სეს-მა ბაზრიდან Picot-ის ბავშვთა კვების პარტიების ნაწილი ამოიღო: რა საფრთხეს შეიცავდა პროდუქცია?

გააზიარე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფრანგული ბრენდის, Picot-ის, ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები სარეალიზაციო ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფრანგულმა მწარმოებელმა „პიკომ“ დამატებითი კვლევების კვალდაკვალ, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო. პროცესი იანვრის დასაწყისში Nestle-ს პროდუქციაში ანალოგიური საფრთხის გამოვლენასა და ბაზრიდან გამოთხოვას უკავშირდება.

რატომ არის Cereulide განსაკუთრებით საშიში?

ცერეულიდი (Cereulide) ბაქტერია Bacillus cereus-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ტოქსინია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს მისი თერმომდგრადობის გამო წარმოადგენს. ის მაღალ ტემპერატურაზე არ იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვების გადადუღება ან თერმული დამუშავება მას ვერ ანეიტრალებს.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობას, ძლიერ ღებინებასა და მუცლის ტკივილს იწვევს, რაც ჩვილებისა და პატარა ბავშვების შემთხვევაში, სწრაფი გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) მაღალი რისკის გამო, განსაკუთრებით საშიშია.

გარდა ამისა, ტოქსინი კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადია და იშვიათ, მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ფუნქციონირება დააზიანოს, რადგან უჯრედულ დონეზე ენერგიის გამომუშავების პროცესზე პირდაპირ ზემოქმედებს.

რა ეტაპზეა მოკვლევა?

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა მწარმოებლის გადაწყვეტილებისთანავე დაიწყო. ამ ეტაპზე სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლაქტალის ნუტრიშენ სანტეს“ (LNS) მიერ წარმოებული Picot-ის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს ზედამხედველობენ.

სეს-ის ინსპექტირების ჯგუფებმა პროდუქცია როგორც ქსელურ აფთიაქებში, ისე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში გადაამოწმეს. შემოწმებული ობიექტებიდან დასახელებული პარტიები სრულად ამოღებულია და განადგურებას ექვემდებარება. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, აღნიშნული სერიის პროდუქცია იმ შემთხვევაშიც არ გამოიყენონ, თუ ის უკვე შეძენილი აქვთ.

წყარო: BMG

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები