რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი შავი ჭირით დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ლაბორანტმა მუშაობისას შემთხვევით გატეხა სინჯარა, რომელშიც საშიში პათოგენი ინახებოდა, ინციდენტიდან ერთ კვირაში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ინციდენტი 25 სექტემბერს მოხდა. დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, სამართალდამცავებმა და სანიტარიულმა სამსახურებმა ქალაქ შელეხოვში საგანგებო ზომები მიიღეს. გამოვლენილია გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს პაციენტები ტესტირებაზე პოლიციის ესკორტით გადაჰყავთ, ქალაქის ქუჩებში კი დამცავ კოსტიუმებსა და ნიღბებში აღჭურვილი სპეციალური ჯგუფები გამოჩნდნენ.
ინციდენტის გამო რეგიონში რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი, ანა პოპოვა ჩავიდა და ეპიდემიოლოგიური კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართა. ირკუტსკის გუბერნატორის განცხადებით, ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტი მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა, მათი პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია და ამ ეტაპზე ინფექციის ნიშნები არცერთ მათგანს არ უვლინდება.
ცნობისთვის, შავი ჭირი (გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis) ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, უაღრესად საშიში ინფექციაა. დროული ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე დაავადება სწრაფად პროგრესირებს და ფატალურად სრულდება.
წყარო: ukranews

