“საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოებამ მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა — 82 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი”

გააზიარე

„საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოებამ მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა — 82 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი, გამორჩეული კლინიცისტი და მეცნიერი, ნევროლოგიის ერთგული რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

დიდი ქართული ნევროლოგიური სკოლის წარმომადგენელი, ბატონი პეტრე სარაჯიშვილის საყვარელი მოსწავლე, ბატონი რომა, ყველგან — პალატასა, კლინიკურ განხილვებსა თუ სამეცნიერო ფორუმებზე, ყოველთვის ცდილობდა კლინიკური ნევროლოგიის და ნეირომეცნიერების შეჯერებას. ბატონ ვოვა გაბაშვილთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ინსულტოლოგიის წარმატებულ განვითარებას.

ბატონ რომაში შერწყმული იყო უზარმაზარი სამედიცინო განათლება, დიდი ინტელექტი, ახლის ძიების და ნევროლოგიის გაუკვალავ გზებზე სიარულის დაუოკებელი სურვილი. პიროვნულ ხიბლთან შეჯერებული ეს თვისებები მასთან ყოველ შეხვედრას დაუვიწყარს ხდიდა მრავალრიცხვოვანი პაციენტებისა თუ კოლეგებისათვის. მრავალწლიანი კლინიკური თუ სამეცნიერო საქმიანობის განმავლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების პერიოდში, ბატონი რომა მუდამ კლინიკური ნევროლოგიის ერთგულად რჩებოდა. საინტერესო კლინიკური შემთხვევა მისთვის ყოველთვის ინტელექტუალურ გამოწვევას წარმოადგენდა, სადაც გასაქანს პოულობდა მისი უკიდეგანო კლინიკური ფანტაზია და ნევროლოგიური რომანტიზმი.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალგაზრდა ნევროლოგები გაიზიარებენ ბატონი რომას ცხოვრების და საექიმო საქმიანობის იმ პრინციპებს, რომლებმაც მას მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმის სახელი დაუმკვიდრა“, — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები