ჯანდაცვის სისტემა ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით დღეს უპრეცედენტო ტრანსფორმაციას განიცდის. ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა და ციფრული ინსტრუმენტები მედიცინის პრაქტიკას ფუნდამენტურად ცვლის, რასაც გლობალურად როგორც პაციენტები, ისე ექიმები გრძნობენ. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური რუტინის ოპტიმიზაციას.
ჯანდაცვის ეს ტექნოლოგიური რევოლუცია შეუძლებელი იქნებოდა იმ პროფესიონალების გარეშე, რომლებიც ინოვაციის წინა ხაზზე დგანან. დეველოპერები, ინჟინრები და მკვლევარები მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაზე, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ახალი ციფრული პლატფორმების დანერგვაზე. მათი ძალისხმევა უშუალოდ განაპირობებს მედიცინის მომავალს.
ივდით გაბესკირია ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროფესიონალია. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში, Weill Cornell Medicine-ში მოღვაწეობს და მრავალ ინოვაციურ პროექტს ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით.
ჩვენ ვესაუბრეთ ივდითს, რათა გაგვეგო, როგორ განვითარდა მისი კარიერა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროდან ჯანდაცვის ინოვაციების მიმართულებით. განვიხილეთ ამ სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე, ის პოტენციური როლი, რომელიც ქართველ სპეციალისტებს შეიძლება ჰქონდეთ გლობალურად ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.
ინტერვიუ ივდით გაბესკირიასთან
გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ფინანსური ტექნოლოგიებიდან ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით და რა გახდა ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა?
ფინანსური ტექნოლოგიები ყოველთვის მიზიდავდა. კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე და ამ სფეროში გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. თუმცა, Weill Cornell-ის დეველოპერის პოზიციაზე გასაუბრებაზე მივხვდი, რომ ყველაზე ღირებული წვლილის შეტანა ჯანდაცვის სფეროში შემეძლო.
ინტერვიუს პროცესი საინტერესო იყო. კითხვები მხოლოდ პროგრამულ საკითხებს არ ეხებოდა; გამიზიარეს არსებული გამოწვევები და მკითხეს, როგორ გადავჭრიდი მათ. ერთ-ერთი პრობლემა პაციენტების ექიმებთან ვიზიტის დაჯავშნის პორტალს ეხებოდა. როგორც კი იდეების გაზიარება დავიწყე, დისკუსია გაიმართა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უკვე გუნდის სრულფასოვანი წევრი ვიყავი.
ზოგადად, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე ჰუმანური საქმეა და მოხარული ვარ, რომ ჩემთვის ორ ყველაზე საინტერესო სფეროს: ტექნოლოგიებსა და ჯანდაცვას ერთდროულად ვემსახურები.

თქვენი აზრით, რა არის ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით ყველაზე დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა დღეს?
ექიმებში გადაწვის სინდრომის (burnout) მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრობლემად რჩება, რაც მთელ რიგ სხვა სირთულეებს იწვევს: არასწორ დიაგნოზებს, სამედიცინო სფეროდან კვალიფიციური კადრების გადინებას და პაციენტების უკმაყოფილებას. ამ გამოწვევების გადაჭრა უდიდეს შესაძლებლობას იძლევა ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად. ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი მედიკამენტების შექმნის დაჩქარება და გამარტივება. ამჟამად, ახალი წამლის ან მკურნალობის მეთოდის შემუშავებას საშუალოდ 10-15 წელი და 1-3 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამ პროცესის ოპტიმიზაციას უდიდესი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კაცობრიობის ჯანმრთელობაზე.
Weill Cornell Medicine-ში თქვენი საქმიანობის ფარგლებში, რომელ პროექტებს გამოარჩევდით, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავს თქვენს წვლილს ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებაში?
ერთ-ერთი ადრეული პროექტი მობილური აპლიკაცია იყო, რომელიც პაციენტებს ექიმთან კომუნიკაციის, დიაგნოზებისა და ტესტის პასუხების, ასევე საკუთარი ჯანმრთელობის ისტორიის ნახვის შესაძლებლობას აძლევდა. COVID-19-ის პანდემიის დროს, აპლიკაციას ვიდეოზარი დავუმატეთ, რათა პაციენტებს ექიმებთან ვირტუალური კავშირი ჰქონოდათ.
უფრო ახალი აპლიკაციებიდან კი ნევროლოგიის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ 3D ვებ აპლიკაციას გამოვარჩევდი ხელოვნური ინტელექტით. პაციენტები ამ აპლიკაციაში საკუთარი თავის 3D მოდელზე ზუსტად აღნიშნავენ ტკივილის ადგილს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი პროგნოზირებს ნერვული შეკუმშვის ეფექტურობას. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი პროგნოზებს ექიმებზე უფრო ზუსტად აკეთებს.
ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძალა დღეს ხელოვნური ინტელექტია. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომელსაც გვთავაზობს ეს ტექნოლოგია ჯანდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად გლობალურ დონეზე?
ბევრი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ძირითადად დიაგნოზის დასასმელად უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა გლობალური ჯანდაცვის პრობლემების გადასაჭრელად და ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის მონაცემების ეფექტური შეგროვება ყველაზე მნიშვნელოვანია.
დიაგნოზირების პროცესის გასაუმჯობესებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები პოპულაციების გენეტიკური თავისებურებები და გარემო ფაქტორები. სრულფასოვანი ანალიზისთვის და პერსონალიზებული მკურნალობის მაღალ დონეზე ასაყვანად საჭიროა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები ამ მიმართულებით დაიხვეწოს.
როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის სფეროში, მაგალითად, კადრების დეფიციტის შესავსებად და მედიკოსების შესაძლებლობების გასაძლიერებლად?
ჯანდაცვის სფეროში კადრების დეფიციტის შესამცირებლად რამდენიმე ინიციატივა არსებობს. მაგალითად, შემუშავებულია აპლიკაციები კადრების გადამზადებისთვის და ხმოვანი ასისტენტის პროგრამები, რომლებიც მედიკოსებს ვიზიტის დეტალების ჩანიშვნაში დახარჯულ დროს უზოგავენ.
თუმცა, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით პრობლემები არ გადაიჭრება. მედიცინა მეტად კომპლექსური სფეროა და უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის პაციენტის მონაცემთა დაცვის რეგულაციების. კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა ციფრული აპლიკაციების ჰარმონიული ინტეგრაცია ექიმების ისედაც დატვირთულ რუტინაში.
თქვენი აზრით, რა არის ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დანერგვის მთავარი გამოწვევები განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში?
განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობაა. კარგი მაგალითია კენია, სადაც წამლებისა და ტესტების მიუვალ ადგილებში მიტანა დრონების დახმარებით ხდება. ეს ინოვაციური მიდგომა ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას ამგვარი პრობლემების ეფექტურად გადაჭრა.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე საქართველოში, შეერთებულ შტატებთან შედარებით?
მომავალს პრევენციულ მედიცინაში ვხედავ, რადგან ჯანდაცვა მხოლოდ მაშინ არ უნდა იწყებოდეს, როცა პრობლემა უკვე სახეზეა. პრევენციული მიდგომა გულისხმობს ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს, დაავადებათა რისკ-ფაქტორების შემცირებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური პრობლემების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების ჯანმრთელობას. მსგავსი სისტემები ეფექტურად უნდა დაინერგოს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა როლი შეიძლება შეასრულონ ქართველმა დეველოპერებმა და ინჟინრებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის?
როგორც აღვნიშნე, რაც მეტი ინფორმაცია გაციფრულდება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უფრო ეფექტური გახდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სისტემებზე მუშაობა, რომლებიც ამ პროცესს გაამარტივებს. ამ საქმეში მედიკოსების ჩართულობა და მათთან პარტნიორობა აუცილებელია, რადგან მონაცემების ხარისხი და სწორი სტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. მომდევნო ეტაპი კი სხვადასხვა სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება იქნება.
როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებით გაუმჯობესდეს პაციენტების მომსახურეობა ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო?
პაციენტების გამოცდილების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მათი ონბორდინგის პროცესის გამარტივება, ჯანმრთელობის ისტორიის სრულყოფილი ანალიზი, შესაბამისი პრევენციული ჩექაფების დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მათზე მორგებულ და ეფექტურ სერვისს უზრუნველყოფს.
რა ეთიკური საკითხები უნდა განიხილონ მთავრობის და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებმა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვამდე?
ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავებისას, პაციენტის მონაცემთა კონფიდენციალურობა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამასთან ერთად, აუცილებელია პროდუქტის სრულფასოვანი ტესტირება, სანამ ის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მხოლოდ ამ ორი პრინციპის დაცვით არის შესაძლებელი უსაფრთხო და სანდო სერვისის მიწოდება.
თქვენი პერსპექტივიდან, რა არის დღეს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე პერსპექტიული გამოყენება კლინიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა ჩაბარდეს ადამიანების ჯანმრთელობა. ჩემი მიზანია, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის უნარი, რომელსაც დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ისეთი პატერნების (კანონზომიერებების) დანახვა შეუძლია, რაც ადამიანის თვალს შესაძლოა გამორჩეს. ეს სინერგია ქმნის საფუძველს უფრო ზუსტი დიაგნოზისა და პერსონალიზებული მკურნალობისთვის.
რომელ უნარებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად ახალგაზრდა ქართველი დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო მიმართულებით მუშაობა?
სამედიცინო სფერო მართლაც უნიკალურია, რადგან აქ უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო: პაციენტი, პროვაიდერი, ჰოსპიტალი/კლინიკა და დაზღვევა. ამასთან, თითოეულ სამედიცინო დარგს საკუთარი გამოწვევები აქვს: მაგალითად, თუ რადიოლოგია გამოსახულების ანალიზს საჭიროებს, ფსიქიატრიისთვის პაციენტის გუნება-განწყობის მონიტორინგია მნიშვნელოვანი.
სწორედ ამიტომ, კლინიკური პრაქტიკა და მოხალისეობრივი მუშაობა აუცილებელია, რათა ტექნოლოგიები სწორად და ეფექტურად ინტეგრირდეს ამ კომპლექსურ სისტემაში.
თქვენი აზრით, რა როლს დაიკავებს მომავალში პაციენტისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, AI ინსტრუმენტები დაავადებების დიაგნოსტიკისთვის?
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენინციალი, გახდეს შეუცვლელი ასისტენტი ჯანდაცვის სფეროში, რადგან მას შეუძლია, დაეხმაროს როგორც პაციენტებს, ისე ექიმებს. ის გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის პროცესს და ეფექტურად გასცემს პასუხს მათ შეკითხვებს.
როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი როლი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი უფრო ღრმად ინტეგრირდება ჯანდაცვის სისტემებში?
ხელოვნური ინტელექტის ჯანდაცვის სისტემაში ადრეულ დანერგვას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. თუმცა, რადგან ეს ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის და ინოვაციური კულტურის დასანერგად. მხოლოდ ასე შევძლებთ, სრულად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და წარმატებით ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს.
თქვენი კარიერული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის ერთი მთავარი რჩევა, რომელსაც მისცემდით ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს მუშაობას ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში და რა არის თქვენი ყველაზე დიდი მისწრაფება ამ მიმართულებით?
პირველ რიგში, დაფიქრდით თქვენი მოტივაციის წყაროზე. არის თუ არა ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფერო ნამდვილად თქვენი გატაცება?
როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მუშაობს სისტემა. თუ განსაკუთრებით აშშ-ის მედიცინა გაინტერესებთ, გირჩევთ, გამოიწეროთ https://www.outofpocket.health/-ის საინფორმაციო ბიულეტენი. ასევე, „AI Innovate“ გეგმავს საქართველოში „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“ კონფერენციის ჩატარებას, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში გამოვაცხადებთ.
რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, დღესდღეობით მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან მედიცინის მიმართულებით. ისინი ჩართულნი არიან უამრავ ინიციატივაში (მაგალითად, Apple Health, Amazon და სხვა). ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI, რომელთანაც ხშირად ვთანამშრომლობ, მუშაობს სამედიცინო მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამიტომ, შეგიძლიათ, საკუთარი სტარტაპი შექმნათ ან ამ მიმართულებით დასაქმდეთ ტექ-კომპანიებში.

