შიში, რომელიც გვიცავს — რატომ ვხედავთ საფრთხეს იქაც, სადაც ის არ არის

გააზიარე

შიში ერთ-ერთი იმ ემოციათაგანია, რომლისგან გათავისუფლებაც ბევრ ადამიანს ენდომებოდა. ვის არ გვიფიქრია, რამდენად მარტივი იქნებოდა ცხოვრება, რომ არ გვეშინოდეს წარუმატებლობის, უარყოფის, სიმაღლის, სიბნელის, ავადმყოფობის ან უბრალოდ იმის, რაც ჯერ არ მომხდარა.

უბრალოდ, სრულიად უშიშარი ადამიანი შეიძლება არც ისეთი კარგი იდეა იყოს, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

შიში ჩვენი ერთ-ერთი უძველესი დამცავი მექანიზმია. ის შესაძლო საფრთხის აღმოჩენასა და მისთვის მომზადებაში გვეხმარება და ამას ხშირად მანამდე აკეთებს, სანამ ზუსტად გავარკვევთ, საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე.

ღამით სახლში მარტო ხართ და მეორე ოთახიდან მოულოდნელად ხმაური გესმით. ჯერ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მოხდა. შეიძლება ფანჯარა გაიღო, რაღაც ჩამოვარდა ან ხმა საერთოდ მეზობლის ბინიდან მოვიდა. და მაინც, თქვენი სხეული პასუხს არ ელოდება. გული სწრაფად გიცემთ, სუნთქვა გიხშირდებათ, კუნთები გეჭიმებათ და მთელი ყურადღება იმ ადგილისკენ გაქვთ მიმართული, საიდანაც ხმა გაიგეთ.

რამდენიმე წამის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ქარმა რაღაც გადააგდო და საფრთხე საერთოდ არ არსებობდა. ორგანიზმი კი უკვე მოემზადა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ემოქმედა.

სწორედ აქ იწყება შიშის ყველაზე საინტერესო ნაწილი: რატომ გვირჩევნია ზოგჯერ შეგვეშინდეს იმის, რაც არ არსებობს?

სრულიად უშიშარი ცხოველი

ადამიანებს უცნაური დამოკიდებულება გვაქვს შიშთან. სიმამაცეს ვაფასებთ, უშიშრობას კომპლიმენტად ვიყენებთ, შეშინებულ ადამიანს კი ზოგჯერ სუსტსაც ვუწოდებთ. ევოლუციური თვალსაზრისით სრულიად უშიშარი ცხოველი განსაკუთრებით წარმატებული არსება ნაკლებად იქნებოდა.

ცხოველი, რომელიც მტაცებლის მოახლოებაზე არ რეაგირებს, უცნობ ხმას ყურადღებას არ აქცევს და აშკარა საფრთხესაც მშვიდად ხვდება, შეიძლება ძალიან მამაცი ჩანდეს. უბრალოდ, მისი სიცოცხლე სავარაუდოდ არც ისე ხანგრძლივი იქნება.

საფრთხეზე თავდაცვითი რეაქციები ცხოველთა სამყაროში ძალიან ფართოდაა გავრცელებული. საფრთხეს გაურბიან ისეთი ცხოველებიც, რომლებიც ჩვენთვის ძალისა და სიმამაცის სიმბოლოებად იქცნენ. ლომიც შეიძლება გაერიდოს საფრთხეს, დათვიც თავს არიდებს სიტუაციას, რომელსაც საშიშად აღიქვამს. არწივიც კი, რომელიც ადამიანისთვის სიმამაცის სიმბოლო გახდა, შეიძლება ადამიანის მიახლოებამ დააფრთხოს.

ბუნებაში შიში ნაკლი არ არის, ხშირად ის გადარჩენის პირობაა.

რა ხდება, როცა გვეშინია?

შიშის ახსნისას ხშირად ერთ პატარა უბანს ახსენებენ და ეს ამიგდალაა. ზოგჯერ ამბავს ისე ჰყვებიან, თითქოს ჩვენს ტვინში შიშის პატარა ღილაკი არსებობდეს: ამიგდალა ჩაირთო და შეგვეშინდა…

რეალობა უფრო რთულია. საფრთხის აღმოჩენასა და მასზე რეაგირებაში ტვინის ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სისტემა მონაწილეობს. ამიგდალას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესაძლო საფრთხის მნიშვნელობის შეფასებასა და თავდაცვითი რეაქციების ორგანიზებაში, თუმცა შიში ერთი კონკრეტული “შიშის ცენტრის” პროდუქტი არ არის.

ამ პროცესში მონაწილეობს ჰიპოთალამუსიც, რომელიც სხეულის თავდაცვითი რეაქციების მართვაში ერთვება. სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებისას თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში ადრენალინს გამოყოფს: გულისცემა ხშირდება, სუნთქვა იცვლება, კუნთები იძაბება და ორგანიზმი სწრაფი მოქმედებისთვის ემზადება.

თან შიშზე პასუხი ყოველთვის გაქცევა არ არის. საფრთხის დროს შეიძლება გავიქცეთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ან რამდენიმე წამით საერთოდ გავიყინოთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოძრაობა მცირდება, ყურადღება კი შესაძლო საფრთხისკენ ძლიერად მიემართება.

მნიშვნელოვანია კონტექსტიც. აქ საქმეში მეხსიერებასთან და გარემოს შეფასებასთან დაკავშირებული სისტემებიც ერთვება, მათ შორის ჰიპოკამპი. ღამით ცარიელ სახლში იატაკის ჭრიალი შეიძლება სრულიად სხვაგვარად აღვიქვათ, ვიდრე ზუსტად იგივე ხმა შუადღისას, როცა ვიცით, რომ სახლში სხვა ადამიანებიც არიან. ტვინი მხოლოდ ხმას არ აფასებს, ის ცდილობს განსაზღვროს, რას ნიშნავს ეს ხმა კონკრეტულ გარემოში.

რატომ გვაშინებს ის, რაც არ არსებობს?

ბნელ ოთახში სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი წამით ადამიანად მოგჩვენებიათ? მოულოდნელ ხმაზე შემხტარხართ და მხოლოდ შემდეგ გაგირკვევიათ, რომ არაფერი ხდება?

ჩვენი განგაშის სისტემა უშეცდომო არ არის. ზოგჯერ საფრთხეს იქაც ვხედავთ, სადაც ის საერთოდ არ არსებობს. ერთი შეხედვით, ეს ცუდად მოწყობილ სისტემას ჰგავს. რატომ უნდა ჰქონდეს ორგანიზმს განგაში, რომელიც ცრუ სიგნალებს გვიგზავნის?

აქ ჩვენი შორეული წინაპარი გამოგვადგება: ბუჩქებიდან გაურკვეველი ხმა ესმის. თუ იფიქრებს, რომ იქ მტაცებელია და გაიქცევა, სინამდვილეში კი მხოლოდ ქარი აღმოჩნდება, ბევრი არაფერი დაუკარგავს. ცოტა ენერგია დახარჯა და რამდენიმე წამი დაკარგა.

ახლა საპირისპირო შეცდომა განვიხილოთ. ის გადაწყვეტს, რომ ხმა უბრალოდ ქარია, ბუჩქებში კი მართლაც მტაცებელი იმალება. ამჯერად შეცდომის ფასი გაცილებით მაღალია.

ორივე შემთხვევაში მან გარემო არასწორად შეაფასა, მაგრამ ეს ორი შეცდომა თანაბარი არ არის. ამიტომ სისტემა, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად გვაფრთხილებს, ევოლუციური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს.

ცრუ განგაში უსიამოვნოა; გამოტოვებული რეალური საფრთხე ზოგჯერ სასიკვდილოა.

ძველი სისტემა ახალ სამყაროში

საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როდესაც ამ უძველეს სისტემას თანამედროვე სამყაროში გადმოვიტანთ.

დღეს ჩვენთვის საფრთხე ყოველთვის მტაცებელი ან ფიზიკური თავდასხმა არ არის. შეიძლება იგივე ფიზიოლოგიური რეაქცია საჯაროდ გამოსვლამ, სამსახურის გასაუბრებამ, მნიშვნელოვანი შეტყობინების გახსნამ ან ადამიანის პასუხის მოლოდინმა გამოიწვიოს.

შეიძლება სცენაზე იდგეთ, თქვენ წინ ადამიანები მშვიდად ისხდნენ და რეალური ფიზიკური საფრთხე საერთოდ არ არსებობდეს. თქვენს სხეულს კი გული სწრაფად უცემდეს, ხელები გიოფლიანდებოდეთ და იქიდან გაქცევა გინდოდეთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტვინმა აუდიტორია მტაცებლების ჯგუფად აღიქვა. ადამიანისთვის სოციალური გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია. შეფასება, უარყოფა, კონფლიქტი და გაურკვევლობაც შეიძლება საფრთხის მნიშვნელოვან სიგნალებად იქცეს.

ამ დროს შიში მხოლოდ სხეულს არ ცვლის. ის გავლენას ახდენს ყურადღებაზეც. შესაძლო საფრთხეს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სხვა ინფორმაცია დროებით უკანა მხარეს გადადის. რეალური საფრთხის დროს ეს ძალიან სასარგებლოა. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც განგაშის სისტემა საფრთხეს იქ ხედავს, სადაც ის რეალურად არ არის.

შიში თითქოს გვეუბნება: “ფრთხილად. აქ შეიძლება რაღაც ცუდი იყოს.”

ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა აქ “შეიძლებაა”…

და მაინც, რისთვის გვჭირდება შიში?

შიშის შეგრძნება თავისთავად არ ადასტურებს, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს. ის გვეუბნება, რომ ჩვენმა ტვინმა და სხეულმა რაღაც შესაძლო საფრთხედ შეაფასა. ეს ორი რამ ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

ამიტომ, შიშის სრულად მოშორება ნაკლებად გვჭირდება. უფრო მნიშვნელოვანი მისი სწორად გაგებაა: როდის გვაფრთხილებს ის რეალურ საფრთხეზე და როდის გვესმის მხოლოდ ძალიან ძველი განგაშის სისტემის ხმა.

ამ სისტემის ამოცანა სამყაროს უშეცდომოდ აღწერა არ არის, მისი მთავარი ამოცანა ჩვენი დაცვაა!

ამიტომაც აქვს მას ერთი საკმაოდ მარტივი ლოგიკა: ზოგჯერ ჯობია შეგეშინდეს და შეცდე, ვიდრე ერთხელ არ შეგეშინდეს და სწორედ მაშინ შეცდე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები