ახალი სამეცნიერო ნაშრომი, სახელწოდებით Tools of the Scribe, დამწერლობის განვითარებას მნიშვნელოვან ნეირობიოლოგიურ კონტექსტში განიხილავს. კვლევის ავტორები აანალიზებენ, თუ როგორ ცვლის წერის ხელსაწყოების ცვლილება, უძველესი ლურსმნული დამწერლობიდან თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე, ადამიანის ტვინის მუშაობასა და კოგნიტურ ჯანმრთელობას.
მაგალითად, ჩინური დამწერლობა, რომელიც ძვ. წ. 1200 წლიდან უწყვეტად არსებობს, დღეს ე.წ. „იეროგლიფების ამნეზიის“ პრობლემის წინაშე დგას. ტრადიციული გაგებით, წერა მოითხოვს რთულ კოორდინაციას ტვინსა და ხელის კუნთებს შორის, რაც მყარ ნეირომოტორულ ინფრასტრუქტურას ქმნის.
ციფრულ ხელსაწყოებზე გადასვლამ ადამიანებს წერის პროცესი გაუადვილა, თუმცა ამან გამოიწვია იმ ნეირონული კავშირების შესუსტება, რომლებიც მოტორულ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.
ნეირომეცნიერული თვალსაზრისით, ეს არის ფუნქციური ატროფია, როდესაც ტვინი კონკრეტული მოტორული დავალების შესრულების უნარს პრაქტიკის ნაკლებობის გამო კარგავს.
ისტორიულად, წერის ხელსაწყოები (ფუნჯი, კალამი, საბეჭდი მანქანა) „პასიური“ იყო, მწერალი სრულად აკონტროლებდა პროცესს. თანამედროვე AI მოდელები კი „აქტიური“ გახდა: ისინი სიტყვებს თავად გვთავაზობენ, ჩვენს შეცდომებს ასწორებენ და ტექსტებს აგენერირებენ.
ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება კომუნიკაციაში, ამავდროულად ცვლის ჩვენს ნეირობიოლოგიას. მწერლის ტრადიციული როლის ცვლილება და ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება, შესაძლოა, ახალი ტიპის კოგნიტური დარღვევების საფუძველი გახდეს. ყოველივე ეს მედიცინისა და ნეირომეცნიერებისთვის მომავალში მთავარი გამოწვევა იქნება.
სამედიცინო პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ექიმის კოგნიტური დატვირთვა ანამნეზის წერისას მცირდება, რაც აჩენს კითხვას: ხომ არ გამოიწვევს პროცესების გადამეტებული ავტომატიზაცია ექიმების კრიტიკული აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებული მეხსიერების შესუსტებას?
როდესაც ექიმი თავად ადგენს ჩანაწერს, მისი ტვინი ახდენს სიმპტომების კლასიფიკაციასა და ლოგიკური ჯაჭვის აგებას, ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული შაბლონები კი ამცირებს კოგნიტურ დატვირთვას და კლინიკური აზროვნების „გაზარმაცებას“ იწვევს.
გარდა ამისა, წერის პროცესის სრული დელეგირება მანქანაზე დეტალებზე ორიენტირებულ მეხსიერებას ასუსტებს, რადგან ნეირომეცნიერულად დადასტურებულია, რომ საკუთარი ხელით ჩამოყალიბებული ინფორმაცია მეხსიერებაში უფრო მყარად ილექება.
ნეირომოტორული კავშირის გაწყვეტა იმ ნეირონულ გზებს აზიანებს, რომლებიც პასუხისმგებელია რთული სამედიცინო შემთხვევების სიღრმისეულ ანალიზზე.
საბოლოო ჯამში, ავტომატიზაციამ შესაძლოა დააზიანოს პროფესიული ინტუიცია და კლინიკური განსჯის ის უნიკალური უნარი, რომელიც მხოლოდ აქტიური, დამოუკიდებელი ინტელექტუალური მუშაობის შედეგად ყალიბდება.
წყარო: Nature

