საქართველოსა და რეგიონში ქალის რძის პირველი ბანკი ოფიციალურად გაიხსნა

გააზიარე

ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში რეგიონში დონორი ქალის რძის პირველი ბანკი ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი, რომელზეც მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა, აჭარის რეგიონში დაბადებულ დღენაკლულ და მაღალი რისკის ახალშობილებს საჭიროების შემთხვევაში დონორის პასტერიზებულირძით უზრუნველყოფს. ქართული რძის ბანკი უკვე გახდა ევროპის რძის ბანკების ასოციაციის წევრი.

„დღეს რეგიონში დონორი ქალის რძის პირველი ბანკი ოფიციალურად გაიხსნა. ჩვენ პირველები ვართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. იაშვილის კლინიკის ექიმები — მე და ქალბატონი ეკა კანდელაკი — ამ პროექტზე 2018 წლიდან ვმუშაობთ. მოგვიანებით, როდესაც გადაწყდა, რომ ეს ინიციატივა აჭარის რეგიონისთვის შეგვეთავაზებინა, შემოგვიერთდა ქალბატონი თამარ ბახტაძეც. დღეს კი უკვე შესაძლებელი გახდა აჭარაში დაბადებული დღენაკლული და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ახალშობილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დონორის პასტერიზებული რძის მიწოდება.

სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, დიდია. ევროპის რძის ბანკების ასოციაციის წევრები ვართ და ჩვენი ბანკი უკვე მონიშნულია მათ ოფიციალურ რუკაზე. ასოციაციის ექსპერტებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ისინი არაერთხელ გვესტუმრნენ საქართველოში. სულ ახლახან, ერთი კვირის წინ გავაცილეთ მათი ბორდის წევრი, ქალბატონი ალექსანდრა ვასილევსკა, რომელმაც ჩვენი ბანკი და პროტოკოლები დადებითად შეაფასა. სამომავლოდ ანალოგიური პროექტის განხორციელებას აღმოსავლეთ საქართველოშიც ვგეგმავთ. ქვეყანას ასეთი ბანკი ბევრი არ სჭირდება — მთელი საქართველოს სრულად მოსაცავად მინიმუმ ორი, მაქსიმუმ სამი ცენტრია საჭირო. შესაბამისად, მომავალში ამ პროექტს თბილისში, იაშვილის კლინიკის ტერიტორიაზეც აუცილებლად ავამუშავებთ“, — აღნიშნავს ნინო სოლომონია, პედიატრ-ნეონატოლოგი და თბილისის იაშვილის კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Medscriptum-თან ინტერვიუში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები