ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი, პაციენტის 24-საათიანი მეთვალყურე და კლინიკური გუნდის განუყოფელი ნაწილი, ეს ექთნის პროფესიის რეალური შინაარსია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია კვალიფიციური საექთნო ზრუნვის გარეშე, საქართველოში ეს სფერო მრავალი წელია სტერეოტიპების, მძიმე სამუშაო პირობებისა და სისტემური უგულებელყოფის ტყვეობაშია. ექთნობა ხშირად აღიქმება არა როგორც მედიცინის დამოუკიდებელი და აკადემიური დარგი, არამედ როგორც „მძიმე შავი სამუშაო“, რაც პირდაპირ აისახება როგორც კადრების დეფიციტზე, ისე მომსახურების ხარისხზე.
საექთნო საქმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, განათლების სისტემურ ხარვეზებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც პროფესიის გადასარჩენადაა გადასადგმელი, „მედსკრიპტუმი“ ექთანს და საექთნო ასოციაცია ნუმანეს დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ დაუსს ესაუბრა.
რა მნიშვნელობის მატარებელია ექთნის პროფესია, რამდენად არის ჯანდაცვის სფერო ამ პროფესიაზე დამოკიდებული და რა დაგვემართებოდა მის გარეშე?
საექთნო საქმეს ამ წუთას სტერეოტიპული აზროვნებით უყურებს ყველა, მათ შორის თავად ექთნებიც. ექთნები, ექიმები, სტუდენტები, სხვა პროფესიის წარმომადგენლები, ეს უკვე აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და აღარ უნდა გაგვიკვირდეს საზოგადოების მხრიდანაც ანალოგიური დამოკიდებულება.
ძირითადად პოზიციონირებს აზრი, რომ ექთანი არის მძიმე შავი სამუშაოს გამკეთებელი და მისი პასუხისმგებლობა ამით შემოიფარგლება. ახლა კი გამოვედით იმ აზროვნებიდან, რომ ექთანი უბრალოდ ნემსის გამკეთებელია ან არის დანიშნულების შემსრულებელი. მინდა ვთქვა, რომ ეს აზრი მთლად უსაფუძვლოდ გაჩენილი არ არის. თავად ექთნებსაც ჰგონიათ, რომ ისინი დანიშნულების შემსრულებლები არიან და აღარ ხდება იმ აზრის განვითარება, რომ რეალურად ეს პროფესია მედიცინის ცალკე განხრაა, თავისი სახელმძღვანელოებით, გაიდლაინებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი წესებით და სხვა მრავალი კომპლექსური ნიუანსით.
რეალურად პაციენტის შეფასება და მისი მართვა 24/7-ზე სწორედ მის ხელშია. რეალურად ეს ყველაზე კარგი განათლების მქონე რგოლი უნდა იყოს საავადმყოფოში. რაც არ უნდა პროფესიონალური ოპერაცია ჩატარდეს, პაციენტის რეაბილიტაციური პერიოდი მთლიანად ექთნის ხელშია. თვითონ პაციენტის დამძიმება ან თუნდაც დადებითი ან უარყოფითი პასუხი მედიკამენტზე ექთნის მიერ შეიმჩნევა.
სამწუხაროდ, საშუალო ფონი ცოდნის თვალსაზრისით ძალიან დაბალია, რადგან თავად ექთნები არ თვლიან, რომ ეს ცოდნა მათ მოეთხოვებათ. ამიტომ ვიტყოდი, რომ ამ მავნე სტერეოტიპმა, რასაც უამრავი საწყისი მიზეზი გააჩნია, ექთნის აზროვნებაზეც ძალიან იმოქმედა და ერთგვარი მანკიერი წრე შექმნა.
ვფიქრობ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ექთანმა თავი კლინიკური გუნდის წევრად იგრძნოს და დაიჯეროს, რომ მისი პროფესია დამოუკიდებელია თავისი პასუხისმგებლობებით, ისევე როგორც ევროპის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში ან ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. როგორც კი ექთნები გაანალიზებენ, რომ საჭიროა მუდმივი განვითარება, საკუთარი პროფესიის ძალას ირწმუნებენ და აქტიურად დაიწყებენ მოთხოვნას, რომ დაფასდნენ. ვფიქრობ, მაშინვე შეიცვლება საზოგადოებრივი აზრი და ის მძიმე და რთული ყოფა, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ მუშაობა.
განათლების თემა ახსენეთ, ის რომ მხოლოდ ექიმზე არაა დაავადების დიაგნოსტირება და მართვა დამოკიდებული. განათლების ამაღლების კონტექსტში, სახელმძღვანელოების მხრივ ქვეყანაში რა კეთდება?
სამწუხაროდ, 2018 წლამდე ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილი საკმაოდ კარგი წიგნი მოიპოვებოდა, რომელიც მხოლოდ შინმოვლას მოიცავდა. სხვა სახელმძღვანელოები კი არც ისე რელევანტური და სილაბუსზე მორგებული იყო, ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებული ნამდვილად არ არის. 2018 წელს 16 სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელიც 180 აუცილებელ კრედიტს სრულად ფარავს და აბსოლუტურად ყველა სფერო ქართულ ენაზე გადაიფარა. მაგრამ შეუძლებელია სტუდენტის ცოდნაში მხოლოდ სახელმძღვანელოს არსებობით დარწმუნდე, აუცილებელია ამ ცოდნის ტესტირება. სამწუხაროდ, აქამდე ეს არ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა კოლეჯები თავიანთი გამოცდების საფუძველზე გასცემენ დიპლომს, მაინც რთულია სფეროში უკვე შემოსული ადამიანის ცოდნის შეფასება, რადგან ყველა დაწესებულება ცოდნას თავისებურად ამოწმებს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, დიპლომირების შემდეგ ჩვენ არ გვაქვს სალიცენზიო გამოცდები და უწყვეტი პროფესიული განათლების შესაძლებლობა საექთნო საქმიანობაში. გამოდის, რომ ექთანს ვალდებულება იმისა, რომ ისწავლოს, არ აქვს და ვერც მოსთხოვ, მორალურად ეს ძალიან რთულია. ყველამ კარგად ვიცით ამ ადამიანების ყოფა. მათ ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობა უწევთ, ასევე დამატებითი შემოსავლისთვის პირად გამოძახებებზე სიარული და ასეთ ადამიანს თვეში დაახლოებით 250 სამუშაო საათი გამოსდის. ხშირად საკუთარი თავისთვისაც არ აქვს დრო. ამიტომ, თუნდაც ჰქონდეს სურვილი, ფიზიკურად ვერ ახერხებს განვითარებას.
კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, როგორია ექთნების ასაკობრივი მდგომარეობა და როგორ აისახება ეს სისტემაზე? რა განაპირობებს ამგვარი ამინდის შექმნას?
კიდევ ერთი საკითხია საშუალო ასაკი. ექთნის საშუალო ასაკი რამოდენიმე წლის წინათ პირადი საუბრისას როგორც მახსოვს დასახელდა 47 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ადამიანი დიდი გამოცდილებით, ასაკი მაინც თავისას შვება. იმას ვგულისხმობ, რომ 47 წელი ძალიან მაღალი რიცხვია ექთნისთვის, რომელიც 48 საათი მორიგეობს გადაბმულად და ცალკე ოჯახიც ჰყავს. უაღრესად დამღლელია, გარკვეული დროის შემდეგ ჯანმრთელობაზეც აისახება და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზეც. ამიტომ, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს ადამიანი ახალი ცოდნის მისაღებად და შესასწავლად, თავად ასეთი რეჟიმი აიძულებს მათ ამგვარ განათლებაზე უარის თქმას და ეს უაღრესად გულდასაწყვეტია.
ამგვარად, ქვეყანაში დღეს სამი ტიპის ექთანი გვყავს. ახალდამთავრებული კოლეჯის დიპლომიანი ადამიანები, რომლებმაც აიღეს დიპლომი, მაგრამ არ ვიცით რეალურად შეფასების ინსტრუმენტებით შეფასდა მათი ცოდნა. მეორე ტიპი არიან შედარებით მაღალი ასაკის მქონე ადამიანები, რომლებმაც თუნდაც გასული საუკუნის ბოლოს დაამთავრეს საექთნო და დღემდე სრულიად მათზე იყო დამოკიდებული სტაჟის დაგროვება და საკუთარი განვითარება.
და მესამე ტიპი არის ეგრედ წოდებული ექთნის დამხმარის პოზიციაზე მომუშავე ადამიანები. პოზიცია, რომელიც დარგის მრავალი წარმომადგენლის მიერ სხვა დასხვა დაწესებულების მიერ კანონის გვერდის ავლის გზად იყო აღქმული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მეცხრე კლასის შემდეგ, მიიღეს მესამე საფეხურის პროფესიული განათლება. მესამე საფეხურის დასრულების დამადასტურებელი საბუთი სერტიფიკატია და არა დიპლომი. შესაბაისად მათ არ ქონდათ ექთნად მუშაობის უფლება.სამწუხაროდ, მათ ხშირად ექთნის მძიმე მოვალეობის ან კიდევ უფრო დატვირთული საქმის შესრულება უწევდათ და ხშირად ანაზღაურება ექთნის საშუალო შემოსავალზე ბევრად დაბალი იყო. სამწუხარო ის არის, რომ ექთნის დამხმარის წოდების მქონე ადამიანები დილემის წინაშე ექცევიან, რადგან რეალურად მათ პროფესიული განვითარების საშუალება კანონით არ აქვთ. განათლების საიმინისტროს მოთხოვნაა, რომ მათ დაამთავრონ სკოლა და შემდეგ უკვე პროფესიული მე-5 საფეხურის დონის საექთნო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც რეალურად უზარმაზარ დროსა და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.
ამიტომაც ამ ტერმინის შემოღებიდან ძალიან მალე ვიხილეთ, რომ ათასობით ჯანღონითა და მოტივაციით სავსე ახალგაზრდამ ჯანდაცვის სფეროს დატოვება დაიწყო და მუშაობა დაიწყო სრულიად სხვა სექტორში, მაგალითად ქსელურ მაღაზიებში, სადაც შედარებით უფრო მაღალ ანაზღაურებასა და ნაკლებ სტრესსა და ფიზიკურ დატვირთვას სთავაზობდნენ.რა თქმა უნდა, როდესაც უკვე წლების განმავლობაში ნაგროვები სტაჟის მქონე ადამიანები სექტორიდან გადიან, ეს ძალიან მძიმედ აწვება თავად ჯანდაცვის სფეროს და ეს ხდება უკვე არსებული ექთნების დეფიციტის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზიც.
კიდევ ერთი მანკიერება არის ის, რომ ხშირად ფიზიკურად მძიმე და სწრაფად გასაკეთებელი სამუშაოს გამო ან მკვეთრი დეფიციტის გამო კლინიკების მხრიდან მოთხოვნა უშუალოდ ახალგაზრდებზეა შეჩერებული. ამიტომ ხდება მრავალი პირველკურსელის აყვანაც, რომელთაც უკვე ძალიან დატვირთული საუნივერსიტეტო გრაფიკის გარდა აქაც უწევთ მძიმე შრომის გაწევა.
ვიღებთ იმას, რომ ეს ანთებული და მოტივირებული ბავშვები სამ თვეში სრულიად იწვებიან როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. პრინციპში, მარტო სტუდენტებზეც არაა აქ საუბარი, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა უკვე რეალობას ეჯახება და იაზრებს, თუ რასთან აქვს საქმე და რამდენის სწავლა უწევს, მის თავში დიდი წინააღმდეგობები იჩენს თავს და ამიტომ ეს პროცესი ურთულესია. ამიტომაც საბოლოოდ გამოდის, რომ ბაზარზე გვყავს ძალიან ასაკოვანი ექთნები.
ამავდროულად ვახსენოთ „ბებია ქალის“ პროფესია (მეან-ექთანი) პროფესია, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ გაქრა საქართველოში. ვინაიდან უკვე თხუთმეტი წელია მეან-ექთნის დიპლომი საქართველოში არ გაცემულა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის რომ მეან-ექთნის პროგრამა პროფესიულიდან საბაკალავრო პროგრამაში იქნა გადატანილი და ამ პროგრამაზე პრაქტიკულად არავინ აბარებს.
მეორე დიდი პრობლემა, თუ რატომ არის ექთნების დეფიციტი, არის ის, თუ სად მიდიან ექთნები დიპლომის აღების შემდეგ, რადგან ისედაც მწირი კონტინგენტი ამ ადამიანებისა უმეტესად ესთეტიკურ მედიცინაში მიდის, სადაც შედარებით უფრო მეტი ფინანსური სარგებელია. შედეგად, მწვავდება საოპერაციო, მიმღების, ანესთეზიის და ზოგადი ექთნების დეფიციტი.
თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც სკოლას ამთავრებს, არ ინტერესდება უშუალოდ საექთნო საქმიანობით? მხოლოდ ის, რომ ფინანსურად ხელსაყრელი არ არის, თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობს?
რა თქმა უნდა, არსებობს. ფინანსები და ღირსეული ხელფასი მოტივაციის მხოლოდ ნაწილია, რადგან პირობითად, სადაც არ მსურს მუშაობა, სადაც ცუდად მექცევიან და პირობები ძალიან ცუდია, სულ რომ ათასობით ლარი მიხადო, იქ არ წავალ ან ვერ გავძლებ და მალევე წამოვალ. ასე მუშაობს ეს აქაც.
ამას რომ გავცდეთ, განვითარების პერსპექტივა არ არსებობს. ხდები ექთანი და ამით სრულდება. რამდენადაც ნიჭიერი, მოტივირებული და განათლებული ადამიანიც არ უნდა იყო, რა დიდი სტაჟი და გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს დაგროვილი, სადაც არ უნდა მიხვიდე, იქნება ეს კვლევა, აკადემიური სამუშაო, უახლესი ინოვაციები, ყველგან პასუხი არის ერთი: რომ არ გყოფნის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რომელიც რეალურად აკადემიური წოდებით განისაზღვრება.
და როდესაც კითხულობ: დიახ, გასაგებია, როგორ შეიძლება, რომ ახლა ავიმაღლო ეს კვალიფიკაცია, რათა თქვენს სტანდარტებს მოვერგო? გპასუხობენ, რომ ხელახლა უნდა ჩააბარო საბაკალავრო პროგრამაზე და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რაიმე ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც უმეტესად უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საერთოდ არ სჭირდება.
და მომდევნო კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლება საექთნო ხაზის განვითარება, რატომ არის აუცილებელი ამდენი წლის დაკარგვა? პასუხი არასდროს არის.
არადა საექთნო ხაზით განვითარება, უწყვეტი პროფესიული განათლებით, შესაძლებელია, რაც უამრავმა ევროპულმა ქვეყანამ გააკეთა, მაგალითად: ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა მრავალმა.
სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ამიტომ, როდესაც ვსვამთ კითხვას: რატომ არ აბარებს ახალგაზრდა საექთნოზე? იმიტომ რომ ეს ცუდი პროფესიაა? — არა. იმიტომ, რომ ამ პროფესიას არ აქვს განვითარება.
აბა, როგორ შეიძლება მოსთხოვო ახალგაზრდას, ამ პროფესიაში თავი სცადოს, როდესაც იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც TikTok-ზე კარგი კონტენტის შექმნით, ცნობილიც შეგიძლია გახდე, დაფასებაც გქონდეს და ფულიც იშოვო.
ამიტომ, თუ არ იქნება მოტივაცია მუშაკების პიროვნული განვითარების, აზრი არ აქვს. მინიმუმ წარმატებული ექთნის მაგალითები მაინც უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას — ის „მარგალიტები“ და ინდივიდუალური ისტორიები, რითაც შეიძლება ადამიანი დააინტერესო.
რაც უფრო მეტის მიღწევის საშუალებას მივცემთ ამ სფეროში დასაქმებულებს, დაინტერესებაც მით უფრო მეტი იქნება.
ამ თემასთან დაკავშირებით ადამიანთა უმეტესობას უმთავრეს პრობლემად მაინც ფინანსური ფაქტორი მიაჩნიათ. ვინაიდან ყველას კარგად მოეხსენება, რომ ექთნებს ხშირად ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ, რაც ახლოსაც ვერ მივა იმ ანაზღაურებასთან, რაც მათ რეალურად ეკუთვნით. ეს კი თავისთავად მოტივაციასაც ამცირებს. თუ გესახებათ რაიმე ისეთი ნაბიჯები, თუნდაც სახელმწიფოს ან კლინიკების მხრიდან, რითიც ამ პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, რათა ექთნებმა მიიღონ თავიანთი კუთვნილი ღირსეული ანაზღაურება, აღარ უწევდეთ ორ-სამ სამსახურში მუშაობა და იმ არაადამიანური ჯაფის გაწევა?
დიახ, ამ პრობლემაზე საუბრისას უმთავრესად უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიც არ უნდა ვეძებოთ, არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც კერძო საავადმყოფოებში, რომლებსაც თავიანთი შიდა სტანდარტები აქვთ, მათ განფასებაში, სადაც ექთნის მომსახურებაა გათვალისწინებული, თუ დავშლით პაციენტის მკურნალობის ხარჯებს, არაპირდაპირ ხარჯებში პირობითად სტეპლერის, დენის, წყლის, იატაკის საწმენდი საშუალების და თაბახის ფურცლის ფასიც კი არის შეტანილი, მაგრამ არ არის ექთანი შეყვანილი.
საათში 3.5–4 ლარი არის დაცინვა, რაც კანონმდებლობაში ჩაიწერა. კი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და გაახარა ადამიანი, რომელსაც ადრე პირობითად ლარ-ნახევარს უხდიდნენ და ასეთი ექთნებიც გვყავდა ქვეყანაში, მაგრამ ესეც ძალიან ცოტაა. ამიტომ აუცილებელია, რომ ექთანი მკურნალობის ხარჯების განფასებაში იყოს მოხსენიებული. თუ გავითვალისწინებთ მკურნალობის კოლოსალურ ხარჯებს, ექთნის ჩართვით არ მგონია, კლინიკას რაიმე კატასტროფული ზიანი მიადგეს, რადგან ეს პროცენტულად დიდი რიცხვი არ არის. ამ მხრივ საოპერაციო ექთანი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მათ გარეშე რთული ოპერაციები ვერ ჩატარდება და ქირურგებს უწევთ მათთან კომპრომისზე წასვლა. მეორე საკითხი არის საკვალიფიკაციო სისტემა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ძალიან კარგად მუშაობს. არ შეიძლება, რომ ექთანს, რომელსაც 20 წელი აქვს ნამუშევარი და თითოეულ ნიუანსს „ტანით გრძნობს“, და ახალბედა ექთანს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეს.
პირველ რიგში, მათი მომსახურების ხარისხი სრულიად განსხვავებულია, ხოლო მეორე_ იქმნება უსამართლობის განცდა. ამიტომ აუცილებელია, დროთა განმავლობაში, სტაჟის მიხედვით იზრდებოდეს ხელფასი. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას და ზრდის იმის შანსს, რომ ადამიანები დარჩნენ ამ სფეროში. ვფიქრობ, როგორც კი ეს ორი საკითხი დარეგულირდება, რაც საკმაოდ უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს, ფინანსური მდგომარეობაც შედარებით გამოსწორდება.
თუ შევხედავთ, მაგალითად, აშშ-ის ან ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, იქ ერთ ექიმზე დაახლოებით ათამდე ექთანი მოდის, ხოლო ერთ ექთანზე საშუალოდ ორი პაციენტი. საქართველოს რეალობაში კი, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ერთ ექთანზე 7–10 პაციენტიც მოდის, ხოლო ერთ ექიმზე — ერთი ექთანი. თუ გაქვთ ინფორმაცია, რეალურად რა სიტუაციაა ამ მხრივ?
რეალურად მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ნაკლებ პროპორციასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა. ერთ-ერთი რიცხვი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება, არის 13 000, თუმცა რაზე დაყრდნობით არის მიღებული ეს მონაცემი, ინფორმაცია არ მაქვს.
რამდენიმე წლის წინ, USAID-ის დახმარებით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლიდან კვლევის ჩატარების პერიოდამდე ექთნების რაოდენობა 13 000-დან 25 000-მდე გაიზარდა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველოში არსებული კოლეჯები ყოველწლიურად ჯამში დაახლოებით 200-მდე დიპლომს გასცემენ.
რეალურად ეს რიცხვი იმიტომ გაიზარდა, რომ ხშირად ერთი ექთანი სამ სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს ან მინიმუმ სამუშაო ძალაში არის რეგისტრირებული.
ამიტომაც მოხდა, რომ საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესმა, რომელზეც სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებდა, ექთნების რეალური რაოდენობა ვერ აჩვენა.
ზუსტი რიცხვი, წესით, 2027 წლის ივნისში გახდება ცნობილი, როდესაც დასრულდება ექთნების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი და გვეცოდინება მათი საშუალო ასაკიც.
საით მივდივართ და რა მომავალი გველოდება? როგორ ხედავთ პერსპექტივებს? არსებობს რაიმე სამომავლო ხედვა, რომელიც დღეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას შეძლებს და ამ პროფესიას პრესტიჟულ და ღირსეულ სტატუსს დაუბრუნებს?
მუშაობა უნდა დავიწყოთ იდეით. იდეის გამო ხალხი თავს წირავს და იღუპება. თუ ადამიანებს ამ იდეას ჩამოვუყალიბებთ და ავუხსნით, რომ მათი საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა მათი ცოდნით განისაზღვრება და ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული — რაღაც აუცილებლად შეიცვლება.
როდესაც ვამბობთ, რომ ექთნის პროფესია მძიმე მდგომარეობაშია, რომ პრესტიჟზე საუბარიც კი ზედმეტია და ხშირად ამ ადამიანებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ამას თავად ექთნები აპროტესტებენ, მაშინ როდესაც ეს სიმართლეა.
იცით, თუ ადამიანს ესმის თავისი საქმის მნიშვნელობა და საკუთარი, როგორც პროფესიონალის ფასი, ის აუცილებლად მოითხოვს უკეთეს პირობებს და ამისთვის იბრძოლებს.
ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია იდეა, იდეა, რომელსაც ჯერ კიდევ კოლეჯებში უნდა ასწავლიდნენ სტუდენტებს.
ასე გვეცოდინება, რას ვთხოვთ ექთნებს და არაპროპორციული აღარ იქნება ის, თუ საპასუხოდ რას ვთავაზობთ მათ.
როგორც კი ექთნები ამას დაინახავენ და პარალელურად ჩვენ სწორ ვალდებულებებს მოვთხოვთ, იქნება ეს კომპეტენცია თუ უფრო ღრმა აკადემიური ცოდნა, მაშინვე გაჩნდება მათში პროფესიის დაფასებისა და უკეთესი პირობების მოთხოვნა.
ეს ორი ფაქტორი ძალიან დაეხმარება პროცესს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მივდივართ და აუცილებლად მივალთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც, თუ ექთანს, როგორც სამხედროებს, სოციალური ბენეფიტები და გარკვეული წლების შემდეგ საცხოვრებელი არ შევთავაზეთ, ამ სფეროში აღარავინ წავა.
სანამ საექთნო საქმეს არ წარმოვაჩენთ როგორც აღმავლობის გზას და ღირსეულ ხელფასს არ შევთავაზებთ ამ სფეროში დასაქმებულებს, ვიქნებით ამ მდგომარეობაში და ვერაფერი შეიცვლება.

