ზრდასრულთა უმეტესობას დღეში 400 მილიგრამამდე კოფეინის, ანუ დაახლოებით ხუთი ფინჯანი ყავის მიღება უსაფრთხოდ შეუძლია, რასაც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შესაძლოა სარგებელიც ჰქონდეს. ამის შესახებ ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებულ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ახალ განცხადებაშია საუბარი.
სპეციალისტების შეფასებით, ზომიერი რაოდენობით კოფეინის მოხმარება გულის უკმარისობის, სხვადასხვა პათოლოგიისა და ინსულტის რისკის შემცირებას უკავშირდება. თუმცა, მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დიდი დოზით კოფეინის, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული სასმელების რეგულარული მიღება მაღალი არტერიული წნევისა და გულის არარეგულარული რიტმის საფრთხეს მკვეთრად ზრდის.
კვლევის ავტორების განმარტებით, ყავა კოფეინის ყველაზე ფართოდ შესწავლილი წყაროა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სარგებელი შესაძლოა სასმელში არსებულ სხვა ნაერთებსაც უკავშირდებოდეს. მათივე რეკომენდაციით, ყავის მიღების ყველაზე ჯანსაღი გზა ფილტრში გატარებული ან ხსნადი ყავის გამოყენებაა, რადგან გაუფილტრავი სახეობები, მაგალითად ესპრესო, ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის მატებასთანაა ასოცირებული. ამასთან, სასურველია, პაციენტებმა თავი შეიკავონ სასმელში შაქრის, ნაღებისა და არომატიზებული სიროფების დამატებისგან.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერების შეფასებით, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, კოფეინის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საკითხი დამატებით შესწავლას მოითხოვს. სამომავლო კვლევებმა ზუსტად უნდა დაადგინოს, თუ რატომ რეაგირებს ადამიანების ორგანიზმი კოფეინზე სრულიად განსხვავებულად და რა სპეციფიკურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე მისი ალტერნატიული წყაროები.
წყარო: Circulation

