოდა. საზოგადოების დასამშვიდებლად მიჯლიმ ჟურნალისტების წინაშე ტყვიის ორთქლი ერთი წუთის განმავლობაში შეისუნთქა. მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ნივთიერება უსაფრთხო იყო, გამომგონებელი მალევე ტყვიით მძიმედ მოიწამლა, მისი სიცოცხლე კი წლების შემდეგ ტრაგიკულად დასრულდა.
ამ სახიფათო ტენდენციას გეოქიმიკოსი კლერ პატერსონი დაუპირისპირდა. მან ტყვიის იზოტოპების ანალიზით დედამიწის ზუსტი ასაკი (4.55 მილიარდი წელი) განსაზღვრა და პარალელურად აღმოაჩინა, რომ ატმოსფეროში ტყვიის შემცველობა კატასტროფულად იზრდებოდა. მსხვილი სამრეწველო კორპორაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, პატერსონის მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა 1970-იან წლებში ტყვიის გამოყენების ეტაპობრივი აკრძალვა განაპირობა.
რატომ არის ტყვია სახიფათო?
ტყვია (Pb) დედამიწის ქერქის მხოლოდ 0.002%-ს შეადგენს, თუმცა ინდუსტრიული საქმიანობის გამო იგი გარემოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამაბინძურებლად იქცა. მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ტყვია კანცეროგენულია და ნებისმიერ ბიოქიმიურ პროცესს არღვევს.

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია კომპლექსურ პათოფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ინჰალაციური გზით მიღებული ტოქსიკური ნაწილაკების 40-50% პირდაპირ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში გადადის, ხოლო საკვებისა და წყლის საშუალებით ორგანიზმი ამ მეტალის 30-60%-ს ითვისებს.
გარდა ამისა, ტყვია ანაცვლებს ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ბივალენტურ კათიონებს, როგორიცაა კალციუმი, რაც უჯრედულ ჰომეოსტაზს ფუნდამენტურად არღვევს. აღნიშნული მოლეკულური ჩანაცვლება შემდეგ მულტიორგანულ დაზიანებებს იწვევს: ნერვული სისტემის დეგენერაციული ცვლილებები, თირკმელების ფილტრაციული უნარის დაქვეითება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები იმყოფებიან, რადგან მათი ორგანიზმი გაცილებით აქტიურად იწოვს ტყვიას, ვიდრე ზრდასრულის. სისხლში მისი კონცენტრაცია ≥10 µg/dl უკვე კრიტიკულ ზღვრად მიიჩნევა, რაც იწვევს შეუქცევად ნეიროტოქსიკურ ცვლილებებს, კოგნიტურ შეფერხებას, ქცევით დარღვევებსა და ისეთ რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა. ვინაიდან ტყვია არ არის ბიოდეგრადირებადი, მისი მცირე დოზებით რეგულარული მიღებაც კი ორგანიზმში დაგროვებასა და ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ათწლეულების მანძილზე აზიანებს.
იუტას უნივერსიტეტის კვლევა
პატერსონის ბრძოლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, იუტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ ისტორიული ბრძოლის შედეგები ინოვაციური მეთოდით შეაფასეს. მათ სოლტ-ლეიკ-სიტის მცხოვრებთა თმის ნიმუშების უნიკალური კოლექცია (1916-2024 წწ.) გაანალიზეს.
ტყვია თმის გარეთა გარსს, კუტიკულას, ატმოსფერული ჰაერიდან, კანიდან და საკვებიდან უკავშირდება. ნივთიერება თმის სტრუქტურაში ხანგრძლივად ნარჩუნდება და წყლით მარტივად არ ცილდება. მას-სპექტრომეტრიის მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა ტყვიის იდენტიფიცირება თმის ერთ ღერშიც კი შეძლეს.
ანალიზისთვის მკვლევრებმა როგორც თანამედროვე ნიმუშები, ისე ძველი საოჯახო ალბომებიდან მოპოვებული წინაპრების თმა გამოიყენეს. იუტას შტატის მდიდარი მეტალურგიული ისტორია მეცნიერებს საშუალებას აძლევდა, ქარხნებისა და ავტომობილების გამონაბოლქვის ერთობლივი გავლენა დეტალურად შეესწავლათ.
კრიზისიდან ეკოლოგიურ სისუფთავემდე
1916-1969 წლებში თმაში ტყვიის კონცენტრაცია 28-დან 100 ppm-მდე მერყეობდა. 1970-იან წლებში საშუალო მაჩვენებელი 50 ppm-ს შეადგენდა. 1990-იანი წლებისთვის ეს ციფრი 10 ppm-მდე შემცირდა, 2020 წლის შემდეგ კი საშუალო დონე 1 ppm-ზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ათწლეულების განმავლობაში ტყვიის დონის ასმაგი შემცირება სახელმწიფო რეგულაციების ეფექტურობას ადასტურებს.
ეს დინამიკა ზუსტად ემთხვევა გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 1974 წლიდან „სუფთა ჰაერის აქტის“ საფუძველზე ბენზინში ტყვიის შემცველობა საგრძნობლად შემცირდა, 1984 წელს კი ავტომობილებისთვის მისი გამოყენება საბოლოოდ აიკრძალა.
გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) 1970 წელს ჰაერის, წყლისა და ტყვიით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. იუტას მაგალითი თვალნათლივ ამტკიცებს, რომ ქარხნების ფილტრაციამ და ტყვიის შემცველი პროდუქტების აკრძალვამ მომავალი თაობები გადაარჩინა.
კვლევის თანაავტორი, თიურ სერლინგი, მიიჩნევს, რომ ისტორიის გაკვეთილები არ უნდა დავივიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტები ინდუსტრიისთვის მოკლევადიან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს, გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უდიდეს სარგებელს იძლევა.
საქართველო: ეროვნული კვლევის შედეგები
საერთაშორისო ტენდენციების პარალელურად, საქართველოში ჩატარებულმა მრავალინდიკატორულმა კლასტერულმა კვლევამ (MICS) ქვეყანაში საგანგაშო სურათი აჩვენა. 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ (MICS) ქვეყანაში საგანგაშო სურათი აჩვენა: გამოკვლეული ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ≥5μg/dl-ს შეადგენდა, რაც საერთაშორისო ნორმებს საგრძნობლად აღემატება.
საქართველოში ტყვიით დაბინძურების წყაროები სპეციფიკურია. თუ აშშ-ში ისტორიულად მთავარი პრობლემა ბენზინი იყო, ჩვენს რეალობაში კვლევებმა გამოკვეთა დაბინძურებული ნიადაგი, ძველი საღებავები, გარკვეული სახის სამშენებლო მასალები და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ფერადი სუნელები, რომლებშიც ტყვიის დანამატებს ფერის გასაძლიერებლად იყენებდნენ.
საპასუხოდ, საქართველომ შეიმუშავა „სისხლში ტყვიის შემცველობის მართვის ეროვნული სტრატეგია“, რასაც პოზიტიური დინამიკა მოჰყვა. სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურებამ, ხელი შეუწყო ტყვიის შემცველი პროდუქტების (განსაკუთრებით სუნელებისა და სათამაშოების) ბაზრიდან ამოღებასა და მკაცრი კონტროლის დაწესებას.
თუმცა, რეალობა გვიჩვენებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, ქვეყანაში უახლესი და რეგულარული მონაცემების შეგროვების აუცილებლობა კვლავ დგას. 2018 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევები ფრაგმენტულია და იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენად ეფექტურია მიმდინარე ინტერვენციები გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო ფართომასშტაბიანი, პერიოდული მონიტორინგია საჭირო.
წყარო: PNAS

