მედიკამენტების ფასების კონტროლი: რა შედეგებს მოუტანს სახელმწიფო რეგულაცია მოსახლეობასა და სექტორს?

გააზიარე

საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დარეგულირების მიზნით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნა ირაკლი კობახიძის განცხადებამ განაპირობა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულთან შედარებით მაღალია.

მას შემდეგ, რაც კომისიამ შეხვედრები სასურსათო პროდუქციის სექტორთან გამართა, საკითხი კიდევ უფრო გაღრმავდა და ფასების კონტროლის მექანიზმების განხილვა მედიკამენტების სექტორზეც გაფართოვდა. კომისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯვალაძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე 7000 დასახელების პრეპარატი ექვემდებარება რეფერენტულ რეგულირებას, რომელსაც სამომავლოდ კიდევ რამოდენიმე ათასი უნდა დაემატოს. მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს უკვე ეცნობა და რეაქციაც შესაბამისი – “ადეკვატური” – იყო.

მედიკამენტების ფასების სახელმწიფოს მიერ რეგულირება თანამედროვე ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და სადავო საკითხია. ეს მექანიზმი ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თუმცა ამ ტიპის სახელმწიფო პოლიტიკას თან ახლავს როგორც აშკარა პოზიტიური ეფექტები, ისე ფარული ეკონომიკური რისკები.

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს იმ მოსალოდნელ პოზიტიურ თუ ნეგატიურ ეფექტებს, რომლებიც, შესაძლოა, მედიკამენტებზე ფასების კონტროლმა როგორც მოსახლეობას, ისე მთლიანად სექტორს მოუტანოს.

პოზიტიური შედეგები

რეგულირების მთავარი და უპირობო პლუსი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქრონიკული პაციენტების ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. ეს მექანიზმი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, მოქალაქეები მედიკამენტებზე გაწეული მაღალი ხარჯებისგან პირდაპირი გზით დაიცვას.

ფასების ზედა ზღვარის დაწესება, მაგალითად რეფერენტული ფასწარმოქმნის გზით, მედიკამენტებს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

ამასთანავე, სახელმწიფო კონტროლი რიგ შემთხვევებში ბაზრის პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს და ფასების მკვეთრ, სპეკულაციურ მატებას გამორიცხავს. მსგავსი სტაბილურობის განცდა მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ისე სადაზღვევო სექტორისთვის, რადგან მათ ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, რეგულაციები ხშირად ბაზარს უფრო იაფი, მაგრამ ეფექტური ანალოგების, ე.წ. გენერიკების, ათვისებისკენ უბიძგებს. ეს პროცესი ჯანდაცვის საერთო ბიუჯეტის ოპტიმიზაციას და რესურსების უფრო ეფექტურ გადანაწილებას ხელს უწყობს.

ნეგატიური შედეგები

მეორე მხრივ, ზედმეტად მკაცრმა ჩარევამ შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს და თავად პაციენტი დააზარალოს. ბაზრის ზედმეტი რეგულირება ხშირად ისეთ ბარიერებს ქმნის, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინოვაციური მედიკამენტების ნაკლებობაა. საერთაშორისო ფარმაცევტული გიგანტები ხშირად თავს არიდებენ ახალი თაობის პრეპარატების შეტანას იმ ქვეყნებში, სადაც ფასების ზღვარი ძალიან დაბალია. მათთვის ეს პროცესი ეკონომიკურად წამგებიანი ხდება, შედეგად პაციენტებს უახლეს და ყველაზე ეფექტურ მკურნალობაზე წვდომა მნიშვნელოვნად ეზღუდება.

ასევე მწვავედ დგას დეფიციტის საფრთხე. თუ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასი მწარმოებლისთვის ან იმპორტიორისთვის თვითღირებულებაზე დაბალია, პროდუქტი ბაზრიდან ქრება, რადგან მისი მიწოდება ნაკლებად მოგებიანია. განვითარებად ქვეყნებში ეს ფაქტორი ხშირად მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტის ძირითადი მიზეზი ხდება.

გარდა ამისა, რეგულაციები ხშირად R&D (კვლევა და განვითარება) ინვესტიციების შემცირებას იწვევს. ფარმაცევტული სექტორი მოგების დიდ ნაწილს ახალი წამლების შექმნასა და ლაბორატორიულ კვლევებში აბრუნებს. მოგების მარჟის ხელოვნური შემცირება კი სამედიცინო მეცნიერების განვითარების ტემპზე პირდაპირ აისახება.

საბოლოო ჯამში, საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დარეგულირების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობა, რომელიც სურსათის შემდეგ ფარმაცევტულ სექტორსაც შეეხო, განსაკუთრებულ სიფრთხილესა და რისკების სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. 

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებისკენ მიმართული პოზიტიური ნაბიჯია, ზედმეტად ხისტმა ჩარევამ შესაძლოა საპირისპირო, ნეგატიური ეფექტები გამოიწვიოს. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები