ევროპის სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (UEMS) ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილ პროფესიონალებს აერთიანებს და ევროპის მასშტაბით ქმნის საერთო სტანდარტებს სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკისთვის.
2024 წელს საქართველოს სამედიცინო სპეციალისტთა ასოციაცია ოფიციალურად გახდა ამ გავლენიანი გაერთიანების ასოცირებული წევრი, ოქტომბერში კი თბილისმა პირველად უმასპინძლა UEMS-ის საშემოდგომო ყრილობას.
ამ ისტორიულ მოვლენასა და UEMS-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ნევროლოგი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) პრეზიდენტი გიორგი ჩახავა.
ბატონო გიორგი, შარშან საქართველო უემსის ასოცირებული წევრი გახდა, ხოლო წელს თბილისმა უკვე უმასპინძლა ორგანიზაციის წლიურ ყრილობას. რამდენად რთული გზა გაიარეთ აქამდე და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
გიორგი ჩახავა: საქართველო 2024 წელს მართლაც ოფიციალურად გახდა UEMS-ის ასოცირებული წევრი. ესაა ყველაზე მაღალი სტატუსი ქვეყნისათვის, თუ ის არაა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამასთან შარშან ბრიუსელში გამართულ ყრილობაზე 20 ხმით 6-ის წინააღმდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო წლიური შეხვედრა თბილისში ჩატარდებოდა.
ეს უდიდესი ნდობისა და პატივის ნიშანია ჩვენი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების მიმართ. ამ აღიარებას რთული და წინააღმდეგობებით სავსე 20 წელი უძღოდა წინ. ამ გზაზე სიარული ნელა, პატარა ნაბიჯებით 2008 წლიდან დავიწყეთ, როცა GAMS-საქართველო და UEMS-ევროკავშირს შორის გაფორმდა პირველი მემორანდუმი.
პირველი გამოცდილება 2011 წელს თბილისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად SIDA- ს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციის” ევროპული სამედიცინო განათლება და იმპლემენტაციის გზები საქართველოში” ჩატარება წამყვანი ევროპული ორგანიზაციების მონაწილეობით – ისეთი, როგორც UEMS(ბერნარდ მაიე გენერალური მდივანი), უწყვეტი განათლების ევროპული ფორუმი (European CME Forum იუჯინ პოზდნიაკი, პრეზიდენტი), ევროპის სამედიცინო ასოციაცია(European Medical Association – EMA-პრეზიდენტი), ბულგარეთის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი ტედ პოპოვი, ღია უნივერსიტეტის დირექტორი და ცნობილი ექსპერტის ჯენით გრანტი, მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის(World Federation of Medical Education-WFME) წარმომადგენლის აღმოსავლეთ ევროპაში გალინა პერფილევას მონაწილეობით. Შემდგომ ჩატარდა მასტერკლასი-დიპლომისშემდგომი განათლების-ტრენინგის საკითხებზე. ის დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხებზე. Ამ შეხვედრებზე მათ შორის საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სახელით მეც მქონდა მოხსენება. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაშინ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, ახლა ტვილდიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ, მაგრამ დიპლომისშმდგომი უწყვეტი განათლების თემა ყველას აერთიანებს. დიდხანს შეიძლება ამაზე საუბარი. მთავარია, რომ ჩვენი მცდელობით UEMS გახდა სერიოზული მოთამაშე მთელს რეგიონში. ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება სასწავლო კურიკულუმების შემუშავებაში, კითხვების გენერირებაში, ერთიან ევროპულ გამოცდაში. დღეისათვის ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის ორი დიდი სექციის, უროლოგიასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდივანი საქართველოდანაა.
UEMS თბილისის ყრილობა იყო უპრეცედენტო მოვლენა, რადგან პირველად ჩატარდა ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სამედიცინო ფორუმი საქართველოში. ეს სივრცე არა მხოლოდ პროფესიული, არამედ კულტურული დიალოგის პლატფორმადაც იქცა.
როგორ ჩაიარა ყრილობამ და რომელი თემები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი?
ყრილობა მართლაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ყრილობაზე აქტიურად მუშაობდა დიპლომის შემდგომი განათლების ანუ რეზიდენტურის ჯგუფი, უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული განვითარების ჯგუფი, ხელოვნური ინტელექტის ჯგუფი. მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამედიცინო გამოწვევებზე, როგორ უნდა მოხდეს სამხედრო კონფლიქტის პირობებში ექიმთა მხარდაჭერა და სამედიცინო სტანდარტების დაცვა. ყველა ეს თემა მოითხოვს ცალკე განხილვას, ჩარჩოს, სილაბუსს და კურიკულუმს.
თერაპიული სპეციალობების, ქირურგიული სპეციალობების და შერეული სპეციალობების ჯგუფები, რომელიც თავის მხრივ ლაბორატორიულ მედიცინას, რადიოლოგიას და საზოგადოებრივ ჯანდაცვას მოიცავს განიხილება სხვადსხვა აქტუალური საკითხი. საბოლოოდ ამ ჯგუფებში, თემატურ ფედერაციაში თუ მულტიდისციპლინარულ სექციაში განხილული და დამუშავებული ყველა საკითხი მრჩეველთა საბჭოში გადადის და საბოლოოდ ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება.
ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტურის პროგრამების დაახლოების საჭიროება იყო, რათა სპეციალისტთა მომზადება მთელ კონტინენტზე იყოს თანაბარი ხარისხის. და, რა თქმა უნდა, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინაში. როგორ შეიძლება მისი გამოყენება დიაგნოსტიკაში, კვლევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
ეს დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამედიცინო განათლების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
როგორ შეხვდნენ სტუმრები თბილისს და როგორ შეაფასეს ქართული მასპინძლობა?
ძალიან დადებითად. მონაწილეებმა აღნიშნეს არა მხოლოდ ორგანიზაციული დონე, არამედ ის თბილი და გულწრფელი ატმოსფერო, რომელიც თბილისს ახასიათებს.
რა სარგებელს მოუტანს საქართველოს UEMS-თან პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში?
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექიმებს ექნებათ ევროპული დონის სასწავლო და სასერტიფიკაციო შესაძლებლობები.
გარდა ამისა, UEMS სტრუქტურებში ჩართვა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ევროპულ განხილვებში, რომლებიც ეხება განათლებას, ეთიკას და კლინიკურ პრაქტიკას. ჩვენ არ გვაქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ჩვენს მოსაზრებას ყურადღებით უსმენენ და ითვალისწენებენ. ეს პარტნიორობა ჩვენს სამედიცინო სფეროს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან წევრად აქცევს.
რა გეგმები აქვს GAMS-ს უახლოეს მომავალში?
ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მიმართულებით აქტიურ საქმიანობას: სამედიცინო განათლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას, ახალგაზრდა ექიმების ჩართვას და პრაქტიკული სასწავლო ბაზების შექმნას. ამისათვის საჭიროა ევროპული მოდელის დანერგვა, ETR (ევროპული სასწავლო მოთხოვნები) და EPA (დამოუკიდებელი სანდო, დელეგირებული პროფესიული აქტივობების სისტემა). EPA აფასებს, რამდენად დამოუკიდებლად ახერხებს ექიმი კონკრეტული მანიპულაციის შესრულებას. მაგალითად, ქირურგი რამდენად დამოუკიდებლად აკეთებს ოპერაციას, შინაგანი მედიცინის ექიმი მართლაც დამოუკიდებლად სვამს დიაგნოზს ან აწარმოებს თუ არა მკურნალობას. არსებობს შეფასების დონეები: სრულად დამოუკიდებელი, ნახევრად დამოუკიდებელი, ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი. ეს ყველაფერი კონკრეტული კრიტერიუმებით ფასდება. საბოლოო მიზანი კი საქართველოში ისეთი აკრედიტებული ტრენინგ-ცენტრების ჩამოყალიბებაა, რომლებიც მოამზადებენ თანამედროვე, დამოუკიდებელ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სპეციალისტებს.
ესაა საქმეც, ბიზნესიც და ლაბორატორიაც მომავალი ექიმების გასაზრდელად. მთელი ძალისხმევა ამაზე უნდა იყოს მიმართული. როგორ შეიძლება ამაში ჩაერთოს ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირი, ეს უკვე სხვა თემაა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ქვეყანასთან, სპეციალობასთან თუ იქნება სტეიკ-ჰოლდერთან მოლაპარაკება შესაძლო ბიზნესის ჩართულობაზე, ეს რთული საკითხია, მაგრამ ჩვენ გახსნილი ვართ ყველაფრისთვის.
როგორ შეიძლება ამაში ჩაერთოს ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირი?
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ევროპის მედიკოს სპეციალისტთა ასოციაციის UEMS – ის ჩართვა, რადგან ეს ორგანიზაცია აერთიანებს სპეციალობებს, ადგენს სტანდარტებს და შეუძლია სამუშაო ჯგუფის შექმნა კონკრეტულ ქვეყანასთან ან სპეციალობასთან. ასეთ ჯგუფში შეიძლება იყვნენ: ქვეყნის წარმომადგენლები, პროფესიული ასოციაციები და სტეიკჰოლდერები (უნივერსიტეტები, კლინიკები, ბიზნესსექტორი).
ეს რთული, მაგრამ პერსპექტიული გზაა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა მიმართულებით.
რა შეტყობინება გსურთ გაუგზავნოთ ახალგაზრდა ექიმებსა და სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ გზას?
პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, მათ წინაშე დღეს გაიხსნა ევროპული კარი. თუ ისინი იქნებიან შრომისმოყვარეები, იმუშავებენ მონდომებით და პროფესიონალიზმით, საქართველოს ექიმები სრულიად კონკურენტუნარიანები იქნებიან ევროპულ ბაზარზე. ჩვენი ამოცანაა მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, განათლებისა და განვითარების ყველა შესაძლებლობის მიცემა.
დასკვნა
საქართველოს გაწევრიანება ევროპის მედიკოს სპეციალისტთა ასოციაციაში UEMS – ში არა მხოლოდ პროფესიული წარმატებაა, არამედ ქვეყნის სამედიცინო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სერიოზული შანსი. გიორგი ჩახავასა და GAMS-ის გუნდის ძალისხმევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მედიცინა მზადაა საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს.

