ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის (UNC) მედიცინის სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა საგანგაშო დასკვნა ლასას ცხელების შესახებ. მეცნიერები მოუწოდებენ მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას დიაგნოსტიკის სასწრაფო გაუმჯობესებისკენ, რადგან ეს მომაკვდინებელი ვირუსი ჯანმოს მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პანდემიურ საფრთხედაა მიჩნეული.
რა არის ლასას ცხელება?
ეს არის მძიმე ვირუსული დაავადება, რომელიც ებოლას ჰგავს და ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს, ძირითადად დასავლეთ აფრიკაში (ნიგერია, ლიბერია, სიერა-ლეონე). ვირუსი ვრცელდება მღრღნელების მეშვეობით, თუმცა შესაძლებელია მისი გავრცელება ადამიანიდან ადამიანზეც – ინფიცირებულის სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.
რას ამბობს კვლევა?
ლიბერიაში ჩატარებულმა ექვსწლიანმა (2018–2024 წწ.) კვლევამ ლასას ცხელებასთან დაკავშირებული რამდენიმე კრიტიკული პრობლემა გამოავლინა, მათ შორის ე.წ. „უხილავი“ შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი. ცხელებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 11%-ს დაავადება მაშინაც კი აღმოაჩნდა, როდესაც ეჭვი არ არსებობდა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დადასტურებული შემთხვევების 43% სწორედ 5-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებზე მოდის. ამასთან, სიკვდილიანობასა და ორგანიზმის იმუნურ პასუხს შორის პირდაპირი კავშირი დადგინდა.
პაციენტებს, რომელთა ორგანიზმმაც ვირუსი ვერ დაამარცხა, ორი ძირითადი პრობლემა ჰქონდათ. მათ ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ხოლო იმუნური სისტემა იმდენად სუსტი, რომ სათანადო დამცავი ანტისხეულები ვერ გამოიმუშავა. ზოგიერთ კლინიკაში ინფიცირებულთა 20%-ზე მეტი იღუპებოდა. ლასას ცხელების სიმპტომები ხშირად ემთხვევა სხვა გავრცელებულ ინფექციებს, რაც დიაგნოსტიკას ართულებს.
გლობალური მნიშვნელობა
ლასას ცხელება აფრიკის კონტინენტის საზღვრებს უკვე გასცდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, 32-ზე მეტი შემოტანილი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა მესამედი ფატალურად დასრულდა, რაც დაავადების გლობალურ საფრთხეზე მიუთითებს.
ადრეული დიაგნოსტიკა ამ პროცესში გადამწყვეტია, რადგან დაავადების გართულებები ჩვეულებრივ მეორე კვირაში ვლინდება და მკურნალობისთვის ეფექტური ჩარევის დროის ფანჯარა ძალიან მცირეა. გარდა ამისა, დიაგნოსტირების დაგვიანება სამედიცინო პერსონალს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დიაგნოსტიკური ტესტების (PCR), ვაქცინებისა და ახალი თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობის გაფართოება ერთადერთი ქმედითი გზაა ვირუსის გლობალური გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.
წყარო: The Lancet

