როგორ უნდა წარიმართოს გარდამავალი პერიოდი სუროგაციის აკრძალვამდე – ინტერვიუ ნატალია ხონელიძესთან

გააზიარე

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვა იგეგმება, რამაც სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ერთი მხრივ შეშფოთება და მეორე მხრივ, დისკუსია წარმოშვა რეგულაციის შედეგებსა და გარდამავალ პერიოდზე, რომელმაც დაწყებული პროგრამები, კონტრაქტები და უკვე არსებული ემბრიონები სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოში უნდა მოაქციოს.

კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებლის, რეპროდუქციულ მედიცინაში ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ ნატალია ხონელიძის შეფასებით, სუროგაციის აკრძალვის მოლოდინში მიმართვიანობის მკვეთრმა ზრდამ და ვადების შეზღუდვამ შესაძლოა პროცესების ხელოვნურად დაჩქარების რისკი წარმოშვას, რაც, მისივე თქმით, შესაძლოა, კლინიკების დატვირთვასა და სამედიცინო სტანდარტებზეც აისახოს.

„მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ნატალია ხონელიძემ ყურადღება გაამახვილა პოტენციურ შედეგებზე, რომელიც სუროგაციის სრულად შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს როგორც სამედიცინო ჩვენების მქონე ადგილობრივი პაციენტებისთვის, ასევე მთლიანად რეპროდუქციული მედიცინის სეტორისა და  ემბრიოლოგიური ლაბორატორიების შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხები კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ ოფიციალური მონაცემების ფონზე, რომელთა მიხედვითაც 2026 წელს სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3000-ს გადასცდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 2800 კი – ქვეყნიდან გაჰყავთ. როგორც ნატალია ხონელიძე განმარტავს, სწორედ ამიტომ, გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონივრული გარდამავალი ვადების განსაზღვრა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნა, რათა პროცესები კონტროლირებად, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო დეტალურად საუბრობს ნატალია ხონელიძე:

რა ალტერნატივა დარჩებათ იმ პაციენტებს, რომელთათვისაც, სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, სუროგაცია ბიოლოგიური შვილის ყოლის ერთადერთი შესაძლებლობაა? და ასევე, რა კონკრეტულ დიაგნოზებსა და სამედიცინო მდგომარეობას ეფუძნება დღეს სუროგაციის საჭიროება (მაგალითად, საშვილოსნოს თანდაყოლილი არარსებობა ან მოცილება, მძიმე სომატური დაავადებები, რომელთა დროსაც ორსულობა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია)?

იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც სამედიცინო ჩვენებებუდან გამომდინარე სუროგაცია ბიოლოგიური შვილის ყოლის ერთადერთი საშუალებაა, სუროგაციის აკრძალვის შემთხვევაში რეალური სამედიცინო ალტერნატივა ნამდვილად არ რჩება. საუბარია ქალებზე, რომლებსაც თანდაყოლილი ან შეძენილი მიზეზით არ აქვთ საშვილოსნო, აქვთ საშვილოსნოს შეუქცევადი პათოლოგია ან ჯანმრთელობის ისეთი მძიმე პრობლემები, რომელთა დროსაც ორსულობა და მშობიარობა საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ასეთ პაციენტებს დარჩებათ ორი შესაძლებლობა, მიმართონ სუროგაციის პროგრამას იმ ქვეყანაში, სადაც ეს კანონით ნებადართული და მათთვის ხელმისაწვდომია, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და სამართლებრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ან უარი თქვან გენეტიკურად დაკავშირებული შვილის ყოლის შესაძლებლობაზე.

შვილად აყვანა, რა თქმა უნდა, მშობლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, თუმცა ის არ წარმოადგენს უნაყოფობის მკურნალობის სამედიცინო ალტერნატივას. რაც შეეხება საშვილოსნოს ტრანსპლანტაციას, ეს ჯერჯერობით შეზღუდულად ხელმისაწვდომი, რთული და მაღალი რისკის სამედიცინო მეთოდია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ პაციენტებისთვუს მკაცრად განსაზღვრული სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, გესტაციური სუროგაციის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს სახელმწიფოს მკაცრი რეგულირების ქვეშ.

რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება ინვიტრო განაყოფიერების (IVF) ცენტრების, ემბრიოლოგიური ლაბორატორიებისა და შესაბამისი სამედიცინო კადრების განვითარებასა და კვალიფიკაციის შენარჩუნებაზე?

ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინადადებაა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნა, რომლის აუცილებლობაზეც პროფესიული საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. აღნიშნული რეესტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს გარდამავალ პერიოდში. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ყველა უკვე დაწყებული სუროგაციის პროგრამის, გაფორმებული ხელშეკრულების, არსებული კრიოკონსერვირებული ემბრიონის, მიმდინარე სამედიცინო პროცედურისა და ორსულობის აღრიცხვა.

ეს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად გააკონტროლოს გარდამავალი პერიოდი, უზრუნველყოს პროცესების გამჭვირვალობა და დაიცვას ყველა მონაწილე მხარის კანონიერი ინტერესები. ამასთანავე, რეესტრის ფუნქცია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სუროგაციითა და გარდამავალი პერიოდით. იგი უნდა გახდეს საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის სფეროს გრძელვადიანი რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ერთიანი სახელმწიფო რეესტრის არსებობა ხელს შეუწყობს ინვიტრო განაყოფიერების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, მკურნალობის შედეგების შეფასებას, პაციენტების უსაფრთხოებასა და სანდო ეროვნული სტატისტიკის წარმოებას. ჩვენ, როგორც პროფესიული საზოგადოება, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნული რეესტრის კონცეფციის, მისი ფუნქციური მექანიზმებისა და შესაბამისი სამედიცინო სტანდარტების შემუშავებაში. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს შევთავაზოთ არა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება, არამედ რეპროდუქციული მედიცინის სფეროს რეგულირების მდგრადი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მოდელი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზრდება არალეგალური ან არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე პროცედურების რისკი, ან პაციენტების გასვლა საზღვარგარეთ  – რაც დამატებით ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის?

ბუნებრივია, სუროგაციის შესაძლო აკრძალვის მოლოდინში შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს მიმართვიანობა და პაციენტებს გაუჩნდეთ სურვილი, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დაასრულონ დაწყებული პროგრამები. თუმცა, რეპროდუქციულ მედიცინაში არსებობს კონკრეტული სამედიცინო ეტაპები, რომელთა ხელოვნურად დაჩქარება დაუშვებელია.

სუროგატი დედის სრულფასოვანი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შეფასება, ინფექციური დაავადებების სკრინინგი, სამეანო ანამნეზის შესწავლა, საშვილოსნოს შეფასება, ენდომეტრიუმის მომზადება და ემბრიოტრანსფერის სწორად დაგეგმვა გარკვეულ დროს მოითხოვს. მიუხედავად გაზრდილი მიმართვიანობისა, დაუშვებელია სამედიცინო სტანდარტების შეცვლა, სუროგატი დედების შერჩევის კრიტერიუმების შემსუბუქება ან წარმატების ალბათობის გაზრდის მიზნით ერთზე მეტი ემბრიონის გადატანა. ასევე მნიშვნელოვანია კლინიკების, ემბრიოლოგიური ლაბორატორიებისა და ორსულობის მართვის სამსახურების დატვირთვის გათვალისწინება, რათა პაციენტების რაოდენობის ზრდამ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

იურიდიული თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელშეკრულებების სამართლებრივ გამართულობას, სუროგატი ქალის დამოუკიდებელ და ინფორმირებულ თანხმობას, ყველა მხარის უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრას, ახალშობილთა სამართლებრივ სტატუსსა და მშობლობის აღიარებას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა და ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნა. რეესტრის საშუალებით შესაძლებელი იქნება უკვე დაწყებული პროგრამების აღრიცხვა, მათი ეტაპობრივი განხორციელება, კლინიკების დატვირთვის მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული ვადების გამო სამედიცინო პროცესების ხელოვნურად დაჩქარების აუცილებლობა გაჩნდება. ნებისმიერ ვითარებაში ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა დარჩეს პაციენტის ჯანმრთელობა, უფლებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მომავალი ბავშვის უსაფრთხოება.

როგორ ფიქრობთ, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება საქართველოში რეპროდუქციული მედიცინა სუროგაციის სრულად აკრძალვის შემთხვევაში?

საქართველოში სუროგაციის სრული აკრძალვა მხოლოდ ერთი სამედიცინო სერვისის შეწყვეტას არ გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთლიანად რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაზე. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთათვისაც სუროგაცია გენეტიკურად დაკავშირებული შვილის ყოლის ერთადერთი სამედიცინო შესაძლებლობაა. მათ მოუწევთ სხვა ქვეყნებში გაცილებით ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების მოძიება, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფინანსურად მიუწვდომელი იქნება. გარდა ამისა, საქართველო წლების განმავლობაში ვითარდებოდა საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინისა და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ პერიოდში ქვეყანაში შეიქმნა თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციური პროფესიული გუნდი და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება.

სუროგაციის სრულმა აკრძალვამ შესაძლოა შეამციროს საერთაშორისო პაციენტების ნაკადი, ინვესტიციები, დასაქმების შესაძლებლობები და მთლიანად სექტორის განვითარების ტემპი.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სუროგატი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩვენი წინადადებაა მკაცრი რეგულაციების, ერთიანი სახელმწიფო რეესტრისა და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების შემუშავება. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების აღმოფხვრის პროცესში არ დავკარგოთ ის სამედიცინო და პროფესიული შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა.

რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება ინვიტრო განაყოფიერების (IVF) ცენტრების, ემბრიოლოგიური ლაბორატორიებისა და შესაბამისი სამედიცინო კადრების განვითარებასა და კვალიფიკაციის შენარჩუნებაზე?

რეპროდუქციული მედიცინა მაღალტექნოლოგიური და მუდმივად განვითარებადი სამედიცინო დარგია, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს საჭიროებს. თანამედროვე ემბრიოლოგიური ლაბორატორიის ფუნქციონირება დაკავშირებულია მნიშვნელოვან მუდმივ ხარჯებთან, მიუხედავად იმისა, რამდენ პაციენტს ემსახურება კლინიკა.

საერთაშორისო პაციენტების დიდი ნაკადი საქართველოში ხელს უწყობდა არა მხოლოდ კლინიკების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ემბრიოლოგიური ლაბორატორიების მოდერნიზაციას, სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განათლებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემბრიოლოგების კვალიფიკაციის საკითხი. ემბრიოლოგია პრაქტიკაზე დაფუძნებული სპეციალობაა, სადაც პროფესიული უნარების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის კლინიკური შემთხვევები, რეგულარული პრაქტიკა და უწყვეტი სწავლება.

პაციენტების რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკებისა და ლაბორატორიების ფინანსური მდგრადობის გაუარესება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადინება, სამუშაო ადგილების შემცირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეფერხება. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სუროგაციის პროგრამებზე, არამედ ჩვეულებრივ ინვიტრო განაყოფიერებაზე, რეპროდუქციული გენეტიკის განვითარებაზე, ფერტილობის შენარჩუნების პროგრამებსა და სხვა თანამედროვე რეპროდუქციულ სერვისებზე.

საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგები შესაძლოა ქართველმა პაციენტებმაც იგრძნონ – თანამედროვე სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შემცირებითა და მისი ღირებულების შესაძლო ზრდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასდეს არა მხოლოდ სუროგაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური საკითხები, არამედ მთლიანად რეპროდუქციული მედიცინის სექტორზე მოსალოდნელი გავლენა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზრდება არალეგალური ან არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე პროცედურების რისკი, ან პაციენტების გასვლა საზღვარგარეთ, რაც დამატებით ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის?

ჩვენი მიზანი არ არის უკონტროლო სუროგაციის მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენი მიზანია, რეპროდუქციული მედიცინა განვითარდეს კანონიერ, გამჭვირვალე, ეთიკურ და სამედიცინო თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები