ბიოლოგებმა აღმოაჩინეს უჩვეულო მიკროსკოპული ბუშტუკები (ვესიკულები), რომლებიც ასტროციტებისგან წარმოიქმნება. ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ სტრუქტურებს „ზომბოსომები“ უწოდეს, რადგან მათ უჯრედების მსგავსად დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ ბირთვი (უჯრედის საკონტროლო ცენტრი).
უპსალას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს სუბუჯრედული ერთეულები მხოლოდ პასიური გადამტანები არ არიან. სპეციალურმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ დაადასტურა, რომ ზომბოსომები თავისუფლად მოძრაობენ. მათ მემბრანა და სტრუქტურული ცილა ვიმენტინი აქვთ, რაც რთული მანევრების შესრულებაში ეხმარებათ.
ამასთან, ისინი შეიცავენ ხელუხლებელ მიტოქონდრიებს, ორგანოიდებს, რომლებიც ზომბოსომებს გადაადგილებისთვის საჭირო ქიმიურ ენერგიას აწვდიან.
კვლევამ აჩვენა ზომბოსომების სახიფათო მხარეც. ისინი ატარებენ ალფა-სინუკლეინის გროვებს. ეს არის ტოქსიკური ცილა, რომელიც პარკინსონის დაავადების დროს ლევის სხეულაკებს აყალიბებს. მეცნიერებმა დააფიქსირეს, როგორ გადააქვთ ზომბოსომებს ეს „მავნე ტვირთი“ ასტროციტებიდან ნეირონებზე, რაც ხსნის, თუ როგორ ვრცელდება პათოლოგიური პროცესები ტვინში.
ზოგიერთი ბიოლოგი მიიჩნევს, რომ ზომბოსომები შესაძლოა იყოს უკვე ცნობილი „ბლებიზომების“ (Blebbisomes) ნაირსახეობა ანუ ე.წ მობილური ვესიკულები, რომლებიც სხვა ტიპის უჯრედებიდან გამოიყოფა. თუმცა, მეცნიერთა მეორე ნაწილი ამტიცებს, რომ მათი ასტროციტული წარმოშობა და პათოლოგიური ცილების გადატანის უნიკალური უნარი ზომბოსომებს ცალკეულ, მნიშვნელოვან ფენომენად აქცევს.
მიუხედავად სახელწოდებაზე კამათისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს აღმოჩენა ახალ გზას ხსნის ტვინის დაავადებების მექანიზმების შესასწავლად.
წყარო: science.org

