ერთი შეხედვით, ფეხზე სიარულისას ბალანსის შენარჩუნება მარტივი ჩანს, სანამ პრობლემად არ იქცევა. ინსულტის გადატანის, პარკინსონის დაავადების ან უბრალოდ ასაკის გამო, სიარულის გაძნელება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გადაადგილების შეზღუდვისა. ამ პრობლემების მქონე პირებს ესაჭიროებათ ზუსტი და უწყვეტი მონიტორინგი, რომელიც შეაფასებს მათ მდგომარეობას
თუმცა, Georgia Tech-ის მკვლევრებმა, შესაძლოა, ახალი გამოსავალი იპოვეს. მათ შექმნეს ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერ ფეხსაცმელში თავსდება და ფეხის წნევას აკვირდება — ეს კი ბალანსის მთავარი ინდიკატორია.
აღნიშნული მოწყობილობა, რომელიც 170-ზე მეტი თხელი და მოქნილი სენსორისგან შედგება, აგროვებს ფეხის წნევის დეტალურ მონაცემებს, რაც პოტენციურად შესაძლებელს გახდის წაქცევის რისკის წინასწარ განსაზღვრას.
Georgia Tech-ის მოწყობილობა, სხვა მსგავსი ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს ხელმისაწვდომობასა და მასობრივ წარმოებაზე. პროფესორ უ. ჰონგ იოს ხელმძღვანელობით, მკვლევრებმა სენსორების შესაქმნელად ეკრანული ბეჭდვის მეთოდი გამოიყენეს — ეს არის დაბალფასიანი წარმოების პროცესი, რომელიც ინდუსტრიაში სტანდარტულად გამოიყენება.
მოწყობილობა საკმარისად თხელია კომფორტის შესანარჩუნებლად და აღჭურვილია Bluetooth-ით მონაცემთა უსადენო გადაცემისთვის. მაღალტექნოლოგიური ღაბაში უკავშირდება სმარტფონს და შეუძლია ჯანმრთელობის მონიტორინგის აპლიკაციებთან ინტეგრირება. მოწყობილობის დიზაინი მხარს უჭერს კლინიკურ და სამომხმარებლო გამოყენებას, მათ შორის ინსულტისა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების სიარულის ზუსტ შეფასებას და სპორტსმენთა მოძრაობის ანალიზს.
აღნიშნული ტექნოლოგია ქმნის საფუძველს მანქანური სწავლების (Machine Learning) ალგორითმების შესამუშავებლად, რომლებსაც წაქცევის რისკის წინასწარ განსაზღვრა შეეძლებათ. ამასთან, მოწყობილობის მსუბუქი წონა და დაბალი ღირებულება (100 აშშ დოლარზე ნაკლები) უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ფართო მასებისთვის.
უსადენო, ხელმისაწვდომი დიზაინის და რეალურ დროში უკუკავშირის პოტენციალის წყალობით, Georgia Tech-ის „ჭკვიანი ღაბაში“ რევოლუციას მოახდენს სიარულის დარღვევების მონიტორინგისა და მართვის მეთოდებში, როგორც კლინიკურ გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წყარო: ACSP

