„საგიჟეთში მოხვდა“, დანანებით ამბობდნენ ხოლმე ჩემს ბავშვობაში ამ ფრაზას და თითქოს ყველა ვთანხმდებოდით, რომ ადამიანს ამაზე უარესი თითქმის არაფერი შეიძლებოდა დამართნოდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ოთხმოცდაათიან წლებში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრა ხშირად უფრო მძიმე განაჩენად აღიქმებოდა, ვიდრე ციხეში აღმოჩენა. ეს დამოკიდებულება შემთხვევით არ გაჩენილა. ფსიქიატრია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, წლების განმავლობაში შიშის, იზოლაციისა და ძალადობის სივრცედ იყო წარმოჩენილი ლიტერატურასა თუ ფილმებში. ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი და ალბათ არც არის გასაკვირი, რომ დღესაც ბევრი ოჯახი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ახლობლის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებას, მაშინაც კი, როცა ადამიანი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვებს. როცა სისტემა საზოგადოებაში შიშთან ასოცირდება და არა დახმარებასთან, ადამიანები დახმარების ძებნას ბოლო წუთამდე აჭიანურებენ. ხშირად სწორედ ეს დაგვიანება ამძიმებს მდგომარეობას და ზოგჯერ ტრაგიკულ შედეგამდეც მივყავართ.
მახსოვს, უნივერსიტეტის წლებში, როცა პირველად მომიწია ფსიქიატრიულ განყოფილებაში შესვლა, თავადაც მეშინოდა. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა იქ, რამდენად უსაფრთხო გარემო იქნებოდა პაციენტებისთვის ან ჩემთვის. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ რეალობამ ყველა სტერეოტიპი დამიმსხვრია. კი, ფსიქიატრიული კლინიკა ისეთი საშიში აღარ მომეჩვენა, როგორც მანამდე წარმომედგინა, მაგრამ რომ მჭირდებოდეს, ოჯახის წევრის იქ მოთავსების გადაწყვეტილებაზე ალბათ მაინც ძალიან დიდხანს ვიფიქრებდი.
რამდენიმე წლის შემდეგ იელის საუნივერსიტეტო კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მომეცა და იქ სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა. კეთილმოწყობის კუთხით, ფსიქიატრიული განყოფილება არაფრით ჩამოუვარდებოდა კლინიკის სხვა განყოფილებებს, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების გარდა. პაციენტებს ჰქონდათ ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, არტ-თერაპია, მხარდამჭერი აქტივობები და სივრცე დასვენებისა თუ სოციალიზაციისთვის. იქ არ იგრძნობოდა, რომ ადამიანი “საფრთხეს” წარმოადგენდა და ამიტომ იზოლაციაში უნდა ყოფილიყო. პირიქით, ყველაფერი იმაზე იყო მორგებული, რომ პაციენტს თავი უსაფრთხოდ და ღირსეულად ეგრძნო.
ადამიანს, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, ისედაც უჭირს სტრესთან გამკლავება, რეალობის ადეკვატურად აღქმა და საკუთარი ემოციების მართვა. შეიძლება ჰქონდეს ძლიერი შიში, უნდობლობა, პარანოია ან აგრესია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდი და სტაბილური გარემოა, სადაც პაციენტი შეძლებს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ნელ-ნელა ნდობა ჩამოუყალიბდეს მკურნალი პერსონალის მიმართ. როდესაც გარემო ამის საპირისპიროა, მდგომარეობა ხშირად კიდევ უფრო მძიმდება და გამოსავლად ძირითადად სედაციური მედიკამენტები რჩება. რამდენიმე დღეში, ძლიერი ფსიქოაქტიური მედიკამენტებით შედარებით დამშვიდებულ პაციენტს სახლში უშვებენ, მაგრამ თუ მის ცხოვრებაში და მკურნალობის სისტემაში არაფერი შეიცვალა, კრიზისი ძალიან მალე ბრუნდება და ოჯახი დადის ამ მანკიერ წრეზე.
საზოგადოებაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ, სადაც არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარიის ნორმები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მძიმე პირობებში და სადაც ფიქსირდება პერსონალის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც. ამ ფონზე არსებობს კერძო კლინიკებიც, თუმცა ისინი, როგორც წესი, ძალიან ძვირია და ხშირად მხოლოდ ნებაყოფლობით პაციენტებს იღებენ. მძიმე ფსიქიკური აშლილობების დროს კი ადამიანი ხშირად თავად ვერ აცნობიერებს მკურნალობის საჭიროებას და ჰოსპიტალიზაცია ოჯახის, ექიმის ან სასამართლოს ჩარევით ხდება აუცილებელი (სახელმწიფო კლინიკებში).
თუმცა, სისტემის პრობლემები მხოლოდ პაციენტებს არ აზარალებს და მნიშვნელოვანია კარგად შეფასდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის გამოწვევებიც. როგორც ჩემმა მეგობარმა ფსიქიატრმა ამიხსნა, პაციენტებთან სიუხეშის მიზეზი თითქმის არასდროს არ არის კადრის ბოროტი განწყობა.
მისი თქმით, არსებულ მდგომარეობას რამდენიმე სისტემური ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტია. ზოგიერთ განყოფილებაში 80-მდე პაციენტი მხოლოდ ერთ ან ორ ექთანს აბარია. ერთ ადამიანს ერთდროულად უწევს აგრესიის გამკლავება, პაციენტების კვება, ჰიგიენაზე ზრუნვა, ემოციური მხარდაჭერა და სხვა მრავალი მოვალეობის შესრულება, რასაც წესით რამდენიმე სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტი უნდა აკეთებდეს.
ამას ემატება დაბალი ანაზღაურება, რის გამოც კადრები მუშაობენ რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში, რაც სამწუხაროდ მათ გადაღლასა და გაუხეშებას უწყობს ხელს. ასევე, კლინიკებში ძირითადად არ არსებობს დეესკალაციის და აგრესიული პაციენტის მართვის პროტოკოლები და შესაბამისი ტრენინგები, რის გამოც ვერ ხდება კრიზისული სიტუაციების უსაფრთხო და ჰუმანური მართვა. ყოფილა შემთხვევები როცა დაზარალებულან თანამშრომლებიც, თუმცა მიღებული ტრავმისთვის არც შესაბამისი მხარდაჭერა და არც კომპენსაცია არ მიუღიათ.
როდესაც ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც ხანგრძლივი ფსიქიატრიული დახმარება სჭირდებათ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და ჰუმანური ფსიქიატრიული მომსახურება. თუმცა ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ პაციენტებზე არ ვრცელდება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფსიქიატრიულ სფეროში მომუშავე სპეციალისტების კომპენტენციასა და უსაფრთხოებაზეც. სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის პერსონალი, ღირსეული ანაზღაურება, ხარისხიანი გადამზადება და თანამედროვე სამუშაო პროტოკოლები. ფსიქიატრიული სისტემა ვერ იქნება ჰუმანური და ეფექტიანი, თუ მასში მომუშავე სპეციალისტები გადატვირთულები, დაუცველები და მოუმზადებლები არიან. საბოლოოდ, ამ სფეროში მეტი რესურსის ჩადება აუცილებელია როგორც პაციენტების, ისე იმ ადამიანების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ და პასუხისმგებლობით სავსე საქმეს ასრულებენ. ჰუმანური და უსაფრთხო გარემო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის ფუფუნება. ეს არის აუცილებელი პირობა როგორც პაციენტების, ისე მათთან მომუშავე სპეციალისტების კეთილდღეობისთვის და საბოლოოდ, მთელი საზოგადოების ინტერესებისთვის.
ავტორი: ანა მახარაშვილი – მედიცინის დოქტორი, კლინიკური ფსიქოთერაპევტი

