რუსუდან აგლაძე, FESC, FHFA
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო განათლების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
წელს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი, რომელიც კარდიოლოგიური სფეროს წამყვან მოვლენას წარმოადგენს ქ. მადრიდში გაიმართა და ის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების დაარსების საიუბილეო 75 წელს მიეძღვნა.
ESC – ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება არა-სამთავრობო, პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის მოღვაწეობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის და ავადობის შემცირება მთელს მსოფლიოში. მასში 58 ნაციონალური, 49 აფილირებული კარდიოლოგიური საზოგადოება და ასი ათასზე მეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია გაერთიანებული.
პროფესიული განათლება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების აქტივობის ძირითადი პრიორიტეტი, რასაც ის ეფექტურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტრუმენტის თუ რესურსის, მათ შორის საერთაშორისო კონგრესების, ვებინარების, დისტანციური სწავლების, მენტორობის ინსტიტუტის და ა.შ გამოყენებით.
ბოლო წლებში მეტად აქტიური გახდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და ქართველ კარდიოლოგთა მონაწილეობა ევროპის კარდიოლოგთა კონგრესზე. რამდენიმე ქართველ კარდიოლოგს მიენიჭა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის (FESC) სტატუსი. ბოლო სამი წლის მაძილზე და მათ შორის წლევანდელ კონგრესზეც არა ერთ კარდიოლოგს გვქონდა პატივი და შესაძლებლობა მომხსენებლის თუ სესიათა თავმჯდომარის სტატუსში წარდგენის. პროფესიული განათლების სრულყოფის თვალსაზრისით ასევე უდაოდ მნიშვნელოვანია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტში ჩვენი კარდიოლოგიური საზოგადოების მეტი ჩართულობა და ქვეყნისთვის ეფექტური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
წელს კონგრესის ფარგლებში ESC-ის განათლების კომიტეტის ინიციატივით შედგა შეხვედრა ნაციონალური კარდიოლოგიური საზოგადოებების მონაწილეობით, რომელშიც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების სამუშაო ჯგუფის სახელით ვმონაწილეობდით. პოსტდიპლომური განათლების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სრულყოფა და სტანდარტიზაცია ESC-ის ქვეყნებში, წარმოადგენს განათლების კუთხით მიმდინარე გამოწვევას. დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიმართულია რეზიდენტების მომზადების სრულყოფისკენ და მათი თეორიული თუ პრაქტიკული მომზადების უკეთესი შეფასებისკენ, სხვადასხვა ქვეყნის მოდელის გაცნობა და მჭიდრო კოლაბორაცია ხელს შეუწყობს ამ მიზნების განხორციელებას. რაშიც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ახალგაზრდა კარდიოლოგებისთვის ტრეინინგ თუ კვლევითი გრანტების მოპოვებაში ხელშეწყობა და მასპინძელი ცენტრების მოძიება – ასევე წარმოადგენდა შეხვედრის დისკუსიის საგანს და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვისაც.
უკვე 3 წელია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო ინიციატივით საქართველოშიც შესაძლებელი გახდა ბაზისური ევროპული კარდიოლოგიის გამოცდის (EECC-European Exam in Core Cardiology) ჩაბარება. კონგრესის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე EECC-ის ბორდის შეხვედრაში, გვაქვს აქტიური მხარდაჭერა გარკვეული საგანმანათებლო პროექტების თვალსაზრისით, რომელთა განხორციელებასაც ჯანდაცვის და განათლების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით ვაპირებთ.
უწყვეტი სამედიცინო განათლების ჭრილში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება სხვა პროფესიულ ასოციაციებთან – საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაცია, ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაცია და გულის რიტმის ასოციაცასთან ერთად გეგმავს კონგრესზე წარმოდგენილი ახალი გაიდლაინების, კლინიკური კვლევების შედეგების და პროფესიული რეკომენდაციების კარდიოლოგთა ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ მიზნით შეხვედრების თუ სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას.

