როგორ შეძლეს მეცნიერებმა ტიპი 1 დიაბეტის უკუქცევა თაგვებში?

გააზიარე

UC Davis Health-ის მკვლევრებმა დაადგინეს, როგორ იწვევს თაგვებში ექსპერიმენტული ანტისხეულებით თერაპია ტიპი 1 დიაბეტის უკუქცევას. როგორც ჩანს, მკურნალობა მოქმედებს სპეციალიზებული იმუნური უჯრედების წარმოქმნით, რომელიც პანკრეასში ანთებას ამცირებს და ბეტა-უჯრედებზე (ინსულინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი) დატვირთვას აქვეითებს.

ჟურნალ Diabetes-ში გამოქვეყნებული შედეგები მხოლოდ თაგვებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება და ჯერ მზა თერაპიულ მეთოდს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამ მიგნებებმა შესაძლოა სამომავლო კვლევების მიმართულება განსაზღვროს.

როგორ გავხადოთ პროცესი შექცევადი?

დიაბეტი ტიპი 1 მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა პანკრეასში არსებულ ინსულინის გამომმუშავებელ ბეტა-უჯრედებს უტევს. ამ უჯრედების განადგურებასთან ერთად ორგანიზმი კარგავს სისხლში შაქრის დონის რეგულირების უნარს, რის გამოც აუცილებელი ხდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინსულინით თერაპია.

დღეს არსებული საშუალებები მხოლოდ სიმპტომების მართვას უზრუნველყოფს და არა თავად აუტოიმუნური მიზეზის აღმოფხვრას. უმეტეს შემთხვევაში კი დიაგნოზს მაშინ სვამენ, როცა ბეტა-უჯრედების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.

„პაციენტების დასახმარებლად გვჭირდება თერაპია, რომელსაც შეეძლება დაავადების პროცესი შექცევადი გახადოს“, – განაცხადა უილიამ რიჯუეიმ, UC Davis Health-ის რევმატოლოგიის, ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ხელმძღვანელმა. „ჩვენი კვლევა გვეხმარება იმის ახსნაში, როგორ მუშაობს ეს ექსპერიმენტული მკურნალობა და გამოყოფს ბიოლოგიურ გზებს, რომელზეც T1D-ის მქონე ადამიანებში ერთ დღეს შესაძლოა მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ“.

განსხვავებული იმუნური სამიზნე

დიაბეტი ტიპი 1-ის საცდელი თერაპიების დიდი ნაწილი T-უჯრედებს უმიზნებს – შეძენილი (ადაპტური) იმუნიტეტის იმ რგოლს, რომელიც ინსულინის მწარმოებელ ბეტა-უჯრედებს ესხმის თავს. UC Davis-ის მკვლევრებმა კი ყურადღება თანდაყოლილ იმუნურ სისტემაზე გადაიტანეს, რომელიც T1D-ის კონტექსტში გაცილებით ნაკლებადაა შესწავლილი.

T1D-ის თაგვების მოდელისა და მოწინავე ერთუჯრედოვანი სექვენირების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულებით მკურნალობამ წარმოქმნა მიელოიდური წარმოშობის სუპრესორული უჯრედები (MDSCs). ეს სპეციალიზებული იმუნური უჯრედები ხელს უწყობენ ანთების კონტროლს. მკურნალობამ MDSCs უჯრედებს პანკრეასის კუნძულებში გადასვლის სტიმული მისცა და შეამცირა ის იმუნური აქტივობა, რომელიც ბეტა-უჯრედების დაზიანებას იწვევს.

IL-10-ის როლი

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ თერაპია დამოკიდებული იყო ინტერლეიკინ-10-ზე (IL-10) – ანთების საწინააღმდეგო სასიგნალო მოლეკულაზე. IL-10-ის გარეშე MDSCs უჯრედები ვერ ვითარდებოდა და თერაპიამ დიაბეტის უკუქცევის უნარი დაკარგა.

„ეს მიგნებები აჩვენებს, რომ თანდაყოლილი იმუნური სისტემის უჯრედებმა შესაძლოა ბევრად უფრო დიდი როლი ითამაშონ აუტოიმუნური დიაბეტის კონტროლში, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა“, – განაცხადა რიჯუეიმ.

ბეტა-უჯრედები

კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გადარჩენილ ბეტა-უჯრედებს ეხება. ტიპი 1 დიაბეტის განვითარებასთან ერთად შემორჩენილი ბეტა-უჯრედები სულ უფრო დიდი დატვირთვის ქვეშ ექცევიან: ერთი მხრივ, მათ იმუნური სისტემა უტევს, მეორე მხრივ კი ისინი გაძლიერებულად მუშაობენ, რომ ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ინსულინი გამოიმუშაონ.

მკურნალობის დაწყებიდან მალევე ბეტა-უჯრედებში უჯრედული სტრესის ბიოლოგიური მარკერები მკვეთრად შემცირდა. თერაპიამ შეასუსტა ის ბიოლოგიური გზები, რომელიც დაკავშირებულია ენდოპლაზმური ბადის სტრესსა და არასწორად ფორმირებული ცილების პასუხთან (unfolded protein response) – ორივე მათგანი ბეტა-უჯრედების დაზიანებასთან ასოცირდება.

„ერთ-ერთი მიგნება, რომელმაც ყველაზე მეტად გაგვახარა, ბეტა-უჯრედების სტრესის მკვეთრი შემცირება იყო“, – აღნიშნა რიჯუეიმ. „რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი კვლევა, რომელიც დეტალურად შეისწავლის, რა ხდება პანკრეასის შიგნით ტიპი 1 დიაბეტის უკუქცევის შემდეგ“.

მომავალი კვლევები ფოკუსირებული იქნება ამ მიდგომის ადამიანის თერაპიულ საშუალებებზე ადაპტირებასა და იმის დადგენაზე, შესაძლებელია თუ არა მსგავსი მექანიზმების უსაფრთხოდ გააქტიურება პაციენტებში.

მკვლევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ამ ნაშრომს შესაძლოა T1D-ის მიღმაც ჰქონდეს მნიშვნელობა. იმის გაგება, როგორ ვითარდებიან და ფუნქციონირებენ ეს სპეციალიზებული იმუნური უჯრედები, შესაძლოა სხვა აუტოიმუნური დაავადებების ახალი თერაპიული სტრატეგიების გამოვლენაში დაგვეხმაროს.

წყარო: UC Davis Health



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები