საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ შეიძინა ფრანგული წარმოების, ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა (“Vaxigrip Tetra“).
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა გრიპის ვირუსისგან თავდაცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გრიპი ხშირად მსუბუქ დაავადებად განიხილება, ის შეიძლება გახდეს სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიშიც კი, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.
ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპით ჰოსპიტალიზაციის, მძიმე გართულებების (როგორიცაა პნევმონია, მიოკარდიტი, ენცეფალიტი) და სიკვდილის რისკს, რაც უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის დაცვას მთელი სეზონის განმავლობაში.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ეს ჯგუფები მოიცავს მცირეწლოვან ბავშვებს (6 თვიდან), ხანდაზმულებს (65 წელს ზემოთ), ორსულებს, და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები).
აცრა ხელმისაწვდომია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში ექვსი თვის ასაკიდან და სრულად უფასოა ნებისმიერი ბენეფიციარისთვის. ვაქცინა მორგებულია სეზონზე მოსალოდნელ შტამებზე.

